1. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ვალდებულია განსაზღვროს კონკრეტული პირი (პირები) ან თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელიც (რომლებიც) პასუხისმგებელია (პასუხისმგებელი არიან) კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის კომპიუტერული სისტემების უსაფრთხოების პრაქტიკული უზრუნველყოფისათვის (კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი).

2. კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტის ძირითადი მოვალეობებია:

ა) კომპიუტერული სისტემების ყოველდღიური მონიტორინგი და შეფასება;

ბ) კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირება, მასზე რეაგირება და კომპიუტერული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება: პირველი ან მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის შემთხვევაში − ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფისთვის, მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის შემთხვევაში − ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფისთვის, ხოლო თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის შემთხვევაში − კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფისთვის;

გ) კომპიუტერული ინციდენტებისა და უსაფრთხოების ზომების ანალიზი და ანგარიშგება;

დ) დახმარების ჯგუფთან კოორდინაცია;

ე) სხვა მოვალეობები, რომლებსაც განსაზღვრავს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი.

3. კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი ანგარიშვალდებულია კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელის ან მის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე.

4. კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერ დროს, მათ შორის, სამუშაო საათების შემდეგ. იგი ვალდებულია კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტზე მიმდინარე ან სავარაუდო კიბერშეტევის და მისი შედეგების აღმოფხვრის პროცესში უზრუნველყოს მუდმივი კოორდინაცია: პირველი ან მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის შემთხვევაში − ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფთან, მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის შემთხვევაში − ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფთან, ხოლო თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის შემთხვევაში − კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფთან.

5. თუ მიმდინარე ან სავარაუდო კიბერშეტევა განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოების ნორმალურ ფუნქციონირებას, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო უფლებამოსილია კიბერშეტევის თავიდან აცილების, მოგერიების ან/და მისი შედეგების აღმოფხვრის მიზნით განახორციელოს კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტებისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის დროებითი კოორდინაცია. საომარი მდგომარეობის დროს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა და კიბეროპერაციები ხორციელდება თავდაცვის კოდექსის შესაბამისად.

6. პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტებად შესაძლებელია განისაზღვრონ პირები, რომლებსაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება.

საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6299 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021წ.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3506 – ვებგვერდი, 12.10.2023