მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კლასის შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა№9
2012 წლის 6 თებერვალი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კლასის შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლების საფუძველზე,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კლასის შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის თანდართული წესი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კლასის შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესი
მუხლი 1.
1. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (შემდგომში – საქართველოს მთავრობის დადგენილება) 65-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე და საქართველოს მთავრობის დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით, შესაძლებელია მცხეთის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული ტერიტორიებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა დადგენილებით კონკრეტულ ტერიტორიაზე აკრძალული ან შეზღუდული არ არის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა.
2. თუ შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა ხორციელდება ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, დამატებითი დოკუმენტაციის სახით სავალდებულოა (გარდა გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრებისა) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილ იქნეს:
ა) შენობა-ნაგებობის ფასადის მდებარეობის ამსახველი ადგილის ტოპოგრაფიული რუკა ფასადის მდებარეობის ადგილის ჩვენებით;
ბ) შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი.
მუხლი 2.
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა განთავსებისათვის/მშენებლობისათვის მშენებლობის ნებართვის აღება სავალდებულოა (გარდა გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრების სამუშაოებისა), თუ განთავსება/მშენებლობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა მდებარეობს:
ა) ქ. მცხეთაში;
ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფო მნიშვნელობის გზების ორივე მხარეს მიმდებარე 50-მეტრიან ზოლში;
გ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ზონებში შენობა-ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟი აკრძალულია ან შეზღუდულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონით);
დ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული „საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის №655 ბრძანებულებით განსაზღვრულ კურორტებსა და საკურორტო ადგილებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „ბ”, „გ” და „დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟის შემთხვევაში, თუ ანტრესოლი, კიბე, ვიტრინა, კარი, ფანჯარა და სხვა ღიობები არ უკავშირდება შენობის ფასადის ცვლილებას, მათი მოწყობა ხორციელდება შესაბამისი ნებართვის აღების გარეშე, საქართველოს მთავრობის დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუქტის “ყ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა და 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.
მუხლი 3.
ამ წესის პირველი და მეორე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები და შეღავათები ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე.
მუხლი 4.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მიერ შესაბამისი საკითხის შესწავლისა და მომზადების შემდგომ, დაევალოს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს.