საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს დაცვის ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.06.2005 ძალადაკარგული 14.02.2006
ნომერი
№123
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.230.007458
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 69, 10/06/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.007.458

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №123

2005 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს დაცვის ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ

,,ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის №641 ბრძანებულების მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს დაცვის ლაბორატორიის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

საჯარო სამართლის იურდიული პირის – გარემოს დაცვის ლაბორატორიის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ლაბორატორია (შემდგომში – ლაბორატორია) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის   2004 წლის 31 დეკემბრის №641 ბრძანებულების მე-2 პუნქტის საფუძველზე, არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უშუალოდ, ასევე თავისი რეგიონული ფილიალების მეშვეობით.

2. ლაბორატორიას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშები ბანკში, იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტები.

3. ლაბორატორია მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში თავისი სახელით დებს გარიგებებს (ხელშეკრულებებს), კისრულობს ვალდებულებებს, გამოდის მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.

4. ლაბორატორია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით.

5. ლაბორატორიის იურიდიული მისამართია: მცხეთის რაიონი, სოფელი დიღომი, დიდგორის ქ. №40.

    მუხლი 2. ლაბორატორიის საქმიანობის სფერო და ამოცანები

ლაბორატორიის საქმიანობის სფერო და ამოცანებია:

ა) გარემოს კომპონენტების (ატმოსფერული ჰაერი, ზედაპირული და ჩამდინარე წყლები, ნიადაგი) დაბინძურების ხარისხის დადგენის მიზნით ლაბორატორიული საქმიანობის განხორციელება;

ბ) გარემოში მავნე ნივთიერებების მუდმივი და ავარიული (ზალპური) ემისიების დონეების დადგენის მიზნით ლაბორატორიული საქმიანობის განხორციელება;

გ) გარემოს დამაბინძურებელი წყაროების შესახებ მონაცემთა ბანკის შექმნა.

    მუხლი 3. ლაბორატორიის უფლებამოსილება

1. ლაბორატორიას უფლება აქვს:

ა) ლაბორატორიულ-ანალიტიკური საქმიანობის განხორციელებისას მოითხოვოს ფიზიკური და იურდიული პირებისაგან (საკუთრებისა და ორგნიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) გარემოსდაცვითი საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია;

ბ) ჩაატაროს ლაბორატორიულ-ანალიტიკური სამუშაობები;

გ) გაუწიოს ფასიანი მომსახურება ფიზიკურ და იურდიულ პირებს;

დ) საკონტრაქტო ფორმით მოიწვიოს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

2. ლაბორატორიას უფლება არა აქვს არსებითად გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე.   

    მუხლი 4. ლაბორატორიის ხელმძღვანელობა

1. ლაბორატორიას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

2. დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ-ლებს დირექტორი. დირექტორის მოადგილე თავის საქმიანობას ახორციელებს დირექტორის მიერ განსაზღვრული კომპეტენციების ფარგლებში.

3. დირექტორი ლაბორატორიის საქმიანობას უძღვება ერთპიროვნულად, პასუხისმგებელია მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე და ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ლაბორატორიის საკუთრებაში არსებული ქონების და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.

4. ლაბორატორიის დირექტორი უფლებამოსილია:

ა) იმოქმედოს ლაბორატორიის სახელით და წარმოადგინოს მისი ინტერესები სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;

ბ) ისარგებლოს ლაბორატორიის ბალანსზე არსებული ქონებით, დადოს ხელშეკრულებები, კონტრაქტები, ბანკებში გახსნას ანგარიშსწორების ანგარიშები;

გ) თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს ლაბორატორიის თანამშრომლები;

დ) წარმოადგინოს ლაბორატორია სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციებში, გამოვიდეს მისი სახელით სასამართლოში, გასცეს შესაბამისი მინდობილობები წარმომადგენლობაზე;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები.

5. ლაბორატორიის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ლაბორატორიის საქმიანობას წარმართავს დირექტორის მოადგილე.

    მუხლი 5. ლაბორატორიის სტრუქტურა

1. ლაბორატორია შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.

2. ლაბორატორიის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) დასავლეთ საქართველოს გარემოს დაცვის განყოფილება;

ბ) კახეთის გარემოს დაცვის განყოფილება;

გ) ქვემო ქართლის გარემოს დაცვის განყოფილება;

დ) აჭარის გარემოს დაცვის განყოფილება;

ე) გურიის გარემოს დაცვის განყოფილება;

ვ) სამცხე-ჯავახეთის გარემოს დაცვის განყოფილება;

ზ) შიდა ქართლის გარემოს დაცვის განყოფილება;

თ) სამეგრელოს გარემოს დაცვის განყოფილება.

3. ლაბორატორიის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სფერო, ამოცანები და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით ლაბორატორიისათვის მინიჭებული საქმიანობის სფეროს, ამოცანებისა და უფლებამოსილების ფარგლებში.

    მუხლი 6. ლაბორატორიის ქონება

1. ლაბორატორიის მოძრავი და უძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრებაა, იგი ლაბორატორიას გადაცემული აქვს მხოლოდ ფლობისა და სარგებლობისათვის.

2. ლაბორატორიის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში არსებული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომელიც აისახება მის დამოუკიდებელ ბალანსში.

3. ლაბორატორიის ქონების გასხვისება, შეძენა და დატვირთვა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ლაბორატორიის ქონება შეიძლება გაიზარდოს მიღებული შემოსავლების და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა წყაროების ხარჯზე.

    მუხლი 7. ლაბორატორიის საფინანსო საქმიანობა

1. ლაბორატორია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საბუღალტრო და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს.

2. ლაბორატორიის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

3. ლაბორატორიის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლები;

დ) გრანტები;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

    მუხლი 8. ლაბორატორიის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

1. ლაბორატორიის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობაზე, ეფექტურობაზე და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაზე ზედამხედველობასა და სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლება აქვს ლაბორატორიისაგან მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ლაბორატორიის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

4. ლაბორატორიამ მხოლოდ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება განახორციელოს:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები ლაბორატორიის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

5. ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

    მუხლი 9. ლაბორატორიის დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

ლაბორატორიის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 10. ლაბორატორიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ლაბორატორიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.