ქ. თბილისის მდივან-რეფერენტთა პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.05.2005 ძალადაკარგული 01.10.2007
ნომერი
№212
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.220.007350
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 55, 05/05/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.350

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

 ბრძანება №212

2005 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის მდივან-რეფერენტთა პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონის ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იურიდიუ­ლი პირის შესახებ” მე-5 მუხლისა და საქართველოს კანონის ,,განათლების შესახებ” 24-ე მუხლის სა­ფუძველზე, ვბრძანებ:

1. ქ.თბილისის მდივან-რეფერენტთა პროფესიული ლიცეუმი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.

2. დამტკიცდეს ქ.თბილისის მდივან-რეფერენტთა პროფესიული ლიცეუმის წესდება.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ქ. თბილისის მდივან-რეფერენტთა პროფესიული ლიცეუმის წესდება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. თბი­ლისის მდივან-რეფერენტთა პროფესიული ლიცეუმი, როგორც დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანო­ნის საფუძველზე ახორციელებს დაწყებით პროფე­სიულ საგანმანათლებლო პროგრამას.

2. ლიცეუმი თავის საქმიანობას წარმართავს სა­­ქარ­­თვე­ლოს კონსტიტუციის, საქართველოს კანო­ნების ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფე­სიული განათლების შესახებ” საფუძველზე.

3. ლიცეუმი წარმოადგენს დაწყებითი პროფესიული განათლების დაწესებულებას, რომელიც ასრულებს საქართველოს კანონით ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილ ყველა საგანმანათ­ლებ­ლო პროგრამას ამაღლებული კვალიფიკაციის მინი­ჭების უფლებით, ახორციელებს პროფესიული სწავ­ლების ახალი შინაარსის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, აპრობაციასა და გამოცდას.

4. ლიცეუმი დამოუკიდებელია რელიგიურ და პოლი­ტიკურ გაერთიანებათაგან.

5. ლიცეუმს გააჩნია საჯარო სამართლის იურიდიუ­ლი პირის ატრიბუტიკა – საკუთარი წესდება, დამოუკი­დებელი ბალანსი და ანგარიშები საბანკო დაწესებულე­ბებში, ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.

6. ლიცეუმის იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, თ.ერისთავის ჩიხი.

    მუხლი 2. მიზნები და ამოცანები

1. ლიცეუმის მიზანია:

ა) საქართველოს კანონით ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამების შესრულება;

ბ) საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონო­მიკური ცვლილებების საფუძველზე სხვადასხვა დარგისა და სფეროს საწარმოებისა და დაწესებულებებისათვის მდივან-რეფერენტებისა და ოფისის მომსახურე სხვა სპეციალისტთა მომზადება;

გ) ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლება;

დ) სამეწარმეო ცოდნის გავრცელება, ახალგაზრდობისა და ზრდასრული მოსახლეობის მომზადება საბაზრო ეკონომიკის პირობებში ცხოვრებისათვის, მცირე ბიზნესისა და მეწარმეობის განვითარებისათვის ხელის შეწყობა;

ე) წარმოებაში დასაქმებულ პირთა პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;

ვ) ეკოლოგიური ცოდნის გავრცელება, სპეცია­ლისტთა მომზადება ამ სფეროსათვის;

ზ) დამატებითი პროფესიული განათლების პროგ­რამებით (მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადება) უმუშევარი მოსახლეობის გადამზადება და მათი დასაქმების შესაძლებლობათა ამაღლება;

თ) დამატებითი პროფესიული განათლების პროგ­რამებით, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მეშვეობით ზრდასრული მოსახლეობის პროფესიული მომზადება-გადამზადება;

ი) სპეციალისტთა მომზადება სხვა პროფესიებში შრო­მის ბაზრის მიმდინარე მოთხოვნების გათვალისწი­ნებით.

    მუხლი 3. ლიცეუმის უფლებამოსილებანი

1. ლიცეუმი სახელმწიფო კონტროლით დამოუკი­დებლად ახორციელებს საქმიანობას.

2. მისი უფლებამოსილებანი დადგენილია ,,განათ­ლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებით.

3. ლიცეუმს საქართველოს კანონმდებლობის, სახელ­მწიფო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარ­ტების და ამ წესდების შესაბამისად, უფლება აქვს და­მოუ­კიდებლად გადაწყვიტოს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული საკითხები.

4. ლიცეუმი უფლებამოსილია:

ა) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) განსაზღვროს საგანმანათლებლო პროგრამები პროფესიების მიხედვით სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე;

გ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, განახორციელოს ცალკეულ პროფესიებში სწავლების შინაარსის სრულყოფა, აპრობაცია და გამოცდა;

დ) მოსამზადებელი პროფესიების შესაბამისად, სა­ხელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების ფარ­გლებში დამოუკიდებლად დაამყაროს კავშირი სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებებთან, სოციალურ პარტნიორებთან (მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების საფუძველზე);

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგოს სასწავლებლის ქონება და ფინანსური სახსრები;

ვ) მოიზიდოს არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერიალური სახსრები;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინოს და განკარგოს ფასიანი ქაღალდები,რომლის შემოსავალი სრულად მოხმარდება ლიცეუმის მიზნების განხორციე­ლებას. (ამ მიზნით მას უფლება არა აქვს გამოიყენოს საბიუჯეტო სახსრები და თავისი საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის მიღებული საფასური);

თ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ლიცეუმს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სხვა დაინტერესებულ დაწესებულებებს, საწარმოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად შეუძლია შექმნას საგანმანათლებლო გაერთიანებები (ასოციაციები, კავშირები) საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით;

ი) საკუთარი საფინანსო სახსრების ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმე­ბით დაადგინოს ლიცეუმის მართვის სტრუქტურა, საშტატო განრიგი და თანამდებობრივი ფუნქციები.

5. ლიცეუმი საქართველოს კანონმდებლობით დად­გენილი წესით გადის ატესტაციასა და აკრედიტაციას.

6. ლიცეუმი უფლებამოსილია გამოვიდეს სასამარ­თლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

    მუხლი 4. საგანმანათლებლო პროგრამები

1. ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ლიცეუმი ასრუ­ლებს ყველა სახის დაწყებით პროფესიულ საგან­მანათლებლო პროგრამას მაღალი კვალიფიკაციის მინიჭების უფლებით.

2. ლიცეუმი ასრულებს:

ა) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრა­მას საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ ზო­გადი საშუალო განათლების პროგრამასთან ერთად (სწავლების ვადა 3-დან 4 წლამდე);

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგ­რამას საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, ზოგადი საშუალო განათლების პროგრამის გარეშე (სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე);

გ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგ­რამას ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ (სწავლების ვადა 6 თვიდან 2 წლამდე);

დ) სახელობო მომზადების პროგრამას, დაწყებითი ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე;

ე) დამატებითი პროფესიული განათლების პროგ­რამებს:

(პროფესიული მომზადების პროგრამას - სწავლე­ბის ვადით 10 თვემდე;

პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღ­ლების პროგრამას - სწავლების ვადით 10 თვემდე).

3. საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება საბო­ლოო ატესტაციით, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა საქართველოს კანონით ,,დაწყე­ბითი პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სახელ­მწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატი:

ა) დაწყებითი პროფესიული განათლება საბაზო ზოგადი განათლების შემდეგ, საშუალო ზოგადი განათლების პროგრამასთან ერთად – ზოგადსაგანმა­ნათ­­ლებლო საშუალო განათლების ატესტატი და დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი;

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი საბაზო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი;

გ)დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი;

დ) სახელობო მომზადება დაწყებითი ზოგადი განათლების შემდეგ – მოწმობა;

ე) დამატებითი პროფესიული განათლება (პრო­ფესიული მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება) – მოწმობა.

4. კურსდამთავრებული, რომელიც სრულ­ყოფილად ვერ აითვისებს საგანმანათლებლო პროგ­რამას, მიიღებს ცნობას სწავლის კურსის მოსმენის შესახებ.

    მუხლი 5. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზაცია

1. ლიცეუმში საგანმანათლებლო პროცესი მოიცავს:

ა) თეორიულ სწავლებას (ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციალური საგნების სწავლება);

ბ) საწარმოო სწავლებას და პრაქტიკას;

გ) მოსწავლეებთან აღმზრდელობით მუშაობას.

2. ზოგადსაგანმანათლებლო სწავლების პროგრამა ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათ­ლებლო სტანდარტების საფუძველზე.

3. სასწავლო პროცესის გრაფიკი და არდადეგების ხანგრძლივობა განისაზღვრება განათლებისა და მეცნიე­რების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

4. მოსამზადებელი პროფესიები შეირჩევა შრომის ბაზრის მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო დაკვეთით და ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი საგანმანათ­ლებლო მომსახურებით.

5. ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტროს მიერ დადგენილი წესით.

6. ცალკეულ საგნებსა და საწარმოო სწავლებაში ჯგუფების გაყოფა ხდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

7. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საწარ­­მოო სწავლებასა და პრაქტიკის პროცესში ლიცეუ­მი ეწევა სასწავლო-საწარმოო საქმიანობას, მოსწავლეთა მონაწილეობით ქმნის პროდუქციას, ეწევა ანაზღაუ­რებად, მათ შორის, ფასიან საგანმანათლებლო მომსახუ­რებას.

8. სასწავლო-საწარმოო საქმიანობის პროცესში მოს­წავლის მიერ შესრულებული სამუშაო ანაზღაურ­დება სამუშაოს მოცულობის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული განაკვეთის შესაბამისად.

9. ლიცეუმში ზოგადსაგანმანათლებლო და პროფე­სიული სწავლების შინაარსისა და სწავლების მეთო­დიკის სრულყოფის თვალსაზრისით, დაწესებულების პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას საგნობრივი მეთოდური გაერთიანებები.

    მუხლი 6. ლიცეუმის მართვა

1. ლიცეუმის მართვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესდების საფუძველზე.

2. ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების, დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპუ­რი დებულებისა და ამ წესდებით განსაზღვრულ უფლე­ბამოსილებათა ფარგლებში,ლიცეუმს მართავს დირექტო­რი, რომელიც ამასთანავე არის ლიცეუმის წარმომად­გენლობაზე უფლებამოსილი პირი.

3. დირექტორს დადგენილი წესით ნიშნავს და ათა­ვისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერე­ბის მინისტრი.

4. დირექტორი უფლებამოსილია:

ა) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სამუ­შაოზე მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტროს მიერ დადგენილი წესით, პედაგოგიურ საბჭოს­თან შეთანხმებით, შეადგინოს ლიცეუმის პედაგო­გიური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატეს­ტაციის განრიგი.

5. დირექტორი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

ბ) პასუხისმგებელია ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულებისათვის;

გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;

დ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას და მიზან­შეწონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები;

ე) უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებაზე კონტროლი.

6. დირექტორი ხელმძღვანელობს ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ საბჭოს.

7. დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის, ტიპური დებულებისა და ამ წესდების შესაბამისად განაგებს ლიცეუმის ქონებას და საფინანსო სახსრებს;

8. დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე.

9. დირექტორი პასუხისმგებელია ლიცეუმის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე.

10. დირექტორის არყოფნის, ან მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე სასწავლო-საწარმოო მუშაობაში.

11. ადმინისტრაციის წევრთა უფლება-მოვალეობანი თანამდებობრივი საკვალიფიკაციო დახასიათებების საფუძველზე დგინდება ლიცეუმის შინაგანაწესით.

    მუხლი 7. პედაგოგიური საბჭო

1. პედაგოგიური საბჭო ,,განათლების შესახებ” და ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად წარმოადგენს არჩევით ორგანოს.

2. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა.

3. პედაგოგიური საბჭოს წევრთა რიცხვი უნდა შეადგენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-სა და არა უმეტეს 1/3-ს. თუკი დაწესებულებების პედა­გოგთა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედა­გოგიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან. პედაგოგიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.

4. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს დირექტორს და დაწესე­ბუ­ლების ნებისმიერ პედაგოგს.

5. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭის­ყრით. საერთო კრების უმრავლესობის გადაწყვეტილე­ბით შესაძლებელია ცალკეული კანდიდატის ასარჩე­ვად ჩატარდეს ფარული კენჭისყრაც.

6. ლიცეუმის პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს დირექტორი.

7. სათათბირო ხმით პედაგოგიური საბჭოს მუშაო­ბაში მონაწილეობს ყველა პედაგოგი.

8. პედაგოგიური საბჭო წარმართავს საგანმანათ­ლებლო პროცესს, სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ მუშაობას;

9. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს.

10. პედაგოგიური საბჭო განიხილავს ლიცეუმში არსებულ მდგომარეობას და აფასებს მას.

11.პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობა აირჩევა ყოველწლიურად სასწავლო წლის დასაწყისში.

12. საბჭო ასრულებს ამ წესდებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

13. პედაგოგიური საბჭო მოიწვევა თვეში ერთხელ.

    მუხლი 8. სამეურვეო საბჭო

1. ლიცეუმში მატერიალური და ფინანსური სახ­სრების მოზიდვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით, იქმნება სამეურვეო საბჭო.

2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, მათ შორის, ლი­­ცეუმის პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდგენილი 1 წევ­რი, მშობელი, სოციალური პარტნიორი დამსაქმე­ბელი ან საზოგადოების სხვა თვალსაჩინო წარმო­მადგენელი.

3. სამეურვეო საბჭო აირჩევა სამი წლის ვადით.

4. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე.

5. სამეურვეო საბჭოს ერთ წევრს ღია კენჭისყრით ირჩევს პედაგოგიური საბჭო. დანარჩენი 4 წევრი აირჩევა მშობელთა საერთო კრებაზე, ღია კენჭისყრით. თი­თოეულ კანდიდატს დასახელების რიგითობით ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც სხვებზე მეტ ხმებს დააგროვებს.

6. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი წევრის არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრებაზე, უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა.

    მუხლი 9. მოსწავლეები

1. მოსწავლე არის პირი, რომელიც არჩეული პრო­ფესიისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესას­წავლად, განსაზღვრული ასაკის, განათლების დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად ირიცხება ლიცეუმში.

2. სახელმწიფო დაკვეთით განსაზღვრული ადგი­ლების დაკავება ხდება კონკურსის წესით, რომლის პირობებს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტროს დადგენილი წესის შესაბამისად ადგენს პედაგო­გიური საბჭო.

3. ლიცეუმში ჩარიცხვისას მოსწავლეს, მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელსა და დირექ­ტორს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აღინიშნება:

ა) უფასო ან ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურე­ბის სახე და მისი განხორციელების პირობები;

ბ) განათლების მიღების ფორმა;

გ) საგანმანათლებლო პროგრამა და მისი შესრუ­ლების პირობები;

დ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრუ­ლებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის­თვის.

4. მოსწავლეები მიიღებიან:

ა) სახელობო მომზადების პროგრამით – 12 წლის ასაკიდან;

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრა­მით – 14-15 წლის ასაკიდან.

5. მოსწავლეებს უფლება აქვთ:

ა) აირჩიონ პროფესია და საგანმანათლებლო პროგ­რამა;

ბ) მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა და პიროვნული ღირსებების პატივისცემა;

გ) თავისუფლად გამოთქვან აზრი;

დ) დაეუფლონ დამატებით, მათ შორის, ფასიან საგან­მანათლებლო პროგრამებს;

ე) გადავიდნენ შესაბამისი დონის სხვა საგანმანათ­ლებლო დაწესებულებაში ამ უკანასკნელის თანხმობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ვ) საწარმოო სწავლებისა და პრაქტიკის პერიოდში ეწეოდნენ ანაზღაურებად სასწავლო-საწარმოო საქმია­ნობას;

ზ) სწავლის პერიოდში არასასწავლო დროს კანონ­მდებლობით დადგენილი წესით ეწეოდნენ თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის შესაბამის შრომით საქმიანობას;

თ) სამედიცინო უკუჩვენების გამო, არჩეული პროფესიით სწავლის გაგრძელების შეუძლებლობის შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებულ საგანმანათლებლო დაწესე­ბუ­­ლე­ბის მოსწავლეს უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე მიიღოს სხვა პროფესია.

6. 18 წლის ასაკამდე პირს, ზოგადი განათლების დონის გათვალისწინებით, უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე ერთხელ გაიაროს სახელობო მომზადების კურსი ან მიიღოს დაწყებითი პროფესიული განათლება..

7. მოსწავლეები ვალდებულნი არიან:

ა) აითვისონ საგანმანათლებლო პროგრამა, დაეუფ­ლონ არჩეულ პროფესიას;

ბ) დაიცვან ლიცეუმის შინაგანაწესი;

გ) პატივი სცენ თანატოლების, პედაგოგებისა და სხვა თანამშრომელთა უფლებებს;

დ) გაუფრთხილდნენ სასწავლებლის ქონებას, მისთვის ზარალის მიყენების შემთხვევაში აანაზღაუ­რონ იგი;

ე) შინაგანაწესის სისტემატური დარღვევებისათვის მოსწავლის მიმართ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვე­ტი­­ლე­ბით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპ­ლინური ზომები.

    მუხლი 10. პედაგოგიური მუშაკები

1. პედაგოგიურ მუშაკებს საკონკურსო შერჩევის სა­ფუძ­ველზე, სამუშაოზე იღებს და ათავისუფლებს დირექტორი.

2. პედაგოგიურ მუშაკებად მიიღებიან შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირები. არაპედა­გოგიური განათლების მქონე სპეციალური საგნების მას­წავლებლები და საწარმოო სწავლების ოსტატები სამუშაოზე დანიშვნისას აუცილებელი წესით გადიან მომზადებას პედაგოგიური ცოდნის მინიმუმის მისაღებად.

3. პედაგოგიური მუშაკები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გადიან სწავლებასა და ატესტაციას.

4. დირექტორსა და მუშაკს შორის დადებულ ხელშეკრულებაში აღინიშნება:

ა) შესასრულებელი სამუშაო და მისი შესრულების პირობები;

ბ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისათვის;

გ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები.

5. პედაგოგთა ხელფასი დგინდება მათი კატეგორიის შესაბამისად დადგენილი განაკვეთის მიხედვით.

6. ლიცეუმის ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქმნას მუშაკს შრომისათვის საჭირო პირობები, დაიცვას მისი უფლებები, ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ამაღლებასა და შემოქმედებით წინსვლაში

7. არასაბიუჯეტო სახსრების არსებობის შემთხვევაში, სასწავლებლის ადმინისტრაციას უფლება აქვს პედაგო­გიურ საბჭოსთან შეთანხმებით გასცეს ხელფასის დანამა­ტები, საკუთარი სტიპენდიები, პრემიები და ფინანსური დახმარებები მოსწავლეებსა და თანამშრომლებზე.

8. ლიცეუმის ყველა მუშაკი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;

გ) პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ მო­ვ­ა­­­ლეო­ბას, შეასრულოს ხელშეკრულებითი ნაკისრი ვალდებულებები;

დ) დაიცვას მოსწავლეთა უფლებები;

ე) აიმაღლოს კვალიფიკაცია, წარმოაჩინოს აქტივობა, ინიციატივა და შემოქმედებითი უნარი სწავლების შინაარსისა და მეთოდების დახვეწის და ახალი ტექნო­ლოგიების დანერგვის თვალსაზრისით;

ვ) მოსწავლეებთან მუშაობა წარმართოს თანამშრომ­ლობის პრინციპით, მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით.

9. პედაგოგს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა;

ბ) აირჩიოს სწავლებისა და აღზრდის მეთოდები, მეცადინეობის ფორმები, მეთოდები და საშუალებები;

გ) მონაწილეობა მიიღოს ლიცეუმის საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში;

დ) ისარგებლოს პედაგოგიურ მუშაკთათვის კანონდებ­ლობით დადგენილი ყველა უფლებითა და შეღავათით.

    მუხლი 11. ლიცეუმის ქონება

1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორ­ციელებლად ლიცეუმს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, საქართვე­ლოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესაბა­მისი ქონება.

2. ლიცეუმი მის მფლობელობაში არსებული ქო­ნე­­ბის მიმართ ქონებრივ-სამართლებრივ უფლება­მო­სილებებს ახორციელებს კანონმდებლობით დად­გენილი წესით.

    მუხლი 12. დაფინანსება

1. ლიცეუმის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობ­რივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღე­ბუ­ლი შემოსავლები;

გ) სასწავლო-საწარმოო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

დ) ფასიანი საგანმანათლებლო და სხვა სახის მომ­სა­ხურებიდან მიღებული შემოსავლები;

ე) შემოწირულობებით, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით, გრანტებით მიღებული შემოსავლები;

ვ) ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება;

ზ) სოციალურ პარტნიორთა სახსრები;

თ) დამკვეთის სახსრებით წარმოების მუშახელის პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფი­კაციის ამაღლების ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავლები;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.

2. ლიცეუმის სახსრები და შემოსავლები განიკარ­გება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთ­ლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. ლიცეუმის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.

    მუხლი 13. სახელმწიფო კონტროლი

1. ლიცეუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელ­მწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორ­ციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნისტროს თანხმობას საჭიროებს ლიცეუმის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატ­ვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზ­ღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები ლიცეუმის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნ­ქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორ­ციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების გან­ხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ლიცეუმი ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღ­რიც­­ხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამ­ტკიცებლად წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერე­ბის სამინისტროს. დაწესებულების საფინან­სო კონ­ტროლი ხორციელდება კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ლიცეუმის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებ­რივი აქტი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და დაწესებულების წესდებას.

6. ლიცეუმი ვალდებულია განათლებისა და მეცნიე­რების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავში­რებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.

    მუხლი 14. წესდებაში ცვლილებების შეტანა

ლიცეუმის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხორ­ციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 15. ლიცეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ლიცეუმის, როგორც საჯარო სამართლის იური­დიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორ­ციელდება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 16. გარდამავალი დებულებები

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. თბი­ლისის მდივან-რეფერენტთა პროფესიული ლიცეუმი წარმოადგენს ქ. თბილისის მდივან-რეფერენტთა პროფე­სიული ლიცეუმის უფლებამონაცვლეს.