თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.05.2005 ძალადაკარგული 15.11.2007
ნომერი
№210
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.007345
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 55, 10/05/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.345

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  

ბრძანება №210

2005 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონის ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იური­დიული პირის შესახებ” მე-5 მუხლისა და საქართვე­ლოს კანონის ,,განათლების შესახებ” 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო პრო­­ფე­სიუ­ლი ლიცეუმი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.

2. დამტკიცდეს თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული ლიცეუმის თანდართული წესდება.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული ლიცეუმის წესდება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. თბი­­ლისის მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო პრო­ფესიული ლიცეუმი „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ახორციელებს დაწყებით პრო­ფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას.

2. ლიცეუმი თავის საქმიანობას წარმართავს საქარ­თველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საფუძველზე.

3. ლიცეუმი წარმოადგენს დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო-საკონსულტაციო დაწესებულებას, რომელიც ასრულებს საქართველოს კანონით ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილ ყველა ს­აგან­მანათლებლო პროგრამას ამაღლებული კვალიფიკა­ციის მინიჭების უფლებით, ახორციელებს პროფესიული სწავლების ახალი შინაარსის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, აპრობაციასა და გამოცდას.

4. ლიცეუმი დამოუკიდებელია რელიგიურ და პოლიტიკურ გაერთიანებათაგან.

5. ლიცეუმს გააჩნია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ატრიბუტიკა – საკუთარი წესდება, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.

6. ლიცეუმის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დ. ჭონქაძის ქ. №21.

    მუხლი 2. მიზნები და ამოცანები

1. ლიცეუმის მიზანია:

ა) საქართველოს კანონით ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამების შესრულება მაღალი კვალიფიკაციის მინიჭების უფლებით;

ბ) საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონო­მიკური ცვლილებების შესაბამისად მოსახლეობისათვის პროფესიული განათლების პირობების შექმნა პროფე­სიული განათლება ყველასათვის – პრინციპის საფუძ­ველზე;

გ) სამხატვრო და ნატიფი ხელოვნების პროფესიების სწავლება, ამ გზით მცირე ბიზნესისა და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა და წვლილის შეტანა ქვეყნის ისტორიულ-კულტურული ტრადიციების შენარჩუნებასა და აღორძინებაში ხალხური რეწვის პროფესიების სწავლების გზით;

დ) მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნა მოსწავლეთა ეკონომიკური აზროვნების განვითარების, მათ მიერ მცირე ბიზნესისა და მეწარმეობის საფუძ­ვლების დაუფლების და შრომის ბაზარზე ლიცეუმის მიერ მომზადებული სპეციალისტების კონკურენ­ტუნარიანობის ამაღლებისათვის;

ე) ახალგაზრდობის, ზრდასრული მოსახლეობისა და წარმოებაში დასაქმებულ პირთა პროფესიული მომზადება-გადამზადება;

ვ) სწავლას ჩამოცილებული, ობოლი, მზრუნვე­ლობას მოკლებული მოზარდების, სოციალურად გაუც­ხოებული ადამიანების, შეზღუდული შესაძლებ­ლობების მქონე პირების, უნარშეზღუდული ბავშვების ჩაბმა პრო­ფესიულ განათლებაში, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მიზნით;

ზ) სწავლების შინაარსის სრულყოფა დამსაქმებელთა და შრომის ბაზრის მოთხოვნების საფუძველზე, ახალი ტექნოლოგიებისა და პროგრამების აპრობაცია, გამოცდა და დანერგვა.

    მუხლი 3. ლიცეუმის უფლებამოსილებანი

1. ლიცეუმი სახელმწიფო კონტროლით დამოუკი­დებლად ახორციელებს საქმიანობას.

2. მისი უფლებამოსილებანი დადგენილია ,,განათ­ლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებით.

3. ლიცეუმს საქართველოს კანონმდებლობის, სახელ­მწიფო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარ­ტების და ამ წესდების შესაბამისად, უფლება აქვს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საგანმანათლებლო-სა­აღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული საკითხები.

4. ლიცეუმს უფლება აქვს:

ა) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) განსაზღვროს საგანმანათლებლო პროგრამები პროფესიების მიხედვით სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე;

გ) მოსამზადებელი პროფესიების შესაბამისად, სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებ­ში დამოუკიდებლად დაამყაროს კავშირი სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებებთან, სოციალურ პარტნიორებთან (მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე);

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგოს ლიცეუმის ქონება და ფინანსური სახსრები;

ე) მოიზიდოს არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერიალური სახსრები;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინოს და განკარგოს ფასიანი ქაღალდები, რომლის შემოსავალი სრულად მოხმარდება ლიცეუმის მიზნების განხორ­ციელებას. (ამ მიზნით მას უფლება არა აქვს გამოიყენოს საბიუჯეტო სახსრები და თავისი საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის მიღებული საფასური);

ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ლიცეუმს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სხვა დაინტერესებულ დაწესებულებებს, საწარ­მოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად შეუძლია შექმნას საგანმანათლებლო გაერთიანებები (ასოციაციები, კავშირები) საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით;

თ) საკუთარი საფინანსო სახსრების ფარგლებში განათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შე­თან­ხმე­ბით, დაადგინოს ლიცეუმის მართვის სტრუქტურა, საშტატო განრიგი და თანამდებობრივი ფუნქციები.

5. ლიცეუმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადის ატესტაციასა და აკრედიტაციას.

6. ლიცეუმი უფლებამოსილია გამოვიდეს სასამარ­თლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

    მუხლი 4. საგანმანათლებლო პროგრამები

1. ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ლიცეუმი ასრუ­ლებს ყველა სახის დაწყებით პროფესიულ საგან­მანათლებლო პროგრამას მაღალი კვალიფიკაციის მი­­ნი­­ჭების უფლებით.

2. ლიცეუმი ასრულებს:

ა) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგ­რამას საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ ზოგადი საშუალო განათლების პროგრამასთან ერთად (სწავლების ვადა 3-დან 4 წლამდე);

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, ზოგადი საშუალო განათლების პროგრამის გარეშე (სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე);

გ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგ­რამას ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ (სწავლების ვადა 6 თვიდან 2 წლამდე);

დ) სახელობო მომზადების პროგრამას, დაწყებითი ზოგადი განათლების მიღების შემდეგ (სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე);

ე) დამატებითი პროფესიული განათლების პროგ­რამებს:

პროფესიული მომზადების პროგრამას (სწავლების ვადით 10 თვემდე);

პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას (სწავლების ვადით 10 თვემდე).

3. საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება საბო­ლოო ატესტაციით, რომლის წარმატებით გავლის შემ­თხვე­ვაში გაიცემა საქართველოს კანონით ,,დაწყებით პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილი საგან­მანათლებლო პროგრამის შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატი:

ა) დაწყებითი პროფესიული განათლება საბაზო ზოგადი განათლების შემდეგ, საშუალო ზოგადი განათლების პროგრამასთან ერთად – ზოგადსაგანმანათ­ლებლო საშუალო განათლების ატესტატი და დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი;

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი საბაზო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი;

გ) დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი;

დ) სახელობო მომზადება დაწყებითი ზოგადი განათლების შემდეგ – მოწმობა;

ე) დამატებითი პროფესიული განათლება (პროფე­სიული მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება) – მოწმობა.

4. კურსდამთავრებული, რომელიც სრულყოფილად ვერ აითვისებს საგანმანათლებლო პროგრამას, მიიღებს ცნობას სწავლის კურსის მოსმენის შესახებ.

    მუხლი 5. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზაცია

1. ლიცეუმში საგანმანათლებლო პროცესი მოი­ცავს:

ა) თეორიულ სწავლებას (ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციალური საგნების სწავლება);

ბ) საწარმოო სწავლებას და პრაქტიკას;

გ) მოსწავლეებთან აღმზრდელობით მუშაობას.

2. ზოგადსაგანმანათლებლო სწავლების პროგრამა ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათ­ლებლო სტანდარტების საფუძველზე.

3. სასწავლო პროცესის გრაფიკი და არდადეგების ხანგრძლივობა განისაზღვრება განათლებისა და მეცნიე­რების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

4. მოსამზადებელი პროფესიები შეირჩევა შრომის ბაზრის მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო დაკვეთით და ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი საგანმანათ­ლებლო მომსახურებით.

5. ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტროს მიერ დადგენილი წესით.

6. ცალკეულ საგნებსა და საწარმოო სწავლებაში ჯგუფების გაყოფა ხდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

7. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საწარ­მოო სწავლებასა და პრაქტიკის პროცესში ლიცეუმი ეწევა სასწავლო-საწარმოო საქმიანობას, მოსწავლეთა მონაწილეობით ქმნის პროდუქციას, ეწევა ანაზღაურებად, მათ შორის, ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას.

8. სასწავლო-საწარმოო საქმიანობის პროცესში მოსწავლის მიერ შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება სამუშაოს მოცულობის და ხელშეკრულებით გათვალის­წინებული განაკვეთის შესაბამისად.

9. ლიცეუმში ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიუ­ლი სწავლების შინაარსისა და სწავლების მეთოდიკის სრულყოფის თვალსაზრისით, დაწესებულების პედაგო­გიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას საგნობრივი მეთოდური საბჭოები (კომისიები).

    მუხლი 6. ლიცეუმის მართვა

1. ლიცეუმის მართვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე.

2. ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიუ­ლი პირის შესახებ” საქართველოს კანონების, დაწყები­თი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულებისა და ამ წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, ლიცეუმს მართავს დირექტორი, რომელიც ამასთანავე არის ლიცეუმის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

3. დირექტორს დადგენილი წესით ნიშნავს და ათა­ვისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიე­რების მინისტრი.

4. დირექტორი უფლებამოსილია:

ა) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სამუ­შაოზე მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სა­მინისტროს მიერ დადგენილი წესით, პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით, შეადგინოს ლიცეუმის პედაგოგიური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის განრიგი.

5. დირექტორი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრუ­ლებით ნაკისრი ვალდებულებები;

ბ) პასუხისმგებელია ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულებისათვის;

გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;

დ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას და მიზანშე­წონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალისწინე­ბული სახსრები;

ე) უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებაზე კონტროლი.

6. დირექტორი ხელმძღვანელობს ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ საბჭოს.

7. დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის, ტიპური დებულებისა და ამ წესდების შესაბამისად განაგებს ლიცეუმის ქონებას და საფინანსო სახსრებს;

8. დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე.

9. დირექტორი პასუხისმგებელია ლიცეუმის საქმია­ნობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე.

10. დირექტორის არყოფნის ან მოვალეობის შეს­რულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვა­ლეო­ბას ასრულებს დირექტორის მოადგილე სასწავ­ლო-საწარმოო მუშაობაში.

11. ადმინისტრაციის წევრთა უფლება-მოვალეობანი თანამდებობრივი საკვალიფიკაციო დახასიათებების საფუძველზე დგინდება ლიცეუმის შინაგანაწესით.

    მუხლი 7. პედაგოგიური საბჭო

1. პედაგოგიური საბჭო, ,,განათლების შესახებ” და ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ”, საქარ­თველოს კანონების შესაბამისად წარმოადგენს არ­ჩევით ორგანოს.

2. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად თავისი შემა­დ­გენ­ლობიდან ირჩევს დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა.

3. პედაგოგიური საბჭოს წევრთა რიცხვი უნდა შეად­გენ­დეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-ს და არა უმეტეს 1/3-ს. თუკი დაწესებულებების პედაგოგთა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან. პედაგოგიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.

4. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს დირექტორს და დაწესებუ­ლების ნებისმიერ პედაგოგს.

5. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭის­ყრით. საერთო კრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ცალკეული კანდიდატის ასარჩევად ჩატარ­დეს ფარული კენჭისყრაც.

6. ლიცეუმის პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს დირექტორი.

7. სათათბირო ხმით პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში მონაწილეობს ყველა პედაგოგი.

8. პედაგოგიური საბჭო წარმართავს საგანმანათ­ლებლო პროცესს, სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ მუშაობას;

9. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზ­ღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხან­გრძლივობასა და არდადეგების გრაფიკს.

1­0. პედაგოგიური საბჭო განიხილავს ლიცეუმში არსებულ მდგომარეობას და აფასებს მას.

11. საბჭო ასრულებს ამ წესდებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

12. პედაგოგიური საბჭო მოიწვევა თვეში ერთხელ.

    მუხლი 8. სამეურვეო საბჭო

1. ლიცეუმში, მატერიალური და ფინანსური სახსრე­ბის მოზიდვისა და რაციონალური გამოყენების მიზ­ნით, იქმნება სამეურვეო საბჭო.

2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, მათ შორის, ლი­ცეუმის პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდგენილი 1 წევრი, მშობელი, სოციალური პარტნიორი დამსაქმე­ბე­ლი ან საზოგადოების სხვა თვალსაჩინო წარმომადგენე­ლი.

3. სამეურვეო საბჭო აირჩევა სამი წლის ვადით.

4. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე.

5. სამეურვეო საბჭოს ერთ წევრს ღია კენჭისყრით ირჩევს პედაგოგიური საბჭო. დანარჩენი 4 წევ­რი აირჩევა მშობელთა საერთო კრებაზე, ღია კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს დასახელების რიგითობით ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც სხვებზე მეტ ხმებს დააგროვებს.

6. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალი წევრის არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრებაზე უფლება­მო­სილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა.

    მუხლი 9. მოსწავლეები

1. მოსწავლე არის პირი, რომელიც არჩეული პრო­­ფე­სიისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესას­წავლად, განსაზღვრული ასაკის, განათლების დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად ირიცხება ლიცეუმში.

2. სახელმწიფო დაკვეთით განსაზღვრული ადგი­ლების დაკავება ხდება კონკურსის წესით, რომლის პი­რო­ბებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დადგენილი წესის შესაბამისად ადგენს პედაგოგიური საბჭო.

3. ლიცეუმში ჩარიცხვისას მოსწავლეს, მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელსა და დირექ­ტორს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აღინიშნება:

ა) უფასო ან ფასიანი საგანმანათლებლო მომსახუ­რების სახე და მისი განხორციელების პირობები;

ბ) განათლების მიღების ფორმა;

გ) საგანმანათლებლო პროგრამა და მისი შესრუ­ლების პირობები;

დ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრუ­ლებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის­თვის.

4. მოსწავლეები მიიღებიან;

ა) სახელობო მომზადების პროგრამით – 12 წლის ასაკიდან;

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგ­რამით – 14-15 წლის ასაკიდან.

5. მოსწავლეებს უფლება აქვთ:

ა) აირჩიონ პროფესია და საგანმანათლებლო პროგ­რამა;

ბ) მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა და პიროვნული ღირსებების პატივისცემა;

გ) თავისუფლად გამოთქვან აზრი;

დ) დაეუფლონ დამატებით, მათ შორის ფასიან საგანმანათლებლო პროგრამებს;

ე) გადავიდნენ შესაბამისი დონის სხვა საგანმანათ­ლებლო დაწესებულებაში ამ უკანასკნელის თანხმო­ბით დადგენილი წესის შესაბამისად;

ვ) საწარმოო სწავლებისა და პრაქტიკის პერიოდში ეწეოდნენ ანაზღაურებად სასწავლო-საწარმოო საქმია­ნობას;

ზ) სწავლის პერიოდში არასასწავლო დროს კანონ­მდებლობით დადგენილი წესით ეწეოდნენ თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის შესაბამის შრომით საქმიანობას;

თ) სამედიცინო უკუჩვენების გამო, არჩეული პრო­ფ­ე­სიით სწავლის გაგრძელების შეუძლებლობის შემთხვე­ვაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებულ საგანმანათლებლო დაწე­სე­ბულების მოსწავლეს უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე მიიღოს სხვა პროფესია;

ი) 18 წლის ასაკამდე პირს ზოგადი განათლების დონის გათვალისწინებით, უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე ერთხელ გაიაროს სახელობო მომზადების კურსი ან მიიღოს დაწყებითი პროფესიული განათ­ლება.

6. მოსწავლეები ვალდებულნი არიან:

ა) აითვისონ საგანმანათლებლო პროგრამა, დაეუფ­ლონ არჩეულ პროფესიას;

ბ) დაიცვან ლიცეუმის შინაგანაწესი;

გ) პატივი სცენ თანატოლების, პედაგოგებისა და სხვა თანამშრომელთა უფლებებს;

დ) გაუფრთხილდნენ ლიცეუმის ქონებას, მისთვის ზარალის მიყენების შემთხვევაში აანაზღაურონ იგი;

ე) შინაგანაწესის სისტემატური დარღვევებისათვის მოსწავლის მიმართ, პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტი­ლებით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური ზომები, მათ შორის გარიცხვაც.

    მუხლი 10. პედაგოგიური მუშაკები

1. პედაგოგიურ მუშაკებს, საკონკურსო შერჩევის საფუძველზე, სამუშაოზე იღებს და ათავისუფლებს დირექ­­ტორი.

2. პედაგოგიურ მუშაკებად მიიღებიან შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირები. არაპედა­გოგიური განათლების მქონე სპეციალური საგნების მასწავლებლები და საწარმოო სწავლების ოსტატები სამუშაოზე დანიშვნისას აუცილებელი წესით გადიან მომზადებას პედაგოგიური ცოდნის მინიმუმის მისაღე­ბად.

3. პედაგოგიური მუშაკები საქართველოს განათლე­ბისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გადიან სწავლებასა და ატესტაციას.

4. დირექტორსა და მუშაკს შორის დადებულ ხელშეკრულებაში აღინიშნება:

ა) შესასრულებელი სამუშაო და მისი შესრულების პირობები;

ბ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრუ­ლებით დადგენილი პირობების შეუსრულებლო­ბისათვის;

გ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები.

5. პედაგოგთა ხელფასი დგინდება მათი კატეგორიის შესაბამისად დადგენილი განაკვეთის მიხედვით.

6. ლიცეუმის ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქ­მნას მუშაკს შრომისათვის საჭირო პირობები, დაიცვას მისი უფლებები, ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ამაღ­ლებასა და შემოქმედებით წინსვლაში

7. არასაბიუჯეტო სახსრების არსებობის შემთხვე­ვაში, ლიცეუმის ადმინისტრაციას უფლება აქვს პედაგო­გიურ საბჭოსთან შეთანხმებით გასცეს ხელფასის დანამა­ტები, საკუთარი სტიპენდიები, პრემიები და ფინანსური დახმარებები მოსწავლეებსა და თანამშრომ­ლებზე.

8. ლიცეუმის ყველა მუშაკი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრუ­ლებით ნაკისრი ვალდებულებები;

ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;

გ) პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ მოვა­ლეობას, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალ­დებულებები;

დ) დაიცვას მოსწავლეთა უფლებები;

ე) აიმაღლოს კვალიფიკაცია, წარმოაჩინოს აქტივობა, ინიციატივა და შემოქმედებითი უნარი სწავლების შინაარსისა და მეთოდების დახვეწის და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით;

ვ) მოსწავლეებთან მუშაობა წარმართოს თანამშრომ­ლობის პრინციპით, მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით.

9. პედაგოგს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა;

ბ) აირჩიოს სწავლებისა და აღზრდის მეთოდები, მეცადინეობის ფორმები, მეთოდები და საშუალებები;

გ) მონაწილეობა მიიღოს ლიცეუმის საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვე­ტაში;

დ) ისარგებლოს პედაგოგიურ მუშაკთათვის კანონ­დებ­ლობით დადგენილი ყველა უფლებითა და შეღა­ვათით;

    მუხლი 11. ლიცეუმის ქონება

1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორ­ციელებლად ლიცეუმს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდ­ლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.

2. ლიცეუმი მისთვის გადაცემულ ქონებას ფლობს და სარგებლობს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 12. დაფინანსება

1. ლიცეუმის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;

გ) სასწავლო-საწარმოო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

დ) ფასიანი საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახუ­რებიდან მიღებული შემოსავლები;

ე) შემოწირულობებით, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით, გრანტებით მიღებული შემოსავლები;

ვ) ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება;

ზ) სოციალურ პარტნიორთა სახსრები;

თ) დამკვეთის სახსრებით წარმოების მუშახელის პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავლები;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.

2. ლიცეუმის სახსრები და შემოსავლები განიკარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. ლიცეუმის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალუ­ლია.

    მუხლი 13. სახელმწიფო კონტროლი

1. ლიცეუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქარ­თველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტრო.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სა­მი­ნის­ტროს თანხმობას საჭიროებს ლიცეუმის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის გან­საზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები ლიცეუმის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნ­ქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორ­ციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორ­ციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ლიცეუმი ვალდებულია დადგენილი წესით აწარ­მოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტროს. დაწესებულების საფინანსო კონტროლი ხორ­ციელ­დება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ლიცეუმის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებ­რივი აქტი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონ­მდებ­ლობასა და დაწესებულების წესდებას.

6. ლიცეუმი ვალდებულია განათლებისა და მეცნიე­რების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავში­რებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.

    მუხლი 14. წესდებაში ცვლილებების შეტანა

ლიცეუმის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხორ­ციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 15. ლიცეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ლიცეუმის, როგორც საჯარო სამართლის იური­დიუ­ლი პირის, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორ­ციელდება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 16. გარდამავალი დებულებები

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბი­ლისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიუ­ლი ლიცეუმი წარმოადგენს თბილისის მ.თოიძის სახე­ლობის სამხატვრო პროფესიული ლიცეუმის უფლე­ბამონაცვლეს.