„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ა. ბენაშვილის სახელობის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის კოლეჯის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.270
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №171
2005 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ა. ბენაშვილის სახელობის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის კოლეჯის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 3 ოქტომბრის №206 ბრძანების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ა. ბენაშვილის სახელობის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის კოლეჯის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 სექტემბრის №470 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ა. ბენაშვილის სახელობის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის კოლეჯის დებულება.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ა. ბენაშვილის სახელობის თბილისის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის კოლეჯის დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ა. ბენაშვილის სახელობის თბილისის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის კოლეჯი (შემდგომში – კოლეჯი) არის კანონით განსაზღვრული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გამგებლობაში არსებული სახელმწიფო-სასწავლო დაწესებულება, სადაც სპეციალობის მიღების უფლება აქვთ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს განურჩევლად ეროვნებისა, სქესისა, ქონებრივი, სოციალური მდგომარეობისა და სარწმუნოებისა.
2. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა, ბლანკი და ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
3. კოლეჯი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობით, მინისტრის ბრძანებებითა და განკარგულებებით და ამ დებულებით.
4. კოლეჯის მისამართია: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №25.
მუხლი 2. კოლეჯის საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. კოლეჯი გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგისათვის, აგრეთვე საკადასტრო და სხვადასხვა საინჟინრო-გეოდეზიურ სამუშაოთა შემსრულებელი ორგანიზაციებისათვის საშუალო პროფესიული განათლების ფარგლებში ამზადებს კვალიფიციურ კადრებს შემდეგ სპეციალობებში:
ა) აეროფოტოგეოდეზია;
ბ) საინჟინრო გეოდეზია;
გ) კარტოგრაფია;
დ) მიწის კადასტრი.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტოპოგრაფიული სამსახურისათვის ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მომზადება.
3. სწავლებისა და სპეციალისტთა პროფესიონალური მომზადების ხარისხის სისტემატური ამაღლება.
4. სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება მეცნიერების თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების ათვისება.
5. კოლეჯში ყოველწლიური მისაღები კონტინგენტის რაოდენობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3. კოლეჯის უფლებამოსილებანი
1. კოლეჯი ამზადებს წინადადებებს სასწავლო-აღმზრდელობითი და მეთოდური სამუშაოების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით და შეაქვს განსახილველად ზემდგომ ორგანოებში.
2. კოლეჯი დადგენილი წესის ფარგლებში ატარებს სასწავლო-მეთოდური ხასიათის სხვადასხვა ექსპერიმენტებს.
3. კოლეჯი შეიმუშავებს და ამზადებს გამოსაცემად სპეციალურ საგნებში სახელმძღვანელოებს, ლექციების კურსს და სასწავლო მეთოდურ მითითებებს.
4. სასწავლო მეთოდური და აღმზრდელობითი სამუშაოების გამოცდილების გაზიარების მიზნით, კოლეჯი ამყარებს კავშირებს სხვა შესაბამისი ტიპის სასწავლებლებთან ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ.
5. დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, უფლებამოსილია მიიღოს კოლეჯის მიერ შესრულებული სახელშეკრულებო სამუშაოებისათვის ფულადი ანაზღაურება.
6. ახდენს კოლეჯში მისაღები კონტინგენტის დაკომპლექტებას იმ პირებისაგან, რომელთაც მიღებული აქვთ, საბაზო და საშუალო ზოგადი განათლება.
7. კოლეჯის მასწავლებლების, თანამშრომლებისა და სტუდენტების უფლებამოვალეობა განისაზღვრება კოლეჯის შინაგანაწესით, რომელსაც შეიმუშავებს კოლეჯის ადმინისტრაცია და ამტკიცებს კოლეჯის დირექტორი.
8. კოლეჯში სწავლა წარმოებს ქართულ და რუსულ ენებზე.
9. კოლეჯი სასწავლო პროცესს წარმართავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდირებული პროგრამების შესაბამისად.
10. თავისი მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად კოლეჯი ადგენს სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს, აგრეთვე სასწავლო ლიტერატურას და გამოსცემს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.
11. კოლეჯში სასწავლებლად მიიღებიან საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
12. კოლეჯი საკუთარი სახელით დებს ხელშეკრულებებს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. არის მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში. აღნიშნულ ფუნქციებს იგი ახორციელებს მისი კომპენტენციის ფარგლებში.
13. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, კანონით დადგენილი წესით წარმართავს სამუშაოებს კადრების მომზადებისა და გადამზადებისათვის.
14. ხელშეკრულების საფუძველზე მოსახლეობას უწევს სხვადასხვა სახის მომსახურებას.
15. ადგენს წლიურ საბიუჯეტო ხარჯთაღრიცხვის პროექტებს და ათანხმებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან.
16. ხსნის ფასიან მოსამზადებელ კურსებს და სასწავლო ჯგუფებს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
17. სტუდენტებს, რომლებმაც გაიარეს კოლეჯის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული თეორიული და პრაქტიკული სწავლების სრული კურსი, მიეცემათ კოლეჯის დამთავრების დიპლომი.
18. კოლეჯში ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქენი სწავლისას სარგებლობენ იმავე უფლებებითა და მოვალეობებით, როგორითაც საქართველოს მოქალაქენი.
მუხლი 4. კოლეჯის მმართველობა
1. კოლეჯი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.
2. კოლეჯს მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დირექტორი არის კოლეჯის უმაღლესი თანამდებობის პირი, იგი ხელმძღვანელობს კოლეჯის მთელ საქმიანობას და წარმოადგენს მას სხვა პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში. კოლეჯის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს კოლეჯის საქმიანობის სწორად წარმართვისათვის.
4. კოლეჯის დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი – სამინისტროსთან შეთანხმებით.
5. კოლეჯის დირექტორი უფლებამოსილია:
ა) წარმოადგინოს კოლეჯი სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, გამოვიდეს მისი სახელით სასამართლოში, აგრეთვე იმოქმედოს კოლეჯის სახელით და დაიცვას მისი ინტერესები იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;
ბ) აწარმოოს როგორც საბიუჯეტო, ასევე არასაბიუჯეტო ფულადი სახსრების ხარჯვა დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში;
გ) განკარგოს კოლეჯის ბალანსზე არსებული ქონება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად;
დ) დაამტკიცოს კოლეჯისა და კოლეჯში შემავალი სტრუქტურების სამუშაო გეგმები და მათი შესრულების ანგარიშები;
ე) სამსახურში მიიღოს და სამსახურიდან გაათავისუფლოს მასწავლებლები, მეთოდისტები და სხვა თანამშრომლები კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ვ) წაახალისოს კოლეჯის კეთილსინდისიერი პედაგოგები, თანამშრომლები და მოწინავე სტუდენტები, ხოლო გამორჩეული პირები სამინისტროსთან შეთანხმებით წარადგინოს სახელმწიფო ჯილდოზე;
ზ) დანიშნოს კოლეჯის მასწავლებელთა რიგებიდან საგნობრივი (ციკლობრივი) კომისიების ხელმძღვანელები, კაბინეტებისა და ლაბორატორიების გამგეები და სასწავლო ჯგუფების კურატორები;
თ) თანამშრომლებისა და სტუდენტების მიერ კოლეჯის შინაგანაწესის დარღვევისათვის გაატაროს ადმინისტრაციული ზომები;
ი) გამოსცეს ინდივიდუალური აქტები, რომელთა შესრულება სავალდებულოა თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის;
კ) დაამტკიცოს კოლეჯის საშტატო ნუსხა და შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები დაწესებული რაოდენობისა და შრომის ანაზღაურების წლიური ფონდის ფარგლებში, სამინისტროსთან შეთანხმებით;
ლ) გასცეს დანამატები ხელფასზე იმ თანამშრომლებზე, რომლებიც წარმატებებს აღწევენ თავიანთ საქმიანობაში;
მ) ხელფასის ფონდის ფარგლებში, თანამშრომელთა დროებით არყოფნის დროს, პროფესიის შეთავსებისას, განუსაზღვროს თანამშრომლებს ხელფასზე დანამატის ოდენობა კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 5. პედაგოგიური საბჭო
1. პედაგოგიური საბჭო წარმოადგენს არჩევით ორგანოს.
2. კოლეჯის პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს დირექტორი.
3. პედაგოგიური საბჭოს წევრია პედაგოგთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1/5 და არა უმეტეს 1/3.
4. სათათბირო ხმით პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში მონაწილეობს ყველა პედაგოგი.
5. პედაგოგიური საბჭო წარმართავს საგანმანათლებლო პროცესს, სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ მუშაობას.
6. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადაგების გრაფიკს.
7. პედაგოგიური საბჭო განიხილავს კოლეჯში არსებულ მდგომარეობას და აფასებს მას.
8. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობა აირჩევა ყოველწლიურად სასწავლო წლის დასაწყისში.
9. საბჭო ასრულებს ამ წესდებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
10. პედაგოგიური საბჭო მოიწვევა თვეში ერთხელ.
მუხლი 6. სამეურვეო საბჭო
1. კოლეჯში მატერიალური და ფინანსური სახსრების მოზიდვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით, იქმნება სამეურვეო საბჭო.
2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, მათ შორის, კოლეჯის პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდგენილი 1 წევრი, მშობელი, სოციალური პარტნიორი დამსაქმებელი ან საზოგადოების სხვა თვალსაჩინო წარმომადგენელი.
3. სამეურვეო საბჭო აირჩევა სამი წლის ვადით.
4. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე.
5. სამეურვეო საბჭოს ერთ წევრს ღია კენჭისყრით ირჩევს პედაგოგიური საბჭო. დანარჩენი 4 წევრი აირჩევა მშობელთა საერთო კრებაზე, ღია კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს დასახელების რიგითობით ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც სხვებზე მეტ ხმებს დააგროვებს.
6. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი წევრის არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრებაზე, უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა.
მუხლი 7. კოლეჯის სახსრები და ქონება
1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად კოლეჯს სახელმწიფოს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით.
2. კოლეჯი მისთვის გადაცემულ ქონებას განკარგავს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8. კოლეჯის ფინანსური და სამეურნეო საქმიანობა
1. კოლეჯის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) ფასიანი ჯგუფების მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლები.
2. კოლეჯის ქონების ფორმირების მიზნით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს გრძელვადიანი კრედიტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და ფინანსთა სამინისტროების თანხმობით.
3. თავისი ძირითადი საქმიანობის განვითარებისა და მხარდაჭერის მიზნებისათვის კოლეჯს უფლება აქვს გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სამეურნეო მუშაობის ყველა ფორმა, მათ შორის, მოიზიდოს და განკარგოს არასაბიუჯეტო ფინანსები და მატერიალური რესურსები, დადგენილი წესით იჯარით გასცეს მფლობელობისა და სარგებლობის უფლებით მისთვის გადაცემული ის ქონება, რომელიც აღემატება საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ნორმატივებს.
4. სამეურნეო, კომერციული და სხვა საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები ხმარდება კოლეჯის სასწავლო-აღმზრდელობითი საქმიანობის დაფინანსებას, კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, თანამშრომელთა და სტუდენტთა მატერიალურ წახალისებას.
5. კოლეჯი კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოებს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშსწორებას.
6. კოლეჯი თავის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის წლიურ ბალანსს წარუდგენს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
მუხლი 9. კოლეჯის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. კოლეჯის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს კოლეჯის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს ამზადებს დირექტორი პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით და წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დასამტკიცებლად.
მუხლი 11. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.