საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის დადგენილება №61 ,,არასახელმწიფო საპენსიო დანაგროვთა აქტივების სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.10.2005 ძალადაკარგული 20.01.2009
ნომერი
№61
სარეგისტრაციო კოდი
280050000.12.005.007778
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 119, 17/10/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.050.000.12.005.007.778

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის

დადგენილება №61

2005 წლის 7 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

არასახელმწიფო საპენსიო დანაგროვთა აქტივების სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ

„არასახელმწიფო დანაგროვთა აქტივების სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს:

1. დამტკიცდეს „არასახელმწიფო საპენსიო დანაგროვთა აქტივების სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ” წესი.

2. წინამდებარე დადგენილების პირველ პუნქტში განსაზღვრული წესი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე                    მ. ჯიბუტი

წ ე ს ი

„არასახელმწიფო საპენსიო დანაგროვთა აქტივების სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ”

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი შემუშავებულია „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის და უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის (შემდგომში _ კანონი) 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს საპენსიო დანაგროვთა აქტივების (შემდგომში _ საპენსიო აქტივები) სტრუქტურას და შემადგენლობას.

    მუხლი 2. განმარტებები

 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები. ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება ტერმინები შემდეგი მნიშვნელობებით:

ა) საპენსიო აქტივების საინვესტიციო დეკლარაცია (საინვესტიციო დეკლარაცია) – საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ ყოველი წლისთვის შედგენილი გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ინვესტირების მიზნებს, საინვესტიციო პოლიტიკის აღწერილობას და მოთხოვნებს საინვესტიციო პორტფელის სტრუქტურისადმი;

ბ) საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში დაშვებული ფასიანი ქაღალდი – ფასიანი ქაღალდი, რომლის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ საფონდო ბირჟაზე (შემდგომში – საფონდო ბირჟა);

გ) საფონდო ბირჟის ლისტინგში დაშვებული ფასიანი ქაღალდი – საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში დაშვებული ფასიანი ქაღალდი, რომელიც აკმაყოფილებს საფონდო ბირჟის წესებით განსაზღვრულ სალისტინგო მოთხოვნებს;

დ) ფიქსირებულ შემოსავლიანი ინვესტირება – ინვესტირება, რომლის შემოსავლიანობა ცნობილია ინვესტირების მომენტში;

ე) საბაზრო შემოსავლიანი ინვესტირება – ინვესტირება, რომლის შემოსავლიანობაც დამოკიდებულია ბაზარზე;

ვ) მარეგულირებელი ორგანო – „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი.

    მუხლი 3. ინვესტირების ობიექტები

1. საპენსიო დანაგროვთა ფონდის ფორმირება ხდება მეანაბრეთა საპენსიო შენატანებისა და საპენსიო დანაგროვთა ამ წესით განსაზღვრულ ობიექტებში და მოთხოვნების შესაბამისად განხორციელებული ინვესტირებიდან მიღებული საინვესტიციო მოგების ხარჯზე.

2. ინვესტირების ერთ ობიექტად მიიჩნევა:

ა) ერთი ემისიის (გამოშვების) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები;

ბ) მუნიციპალური ორგანოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ერთი და იგივე ეროვნული საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ) ერთი რეზიდენტი ემიტენტის მიერ გამოშვებული ყველა კლასის ფასიანი  ქაღალდები;

დ) დეპოზიტები ერთი ბანკში;

ე) უძრავი ქონების ერთი ობიექტი, რომლის გასხვისებაც ნებადართულია;

ვ) ერთი უცხო ქვეყნის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები;

ზ) ერთი არარეზიდენტი ემიტენტის ფასიანი ქაღალდები.

3. ერთ ობიექტში (გარდა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისა) ინვესტირებული საპენსიო სახსრების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო სახსრების საერთო მოცულობის 20%-ს. ამასთან, მაქსიმალური წილი ერთი ემიტენტის ფასიანი ქაღალდებისა არ უნდა აღემატებოდეს ამ ემიტენტის მიმოქცევაში მყოფი ფასიანი ქაღალდების ერთობლივი მოცულობის 30 პროცენტს (გარდა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისა).

4. საპენსიო დანაგროვთა არანაკლებ 30% უნდა განთავსდეს ფიქსირებულ შემოსავლიანი ინვესტირების ობიექტებში.

5. საბაზრო შემოსავლიანი ინვესტირების ობიექტებში დასაშვებია საპენსიო დანაგროვთა არა უმეტეს 50%-ის ინვესტირება.

6. საპენსიო სახსრების განთავსებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ა) საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში დაშვებულ ფასიან ქაღალდებში ინვესტირებული საპენსიო სახსრების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო სახსრების 25%-ს.

ბ) საფონდო ბირჟის ლისტინგში დაშვებულ საწარმოთა ფასიან ქაღალდებში ინვესტირებული საპენსიო სახსრების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო სახსრების 50%-ს.

გ) იმ სახელმწიფო და მუნიციპალურ ფასიან ქაღალდებში ინვესტირებული საპენსიო სახსრების ღირებულება, რომლებიც არ არიან დაშვებული საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში, ერთობლივად არ უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო სახსრების 20 %-ს.

დ) იმ სახელმწიფო და მუნიციპალურ ფასიან ქაღალდებში, რომლებიც არიან დაშვებული სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე, ინვესტირებული საპენსიო სახსრების ღირებულება, ერთობლივად არ უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო სახსრების 50 %-ს.

ე) საბანკო დეპოზიტებზე განთავსებული სახსრების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო სახსრების 40 %-ს.

ვ) უძრავ ქონებაში ინვესტირებული საპენსიო სახსრების საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო სახსრების 20 %-ს.

ზ) უცხო ქვეყნის სახელმწიფო და საჯარო კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებული საპენსიო სახსრების ღირებულება ერთობლივად არ უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო სახსრების 30%-ს.

    მუხლი 4. კონტროლი

1. საპენსიო აქტივების სტრუქტურისა და შემადგენლობის ამ წესთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელია აქტივების მმართველი კომპანია.

2. სპეციალიზებული დეპოზიტარი, რომელიც საპენსიო სქემის დამფუძნებელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს აქტივების მმართველი კომპანიის დეპოზიტარულ მომსახურებას, ვალდებულია, „სპეციალიზებულ დეპოზიტართან ხელშეკრულების დადების წესის შესაბამისად”,  აკონტროლოს საპენსიო დანაგროვთა განთავსების შესაბამისობა საკანონმდებლო მოთხოვნებთან.

3. იმ შემთხვევაში, თუ მოწოდებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ირღვევა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია ინფორმაციის მიღებიდან მეორე სამუშაო დღეს წარუდგინოს ამის შესახებ ინფორმაცია დამფუძნებელს და მარეგულირებელ ორგანოებს.

4. სპეციალიზებული დეპოზიტარისაგან ამ მუხლის მე3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, დამფუძნებელი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები და ინფორმაციის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში მოიყვანოს საპენსიო აქტივების სტრუქტურა ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

5. თუ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვერ ახერხებს საპენსიო აქტივების სტრუქტურის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მარეგულირებელ ორგანოებს და იმოქმედოს მათი ინსტრუქციების შესაბამისად.

    მუხლი 5. გარდამავალი დებულებები

1. ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ” და „ე” ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

2. საპენსიო დანაგროვთა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა”, „ბ” და „დ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებში ინვესტირების შემთხვევებზე ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 20 %-იანი შემზღუდავი ნორმა გავრცელდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.