1. წინასწარი შეცნობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) დიდი ოდენობით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება შემოსავალი ოცდაათი ათასი ლარიდან ორმოცდაათ ათას ლარამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – შემოსავალი ორმოცდაათი ათასი ლარის ზევით.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევითა და ჯარიმით.
საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5953 – სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.56
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011