3.1. საარბიტრაჟო შეთანხმება არის შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომელიც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას, მათ შორის, ამა თუ იმ სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე.
3.2. საარბიტრაჟო შეთანხმება შეიძლება დაიდოს ხელშეკრულებაში საარბიტრაჟო დათქმის ან ცალკე შეთანხმების ფორმით.
3.3.  საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით.
3.4. საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ მისი შინაარსი დაფიქსირებულია ნებისმიერი ფორმით, მიუხედავად საარბიტრაჟო შეთანხმების ან ხელშეკრულების დადების ფორმისა.
3.5. საარბიტრაჟო შეთანხმების წერილობითი ფორმით დადების შესახებ მოთხოვნა სრულდება ელექტრონული შეტყობინებით, თუ შეტყობინებაში მოცემული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მისი შემდგომი გამოყენებისათვის.
3.6. საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ იგი გაფორმებულია საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის გაცვლით, როდესაც ერთი მხარე ამტკიცებს, ხოლო მეორე მხარე არ უარყოფს საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობას.
3.7. ხელშეკრულებაში არსებული მითითება ნებისმიერ დოკუმენტზე, რომელიც მოიცავს საარბიტრაჟო დათქმას, არის წერილობითი ფორმის საარბიტრაჟო შეთანხმება, თუ ამგვარი მითითება აღნიშნულ დათქმას ხდის ხელშეკრულების ნაწილად.
3.8. თუ ხელშეკრულების ან საარბიტრაჟო შეთანხმების ერთ-ერთი მხარეა ფიზიკური პირი ან ადმინისტრაციული ორგანო, საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. ასეთ შეთანხმებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის 3.4-3.6 პუნქტები.
3.9. არბიტრაჟი უფლებამოსილია, მიიღოს დადგენილება თავისი კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის თუ ნამდვილობის დადგენის ჩათვლით. ამ მიზნით საარბიტრაჟო დათქმა, რომელიც ხელშეკრულების ნაწილია, განიხილება საარბიტრაჟო შეთანხმებად, რომელიც არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების სხვა პირობებზე. არბიტრაჟის მიერ ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ გამოიწვევს საარბიტრაჟო დათქმის ბათილობას.
3.10. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს საარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენამდე. მხარის მიერ არბიტრის დანიშვნა ან არბიტრის დანიშვნაში მონაწილეობა არ ართმევს ამ მხარეს უფლებას, გააკეთოს ასეთი განცხადება.
3.11. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს მხარის მიერ შესაბამისი გარემოებების შეტყობიდან 7 დღის ვადაში.
3.12. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს ამ მუხლის 3.11 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც, თუ აღნიშნული ვადის გასვლას არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს.
3.13. თუ არბიტრაჟი განსაზღვრავს, რომ მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, მხარეებს შეუძლიათ ეს გადაწყვეტილება გამოტანიდან 30 დღის ვადაში გაასაჩივრონ სასამართლოში. სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება