„თბილისის ტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.302
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №192
2005 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
„თბილისის ტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის ოქტომბრის №206 ბრძანებით, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” მე-5 მუხლისა და საქართველოს კანონის ,,განათლების შესახებ” 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. თბილისის ტექნიკური კოლეჯი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს თბილისის ტექნიკური კოლეჯის წესდება.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია-საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის2006 წლის 7 ივნისი ს ბრძანება №595-სსმIII,№80.14.06.2006წ.,მუხ.1038
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ტექნიკური კოლეჯის წესდება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ტექნიკური კოლეჯი „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამას.
2. კოლეჯი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საფუძველზე.
3. კოლეჯი დამოუკიდებელია რელიგიურ და პოლიტიკურ გაერთიანებათაგან.
4. კოლეჯს გააჩნია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ატრიბუტიკა – საკუთარი წესდება, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.
5. კოლეჯის იურიდიული მისამართია: თბილისი, დ. უზნაძის 70.
მუხლი 2. მიზნები და ამოცანები
1. კოლეჯის მიზანია:
ა) საქართველოს კანონით ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამების შესრულება;
ბ) საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების შესაბამისად მოსახლეობისათვის პროფესიული განათლების პირობების შექმნა პროფესიული განათლება ყველასათვის – პრინციპის საფუძველზე;
გ) მოამზადოს სპეციალისტები საინჟინრო და ეკონომიკური სპეციალობის მიხედვით;
დ) მცირე ბიზნესისა და ინდივიდუალური მეწარმეობის განვითარებისათვის საჭირო ცოდნის გავრცელება, ამ კუთხით რეგიონში სასწავლო-საკონსულტაციო მუშაობის ორგანიზაცია;
ე) იზრუნოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საინჟინრო-ეკონომიკური და ზოგადი განათლების ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისათვის;
ვ) დანერგოს მართვის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ წესდებით დასახული მიზნების მიღწევას.
მუხლი 3. კოლეჯის უფლებამოსილებანი
1. კოლეჯი სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას.
2. მისი უფლებამოსილებანი დადგენილია ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებით.
3. კოლეჯს, საქართველოს კანომდებლობის, სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტების და ამ წესდების შესაბამისად, უფლება აქვს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული საკითხები.
4. კოლეჯს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებათა საფუძველზე, უფლება აქვს:
ა) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) განსაზღვროს საგანმანათლებლო პროგრამები პროფესიების მიხედვით სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე;
გ) მოსამზადებელი პროფესიების შესაბამისად, სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში დამოუკიდებლად დაამყაროს კავშირი სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სოციალურ პარტნიორებთან (მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების საფუძველზე);
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგოს კოლეჯის ქონება და ფინანსური სახსრები;
ე) მოიზიდოს არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერიალური სახსრები;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინოს და განკარგოს ფასიანი ქაღალდები, რომლის შემოსავალი სრულად მოხმარდება კოლეჯის მიზნების განხორციელებას (ამ მიზნით მას უფლება არა აქვს გამოიყენოს საბიუჯეტო სახსრები და თავისი საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის მიღებული საფასური);
ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, კოლეჯს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სხვა დაინტერესებულ დაწესებულებებს, საწარმოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად შეუძლია შექმნას საგანმანათლებლო გაერთიანებები (ასოციაციები, კავშირები) საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით;
თ) საკუთარი საფინანსო სახსრების ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით დაადგინოს კოლეჯის მართვის სტრუქტურა, საშტატო განრიგი და თანამდებობრივი ფუნქციები.
5. კოლეჯი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადის ატესტაციასა და აკრედიტაციას.
6. კოლეჯი უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
მუხლი 4. საგანმანათლებლო პროგრამები
1. ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, კოლეჯი ასრულებს:
ა) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ ზოგადი საშუალო განათლების პროგრამასთან ერთად (სწავლების ვადა 3-დან 4 წლამდე);
ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, ზოგადი საშუალო განათლების პროგრამის გარეშე (სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე);
გ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ (სწავლების ვადა 6 თვიდან 2 წლამდე);
დ) სახელობო მომზადების პროგრამას, დაწყებითი ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე;
ე) დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამებს:
პროფესიული მომზადების პროგრამას (სწავლების ვადით 10 თვემდე);
პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას (სწავლების ვადით 10 თვემდე).
2. საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება საბოლოო ატესტაციით, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა საქართველოს კანონით ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატი:
ა) დაწყებითი პროფესიული განათლება საბაზო ზოგადი განათლების შემდეგ, საშუალო ზოგადი განათლების პროგრამასთან ერთად – ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო განათლების ატესტატი და დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი;
ბ) დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი საბაზო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი;
გ) დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი;
დ) სახელობო მომზადება დაწყებითი ზოგადი განათლების შემდეგ – მოწმობა;
ე) დამატებითი პროფესიული განათლება (პროფესიული მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება) – მოწმობა.
3. კურსდამთავრებული, რომელიც სრულყოფილად ვერ აითვისებს საგანმანათლებლო პროგრამას, მიიღებს ცნობას სწავლის კურსის მოსმენის შესახებ.
მუხლი 5. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზაცია
1. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი მოიცავს:
ა) თეორიულ სწავლებას (ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციალური საგნების სწავლება);
ბ) საწარმოო სწავლებასა და პრაქტიკას;
გ) მოსწავლეებთან აღმზრდელობით მუშაობას.
2. ზოგადსაგანმანათლებლო სწავლების პროგრამა ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების საფუძველზე.
3. სასწავლო პროცესის გრაფიკი და არდადეგების ხანგრძლივობა განისაზღვრება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
4. მოსამზადებელი პროფესიები შეირჩევა შრომის ბაზრის მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო დაკვეთით და ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურებით.
5. ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
6. ცალკეულ საგნებსა და საწარმოო სწავლებაში ჯგუფების გაყოფა ხდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
7. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საწარმოო სწავლებისა და პრაქტიკის პროცესში კოლეჯი ეწევა სასწავლო-საწარმოო საქმიანობას, მოსწავლეთა მონაწილეობით ქმნის პროდუქციას, ეწევა ანაზღაურებად, მათ შორის, ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას.
8. სასწავლო-საწარმოო საქმიანობის პროცესში მოსწავლის მიერ შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება სამუშაოს მოცულობის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული განაკვეთის შესაბამისად.
9. კოლეჯში ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სწავლების შინაარსისა და სწავლების მეთოდიკის სრულყოფის თვალსაზრისით, პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება შეიქმნას საგნობრივი მეთოდური გაერთიანებები.
მუხლი 6. კოლეჯის მართვა
1. კოლეჯის მართვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესდების საფუძველზე.
2. ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების, დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულებისა და ამ წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში კოლეჯს მართავს დირექტორი, რომელიც ამასთანავე არის კოლეჯის წარმომადგენლობაზე უფლებამისილი პირი.
3. დირექტორს დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
4. დირექტორი უფლებამოსილია:
ა) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სამუშაოზე მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით, შეადგინოს კოლეჯის პედაგოგიური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის განრიგი.
5. დირექტორი ვალდებულია:
ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
ბ) პასუხისმგებელია ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულებისათვის;
გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;
დ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას და მიზანშეწონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები;
ე) უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებაზე კონტროლი.
6. დირექტორი ხელმძღვანელობს ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ საბჭოს.
7. დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის, ტიპური დებულებისა და ამ წესდების შესაბამისად განაგებს კოლეჯის ქონებას და საფინანსო სახსრებს;
8. დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე.
9. დირექტორი პასუხისმგებელია კოლეჯის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე.
10. დირექტორის არყოფნის ან მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე სასწავლო-საწარმოო მუშაობაში.
11. ადმინისტრაციის წევრთა უფლება-მოვალეობანი თანამდებობრივი საკვალიფიკაციო დახასიათებების საფუძველზე დგინდება კოლეჯის შინაგანაწესით.
მუხლი 7. პედაგოგიური საბჭო
1. პედაგოგიური საბჭო ,,განათლების შესახებ” და ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად წარმოადგენს არჩევით ორგანოს.
2. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა.
3. პედაგოგიური საბჭოს წევრთა რიცხვი უნდა შეადგენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-სა და არა უმეტეს 1/3-ს. თუკი დაწესებულებების პედაგოგთა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან. პედაგოგიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.
4. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს დირექტორს და დაწესებულების ნებისმიერ პედაგოგს.
5. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით. საერთო კრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ცალკეული კანდიდატის ასარჩევად ჩატარდეს ფარული კენჭისყრაც.
6. კოლეჯის პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს დირექტორი.
7. სათათბირო ხმით პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში მონაწილეობს ყველა პედაგოგი.
8. პედაგოგიური საბჭო წარმართავს საგანმანათლებლო პროცესს, სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ მუშაობას.
9. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს.
10. პედაგოგიური საბჭო განიხილავს კოლეჯში არსებულ მდგომარეობას და აფასებს მას.
11. საბჭო ასრულებს ამ წესდებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
12. პედაგოგიური საბჭო მოიწვევა თვეში ერთხელ.
მუხლი 8. სამეურვეო საბჭო
1. კოლეჯში მატერიალური და ფინანსური სახსრების მოზიდვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით, იქმნება სამეურვეო საბჭო.
2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, მათ შორის, კოლეჯის პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდგენილი 1 წევრი, მშობელი, სოციალური პარტნიორი დამსაქმებელი ან საზოგადოების სხვა თვალსაჩინო წარმომადგენელი.
3. სამეურვეო საბჭო აირჩევა სამი წლის ვადით.
4. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე.
5. სამეურვეო საბჭოს ერთ წევრს ღია კენჭისყრით ირჩევს პედაგოგიური საბჭო. დანარჩენი 4 წევრი აირჩევა მშობელთა საერთო კრებაზე, ღია კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს დასახელების რიგითობით ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც სხვებზე მეტ ხმებს დააგროვებს.
6. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი წევრის არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრებაზე, უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა.
მუხლი 9. მოსწავლეები
1. მოსწავლე არის პირი, რომელიც არჩეული პროფესიისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესასწავლად, განსაზღვრული ასაკის, განათლების დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად ირიცხება კოლეჯში.
2. სახელმწიფო დაკვეთით განსაზღვრული ადგილების დაკავება ხდება კონკურსის წესით, რომლის პირობებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დადგენილი წესის შესაბამისად ადგენს პედაგოგიური საბჭო.
3. კოლეჯში ჩარიცხვისას მოსწავლეს, მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელსა და დირექტორს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აღინიშნება:
ა) უფასო ან ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურების სახე და მისი განხორციელების პირობები;
ბ) განათლების მიღების ფორმა;
გ) საგანმანათლებლო პროგრამა და მისი შესრულების პირობები;
დ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის.
4. მოსწავლეები მიიღებიან:
ა) სახელობო მომზადების პროგრამით – 12 წლის ასაკიდან;
ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამით – 14-15 წლის ასაკიდან.
5. მოსწავლეებს უფლება აქვთ:
ა) აირჩიონ პროფესია და საგანმანათლებლო პროგრამა;
ბ) მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა და პიროვნული ღირსებების პატივისცემა;
გ) თავისუფლად გამოთქვან აზრი.
დ) დაეუფლონ დამატებით, მათ შორის – ფასიან საგანმანათლებლო პროგრამებს;
ე) გადავიდნენ შესაბამისი დონის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ უკანასკნელის თანხმობით, დადგენილი წესის შესაბამისად;
ვ) საწარმოო სწავლებისა და პრაქტიკის პერიოდში ეწეოდნენ ანაზღაურებად სასწავლო-საწარმოო საქმიანობას;
ზ) სწავლის პერიოდში არასასწავლო დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწეოდნენ თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის შესაბამის შრომით საქმიანობას;
თ) სამედიცინო უკუჩვენების გამო, არჩეული პროფესიით სწავლის გაგრძელების შეუძლებლობის შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებულ საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეს უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე მიიღოს სხვა პროფესია;
ი) 18 წლის ასაკამდე პირს ზოგადი განათლების დონის გათვალისწინებით, უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე ერთხელ გაიაროს სახელობო მომზადების კურსი ან მიიღოს დაწყებითი პროფესიული განათლება.
6. მოსწავლეები ვალდებულნი არიან:
ა) აითვისონ საგანმანათლებლო პროგრამა, დაეუფლონ არჩეულ პროფესიას;
ბ) დაიცვან კოლეჯის შინაგანაწესი;
გ) პატივი სცენ თანატოლების, პედაგოგებისა და სხვა თანამშრომელთა უფლებებს;
დ) გაუფრთხილდნენ კოლეჯის ქონებას, მისთვის ზარალის მიყენების შემთხვევაში აანაზღაურონ იგი;
ე) შინაგანაწესის სისტემატური დარღვევებისათვის მოსწავლის მიმართ პედაგოგური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური ზომები, მათ შორის, გარიცხვაც.
მუხლი 10. პედაგოგიური მუშაკები
1. პედაგოგიურ მუშაკებს საკონკურსო შერჩევის საფუძველზე, სამუშაოზე იღებს და ათავისუფლებს დირექტორი.
2. პედაგოგიურ მუშაკებად მიიღებიან შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირები. არაპედაგოგიური განათლების მქონე სპეციალური საგნების მასწავლებლები და საწარმოო სწავლების ოსტატები სამუშაოზე დანიშვნისას აუცილებელი წესით გადიან მომზადებას პედაგოგიური ცოდნის მინიმუმის მისაღებად.
3. პედაგოგიური მუშაკები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გადიან სწავლებასა და ატესტაციას.
4. დირექტორსა და მუშაკს შორის დადებულ ხელშეკრულებაში აღინიშნება:
ა) შესასრულებელი სამუშაო და მისი შესრულების პირობები;
ბ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისათვის;
გ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები;
5. პედაგოგთა ხელფასი დგინდება მათი კატეგორიის შესაბამისად დადგენილი განაკვეთის მიხედვით.
6. კოლეჯის ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქმნას მუშაკს შრომისათვის საჭირო პირობები, დაიცვას მისი უფლებები, ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ამაღლებასა და შემოქმედებით წინსვლაში.
7. არასაბიუჯეტო სახსრების არსებობის შემთხვევაში, კოლეჯის ადმინისტრაციას უფლება აქვს პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით გასცეს ხელფასის დანამატები, საკუთარი სტიპენდიები, პრემიები და ფინანსური დახმარებები მოსწავლეებსა და თანამშრომლებზე.
8. კოლეჯის ყველა მუშაკი ვალდებულია:
ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;
გ) პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ მოვალეობას, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
დ) დაიცვას მოსწავლეთა უფლებები;
ე) აიმაღლოს კვალიფიკაცია, წარმოაჩინოს აქტივობა, ინიციატივა და შემოქმედებითი უნარი სწავლების შინაარსისა და მეთოდების დახვეწის და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით;
ვ) მოსწავლეებთან მუშაობა წარმართოს თანამშრომლობის პრინციპით, მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით.
9. პედაგოგს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა;
ბ) აირჩიოს სწავლებისა და აღზრდის მეთოდები, მეცადინეობის ფორმები, მეთოდები და საშუალებები;
გ) მონაწილეობა მიიღოს კოლეჯის საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში;
დ) ისარგებლოს პედაგოგიური მუშაკთათვის კანონმდებლობით დადგენილი ყველა უფლებითა და შეღავათით.
მუხლი 11. კოლეჯის ქონება
1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად კოლეჯს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
2. კოლეჯი მისთვის გადაცემულ ქონებას ფლობს და სარგებლობს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12. დაფინანსება
1. კოლეჯის საფინანსო სახსრების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) სასწავლო-საწარმოო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
დ) ფასიანი საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები;
ე) შემოწირულობებით, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით და გრანტების სახით მიღებული შემოსავლები;
ვ) ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება;
ზ) სოციალურ პარტნიორთა სახსრები;
თ) დამკვეთის სახსრებით წარმოების მუშახელის პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავლები;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.
2. კოლეჯის სახსრები და შემოსავლები განიკარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. კოლეჯის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 13. სახელმწიფო კონტროლი
1. კოლეჯის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს კოლეჯის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. კოლეჯი ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. დაწესებულების საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და დაწესებულების წესდებას.
6. კოლეჯი ვალდებულია განათლებისა და მეცნიერების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.
მუხლი 14. წესდებაში ცვლილებების შეტანა
კოლეჯის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 15. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
კოლეჯის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 16. გარდამავალი დებულებები
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ტექნიკური კოლეჯი წარმოადგენს თბილისის ტექნიკური კოლეჯის უფლებამონაცვლეს.