განჩინება სს „ქართლიგაზი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2012 წლის 5 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებლები:
1. შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“
2. შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“
მოვალე – სს ,,ქართლიგაზი“
მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ და შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ განცხადებით მომართეს სასამართლოს და მოითხოვეს სს ,,ქართლიგაზის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 07 ივნისის განჩინებით, შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ და შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა ლალი თევდორაშვილი და კრედიტორთა კრება მოწვეული იქნა 2011 წლის 24 აგვისტოს 11:00 საათზე.
ლ. თევდორაშვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა მეურვის თანამდებობიდან გათავისუფლება იმაზე მითითებით, რომ სს ,,ქართლიგაზი“ იმყოფება უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში, საზოგადოებას არ გააჩნია არანაირი ფინანსური სახსრები, ხოლო საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება აღემატება როგორც საზოგადოების, ისე მეურვის შესაძლებლობებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 აგვისტოს განჩინებით, ლალი თევდორაშვილი გათავისუფლდა სს ,,ქართლიგაზის“ მეურვის თანამდებობიდან და სს ,,ქართლიგაზის“ მეურვედ დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო. განემარტა მეურვეს, რომ იგი ვალდებული იყო განეხილა და შეეფასებინა მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოემზადებინა მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარედგინა იგი სასამართლოსათვის, დაედგინა ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეეტყობინებინა მათთვის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
2011 წლის 30 დეკემბერს სს ,,ქართლიგაზის“ მეურვემ მომართა სასამართლოს კრედიტორთა კრების თარიღის განსაზღვრის მიზნით.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს სს ,,ქართლიგაზის“ კრედიტორთა კრება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-14-მე-18 პუნქტებით გათვალისწინებული საკითხების განხილვის მიზნით.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-14, მე-19, 21-ე, 25-ე, 26-ე და 29-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,,ქართლიგაზის“ კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2012 წლის 06 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს №24 სხდომის დარბაზში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6);
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ლ.ქოჩიაშვილი