1. პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების შემოწმების მიზნით ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ სუბიექტის საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმების ჩატარების შესახებ. ამ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს აღნიშნული შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირის ვინაობა და შემოწმების ფარგლები. საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმება შესაძლებელია მოიცავდეს:

ა) აღნიშნული სუბიექტის შიდა ქსელს, გარე ქსელზე წვდომის წერტილს, ქსელის კონფიგურირებას, ქსელის ფუნქციონირებისა და მისი უსაფრთხოებისთვის გამოყენებულ აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებს;

ბ) ქსელში ჩართულ აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება მონაცემების მიღებისთვის, დამუშავებისთვის, შენახვისთვის ან/და გადაცემისთვის;

გ) აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ქსელში ჩართვის ფორმალიზებულ ან არაფორმალიზებულ წესებსა და პროცედურებს.

2. საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმების ჩატარების წესი და პროცედურები დგინდება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირს უფლება აქვს, სპეციალური ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებით შეამოწმოს პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები ან/და ქსელური ინფრასტრუქტურა, ასევე შეამოწმოს შესამოწმებელ საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები მათი განთავსების ადგილზე და გადაიღოს ამ დოკუმენტების ასლები, მოსთხოვოს პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის წარმომადგენელს/წარმომადგენლებს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტებები. საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმების დროს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ხელი არ მიუწვდება ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული არ არის. საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმება ტარდება პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერთან, კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტთან ან/და სხვა უფლებამოსილ წარმომადგენლებთან თანამშრომლობითა და კოორდინაციით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირი დამტკიცებული ფორმის მიხედვით ადგენს საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმების შესახებ დასკვნას. ამ დასკვნაში უნდა მიეთითოს: შემოწმების ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი; შემოწმების ჩატარების საფუძველი; შემოწმებაზე დამსწრე პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის წარმომადგენლის/წარმომადგენლების ვინაობა; შემოწმებული დოკუმენტების ჩამონათვალი; შემოწმებული აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები ან/და ქსელური ინფრასტრუქტურა და შემოწმებისთვის გამოყენებული აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები; მიღებული ზეპირი ახსნა-განმარტებების მიმოხილვა (წერილობითი ახსნა-განმარტებების მიღების შემთხვევაში აღნიშნულ დასკვნას უნდა დაერთოს შესაბამისი მასალა); დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია რეკომენდაციები ან/და შესასრულებლად სავალდებულო მითითებები (მათი არსებობის შემთხვევაში); შესასრულებლად სავალდებულო მითითებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ვადა; შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწერა, პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის წარმომადგენლის/წარმომადგენლების ხელმოწერა/ხელმოწერები, ხოლო მის/მათ მიერ ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში – შემოწმებაზე დამსწრე სულ ცოტა 2 პირის ხელმოწერები.

5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმების ჩატარების შედეგად გამოვლენილი დამრღვევი პირის ქმედებაში გამოიკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვრული დანაშაულის ნიშნები, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ამ შემოწმების მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს საგამოძიებო ორგანოს.

6. პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითებების შესრულება და ამ კანონის მე-4 მუხლის თანახმად მიღებული დოკუმენტების მათთან შესაბამისობა;

ბ) ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს წინასწარ შეუთანხმოს საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაში დაგეგმილი ცვლილებები, რომლებმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითებების შესრულებაზე.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმებასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ ვრცელდება საგადახდო, ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორებისა და რეზერვების მართვის სისტემებზე, აგრეთვე მონეტარული და სავალუტო ოპერაციებისთვის გამოყენებულ კრიტიკულ სისტემებზე.

საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021