საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.04.2005 ძალადაკარგული 07.06.2006
ნომერი
№60
სარეგისტრაციო კოდი
010240070.22.230.007309
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 53, 03/05/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.007.309

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება №60

2005 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართვე­ლოს კანონისა და ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინიტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის   2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების საფუძველ­ზე, ამავე ნორმატიული აქტებით დადგენილი სამარ­თლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გეოდეზიისა და კარტოგ­რაფიის დეპარტამენტის თანდართული დებუ­ლება.

2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარ­მოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებ­რივი რესურ­სების სამინისტროს განმგებლობაში არსებულ აღმას­რულებული ხელისუფლების დაწესე­ბულებას, რომე­ლიც ახორციელებს მმართველობით ფუნქციებს და სახელ­მწიფო ზედამხედველობას ასტრო­ნომიულ-გეოდე­ზიური, გეოდეზიური, ტოპოგრა­ფიული, აეროკოს­მოსური გადაღებითი, კარტოგრა­ფიული, რუკათგამო­ცემითი, აგრეთვე კადასტრული, სამარკშეი­დერო, საინ­ჟინრო-გეოდეზიური ძიებითი სამუშაოების (მხოლოდ ტოპოგრაფიულ-გეოდეზიურ ნაწილში) შეს­რუ­ლებისა და ციფრული, ელექტრონული რუკების, დარგის მონაცემთა ბაზის (შემდგომში – ტოპოგ­რაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოე­ბი) შექმნის პროცესში.

2. დეპარტამენტი არის აღმასრულებელი ხელისუფ­ლების დაწესებულება, რომლის მეშვეობითაც საქარ­თველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას გეოდეზიისა და კარ­ტოგ­რაფიის სფეროში.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვა­ნელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებით. მთავრობის დადგენილებებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

4. დეპარტამენტი დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

5. დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში და სახელმწიფო გერბიანი ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით.

6. დეპარტამენტის საქმიანობის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

7. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბი­­ლისი 380113, კ. გამსახურდიას გამზირი №27.

    მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები

1. დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს განეკუთ­ვნება:

ა) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგში არსებუ­ლი ურთიერთობების სახელმწიფო რეგულირება და სახელმწიფო მართვა;

ბ) საქართველოს ტერიტორიის ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული მონაცემებითა და მასალებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლა;

გ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სიმაღლეთა და კოორდინატთა ერთიანი სისტემის შექმნა;

დ) დარგის განვითარებისათვის საჭირო საკანონ­მდებლო და ნორმატიულ-ტექნიკური აქტების პროექ­ტების შემუშავება;

ე) საქართველოს სახელმწიფო, კონტინენტური შელ­ფის, ტერიტორიული ერთეულების, უცხო ქვეყნების, აგრეთვე დასახლებული პუნქტებისა და სხვა გეოგ­რაფიული ობიექტების საზღვრების, სახელწოდებების და ინფორმაციის სწორი ასახვის უზრუნველყოფა კარტოგრაფიულ პროდუქციაზე;

ვ) ქვეყნის ტერიტორიაზე ტოპოგრაფიულ-გეოდე­ზიურ, კარტოგრაფიულ და აეროგადაღებით საქმია­ნობაზე ნებართვების გასაცემად, ,,სამეწარმეო საქმია­ნობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სამინის­ტროს – გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზი­რების სამსახურისათვის შესაბამისი დასკვნის მომზა­დება;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემსყიდველი და მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ შესრულებული ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და აეროფოტოგადაღებითი სამუშაოების წარმოების ნორმებისა და წესების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება;

თ) სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის დებულების შესაბამისად ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და აეროფოტოგადაღე­ბითი მასალების ცენტრალიზებული აღრიცხვა და გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში შენახვა;

ი) დარგში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

კ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ,,ა. ბენაშ­ვი­ლის სახელობის თბილისის გეოდეზიისა და კარ­ტოგრაფიის კოლეჯს” თავისი კომპეტენციის ფარ­გლებში გაუწიოს ორგანიზაციული და მეთოდოლო­გიური ხელმძღვანელობა. 

2. დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) ეროვნული მეურნეობის დარგების, ქვეყნის თავ­დაცვის, უშიშროების, მეცნიერების, განათლებისა და მოსახლეობის მოთხოვნილებათა უზრუნველყოფა – გეოდეზიური მონაცემებითა და კარტოგრაფიული პროდუქციით;

ბ) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიუ­ლი დარგის სტაბილური ფუნქციონირება, მიმდინარე და პერსპექტიული განვითარების გეგმებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტა­ციისა და დემარკაციის, აგრეთვე ტერიტორიული ერთეულების საზღვრის ხაზის მდებარეობის შემოწმების სამუშაოთა ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრა­ფიული უზრუნველყოფა, საზღვრების გეოდეზიური და კარტოგრაფიული მონაცემების ბანკის შექმნა;

დ) სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის, ციფრული და ელექტრონული რუკების მონაცემთა ბანკების შექმნა და ფუნქციონირება;

ე) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიუ­ლი სამუშაოების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების წარმოებაში დანერგვისა და სამეცნიერო-ტექნიკურ სამუშაოთა კოორდინაცია;

ვ) დარგის პროდუქციაზე ქვეყნის მოთხოვნილებათა შესწავლა;

ზ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან გეოდეზიისა და კარ­ტოგრაფიის დარგში ეკონომიკური, მეცნიერულ-ტექ­ნიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის პრიო­რიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწი­ლეობის მიღება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

თ) ზემდგომი სტრუქტურებისთვის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგში წინადადებებისა და რეკომენ­დაციების მომზადება.

    მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი

1. დეპარტამენტს უფლება აქვს:

ა) განახორციელოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დაკისრებული უფლება-მოვალეობის შესრულებისას (მათ შორის სასამართლოში);

ბ) სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებით გათვალის­წინებული ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრა­ფიული და აეროგადაღებითი სამუშაოები განახორ­ციელოს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართვე­ლოს კანონის შესაბამისად;

გ) შეიმუშაოს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდ­გინოს ტოპოგრაფიულ-გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოთა ტექნიკურ-ეკონომიკური ხასიათის ნორმა­ტიული დოკუმენტები და ნორმატივები.

2. დეპარტამენტი აკონტროლებს:

ა) დარგში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების სრულყოფილად განხორციელებას;

ბ) დარგში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების განხორციელების შედეგად შექმნილი გეოდეზიური მონაცემებისა და კარტოგრაფიული პროდუქციის ხარისხს.

3. ,,გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-13 პუნ­ქტისა და მე-10 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაუფორმოს ხელშეკრულება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც მესამე პირზე გადაცემის ან კომერციული მიზნებისათვის გამოიყენებენ სახელმწიფო სახსრებით, მათ შორის სსრ კავშირის დროს საქარ­თველოს ტერიტორიაზე შექმნილ ტოპოგრაფიულ-გეოდეზიურ, კარტოგრაფიულ და აეროფოტოგადაღებით მასალებსა და მონაცემებს.

4. თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს მოლაპარაკება და დადოს ხელშეკრულებები როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.

5. კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა პირებისაგან ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია.

6. სამინისტროში წარადგინოს დეპარტამენტის მიერ შემუშავებული და დადგენილი წესით შეთანხმებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტები.

    მუხლი 4. დეპარტამენტის სახსრები, ფინანსური საქმიანობა და ქონება

1. დეპარტამენტის ქონებაა ძირითადი ფონდები და საბრუნავი საშუალებები, რომლებიც მას გადასცა სახელმწიფომ ფლობისა და სარგებლობის უფლებით და ასახულია მის ბალანსში.

2. დეპარტამენტი სახელმწიფო დაკვეთებისა და მიზნობრივი პროგრამების შესასრულებლად იყენებს ცენტრალური ბიუჯეტის სახსრებს და კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია მათი მიზნობრივი გამოყენებისათვის.

3. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტი;

ბ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლე­ბი.

4. სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების საფუძ­ველზე ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება დარგის სფეროში განსახორციელებელი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, აგრეთვე ნორმატიულ-ტექნიკური და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის შემუშავება და გამოცემა.

    მუხლი 5. დეპარტამენტის მართვა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი მინისტრის წარდგინე­ბით.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის, ერთი – პირველი მოადგილე.

3. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით მინისტრი.

4. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის თავმჯდო­მარე.

5. დეპარტამენტის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის მუშაობას, საგანგებო რწმუნების გარეშე მოქმედებს დეპარტამენტის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს სხვა იური­დიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში, განაგებს ბალანსზე არსებულ ქონებას, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს. თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი წარმოადგენს მხარეს სასამარ­თლოში;

ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;

გ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის შესაბამისად;

დ) ამტკიცებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ე) დადგენილი რიცხოვნობისა და ფინანსირების ფარგლებში წარუდგენს მინისტრს დეპარტამენტის აპარატის საშტატო ნუსხას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო მოსამ­სახურეებს დეპარტამენტის საშტატო ერთეულებზე;

ვ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარ­ტამენტის შემოსავლისა და გასავლის ხარჯთა ნუსხის შესახებ და პასუხისმგებელია ხარჯთა ნუსხის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებაზე;

ზ) სამინისტროში შეაქვს წინადადებები დეპარტა­მენტის საქმიანობის რეგულირების თაობაზე;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონით დად­გენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ სამარ­თლებ­რივ აქტებს;

ი) ხელშეკრულების საფუძველზე, საკანონმდებლო აქტების, მნიშვნელოვანი სახელმწიფო გადაწყვეტილე­ბების პროექტების, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ნორმატიულ-ტექნიკური ლიტერატურის შესაქ­მნე­­ლად იწვევს მეცნიერებს, მაღალკვალიფიციურ ინჟინრებსა და სხვა სპეციალისტებს, სამსახურებრივი ადგილის, დაქვემდებარებისა და დაკავებული თანამდე­ბობის მიუხედავად.

    მუხლი 6. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი ამოცანები

1. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:

ა) დეპარტამენტის ხელმძღვანელობა;

ბ) სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობისა და ტოპო-გეოდეზიური სამმართველო;

გ) სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდისა და კარტოგრაფიის სამმართველო;

დ) საფინანსო-სამეურნეო სამმართველო;

ე) კადრების ინსპექტორი;

ვ) კანცელარია.

2. სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობისა და ტოპო-გეოდეზიური სამმართველოს ამოცანებია:

ა) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური სამუშაოების შესა­ხებ ყოველწლიური გეგმებისა და სახელმწიფო მიზნობ­რივი პროგრამების, სატენდერო მასალებისა და ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, მიმწოდებე­ლი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულებით გათვალის­წინებული პირობების დაცვის ზედამხედვე­ლობა და მიმწოდებლისგან წარმოდგენილი შუალედური და საბოლოო მასალების მიღება და გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში გადაგზავნა;

ბ) მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრუ­ლებით გათვალისწინებული მასალებისა და მონაცემე­ბის ხარისხის კონტროლი;

გ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სახელ­მწიფო სახსრებით ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტო­გრაფიული და აეროგადაღებითი სამუშაოების წარმოებისას საკანონმდებლო და ნორმატიულ-ტექნიკური აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დაცვის ზედამხედველობა, აგრეთვე აღნიშნული სამუ­შაოე­ბის განხორციელების შედეგად შექმნილი (მათ შორის სსრ კავშირის დროს) გეოდეზიური მონაცემებისა და კარტოგრაფიული პროდუქციის გამოყენებაზე საავ­ტორო უფლების დაცვის ზედამხედველობა, ამ სფეროში ნორმატიულ-ტექნიკური და მეთოდოლოგიური დოკუ­მენტების პროექტების შემუშავება და სხვა.

3. სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდისა და კარტოგრაფიის სამმართველოს ძირითადი ამოცა­ნებია:

ა) კარტოგრაფიულ სამუშაოთა ყოველწლიური თემა­ტიკის განსაზღვრა, მიზნობრივი პროგრამების, სატენდე­რო მასალებისა და ხელშეკრულებების პროექ­ტე­ბის მომზადება, ხელშეკრულებებითა და ტექნიკური ნორმე­ბით გათვალისწინებული პირობების დაცვის კონტრო­ლის განხორციელება, მიმწოდებლისგან წარმოდგენილი შუალედური მასალების შემოწმება და საბოლოო მასალების მიღება, კარტოგრაფიული საქმია­ნობის სფეროში ნორმატიულ-ტექნიკური და მეთოდოლოგიური დოკუმენტების პროექტების შემუშა­ვება;

ბ) სახელმწიფო სახსრებით – ასტრონომიულ-გეოდე­ზიური, გრავიმეტრიული, გეოდეზიური, ტოპო­გრა­ფიული აეროკოსმოსური გადაღებითი და კარტო­გრაფიული სამუშაოების განხორციელების შედეგად შექმნილი გეოდეზიური მონაცემების, კარტოგრაფიული პროდუქციისა და დოკუმენტების, მათ შორის ციფრული ფორმით, რომლებიც მრავალჯერადი გამოყენები­საა – გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში მიღება, აღრიც­ხვა, საბოლოო რედაქტირება, დაცვა და მათ მოძრაო­ბასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე მორიგე რუკის წარმოება და საქართველოს ტერიტორიის ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური შესწავლი­ლობის სისტემატური ანალიზი და სხვა.

4. საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს ძირითადი ამოცანაა დეპარტამენტის საფინანსო-ეკონომიკური სისტემის მართვისა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების ღონისძიებათა კანონმდებლობის შესაბა­მისად განხორციელება, მიმდინარე და პერსპექტიული სამუშაო გეგმებისა და მიზნობრივი პროგრამების პროექ­ტების მომზადება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი ხარჯვა, აგრეთვე დეპარ­ტამენტის ცენტრალური აპარატის ნორმალური ფუნ­ქციო­ნირებისათვის საჭირო ინვენტარით, საკანცე­ლარიო მასალებითა და ტექნიკური საშუალებებით მომარაგება, აგრეთვე პასუხისმგებელია შრომისა და ხანძარსა­წინააღმდეგო ტექნიკური უსაფრთხოების დაცვაზე.

5. კადრების ინსპექტორის ამოცანაა – ,,საჯარო სამსა­ხურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამი­სად თავისი საქმიანობის სრული შესაბამისობით წარმარ­თვა.

6. კანცელარიის ამოცანაა – ზემდგომი ორგანოე­ბიდან და გარეშე ორგანიზაციებიდან შემოსული წერი­ლების, ნორმატიული აქტებისა და დოკუმენტების აღრიცხვა, აგრეთვე შიდა საკანცელარიო საქმიანობის სწორი ორგანიზება.

    მუხლი 7. დეპარტამენტის სისტემა

დეპარტამენტის სისტემაშია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტი;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტი.

    მუხლი 8. დეპარტამენტის საგარეო ურთიერთობა

1. დეპარტამენტის საგარეო ურთიერთობა რეგულირ­დება მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით.

2. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით მართავს საქმიან მო­ლაპარაკებებს უცხო ქვეყნის იურიდიულ პირებთან და მოქალაქეებთან, საზღვარგარეთელ პარტნიორებთან დებს შესაბამის ხელშეკრულებებს, კონტრაქტებსა და შეთანხმებებს;

ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიავლენს თანამშრომლებს საზღვარგარეთ.

    მუხლი 9. აღრიცხვა-ანგარიშგება

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში საბუხჰალტრო აღრიცხვასა და ანგარიშგებას ახორციელებს საქართვე­ლოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 10. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, დებულებაში ცვლილებათა შეტანის წესი

1. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებ­ლობის შესაბამისად.

2. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებათა და და­მატებათა შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძა­ნებით.