„საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ 2004 წლის 13 ოქტომბრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმი

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№14-39
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016159
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 
 
 

 

„საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ 2004 წლის 13 ოქტომბრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმი
 

საქართველო და ლატვიის რესპუბლიკა,

 

სურთ რა გააფორმონ საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ 2004 წლის 13 ოქტომბერს ქ. რიგაში ხელმოწერილ შეთანხმებაში (შემდგომში „შეთანხმება“), ცვლილებების შეტანის თაობაზე ოქმი,

 

შეთანხმდნენ შემდეგზე:


 
მუხლი 1

შეთანხმების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „g" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„g) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა’’ ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო გემებით, საჰაერო ხომალდებით ან საგზაო სატრანსპორტო საშუალებით,  რომელთა ექსპლოატაცია ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო გემების, საჰაერო ხომალდების ან საგზაო სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;”.

 

მუხლი 2

შეთანხმების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტში მითითება „6 თვეზე” შეიცვალოს „9 თვით”.

 

მუხლი 3

შეთანხმების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„საზღვაო გემები, საჰაერო ხომალდები და საგზაო სატრანსპორტო საშუალებები უძრავ ქონებად არ განიხილება.".

 

მუხლი 4

შეთანხმების მე-8 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8

საერთაშორისო ტრანსპორტიდან მიღებული მოგება

1. საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო გემების, საჰაერო ხომალდების ან საგზაო სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.“.

 

მუხლი 5

შეთანხმების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 10

დივიდენდები

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ამგვარი დივიდენდები შესაძლოა აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს:

a) დივიდენდების საერთო რაოდენობის 5 პროცენტს, თუ ბენეფიციური მფლობელია კომპანია (ამხანაგობის გარდა), რომელიც უშუალოდ ფლობს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალის სულ მცირე 10 პროცენტს;

b) დივიდენდების საერთო რაოდენობის 10 პროცენტს ყველა სხვა შემთხვევაში.

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მიუხედავად, დივიდენდები იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, თუ ბენეფიციური მფლობელია კომპანია (ამხანაგობის გარდა), რომელიც უშუალოდ ფლობს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალის სულ მცირე 50 პროცენტს.

4. ამ მუხლის მიზნებისათვის, ტერმინი „დივიდენდები’’ ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენენ მოგებაში მონაწილე სავალე მოთხოვნებს, ასევე შემოსავალს სხვა უფლებებიდან, რომელიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.

5. ამ მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს და ახორციელებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას მასში განთავსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და ფლობა, რომლის საფუძველზეც დივიდენდების გადახდა უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ასეთ ფიქსირებულ ბაზას. ამ შემთხვევაში გამოიყენება შეთანხმების მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები.

6. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს შემოსავალს ან მოგებას, ამ მეორე სახელმწიფოს შეუძლია არ დააკისროს კომპანიას გადასახადი გადახდილ დივიდენდებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისთვის, ან როდესაც ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. მეორე სახელმწიფოს ასევე შეუძლია არ დაბეგროს კომპანიის გაუნაწილებელი მოგება იმ შემთხვევაშიც, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდან.“.

 

მუხლი 6

1.        შეთანხმების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში მითითება „10 პროცენტზე” შეიცვალოს „5 პროცენტით”.

 

2.        შეთანხმების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მე-2 პუნქტის დებულებათა მიუხედავად, პროცენტი, რომელიც წარმოიშობა ხელშემკვრელ სახელმწიფოში და რომლის მიმღები და ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, იბეგრება მხოლოდ ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ პროცენტი გადახდილია:

a) ბანკის მიერ გაცემულ ნებისმიერ სესხზე ან კრედიტის ნებისმიერ სახეობაზე;

b) მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობისათვის, მათ შორის, ნებისმიერი პოლიტიკური ქვედანაყოფისათვის ან ადგილობრივი ორგანოსთვის, ცენტრალური ბანკისათვის ან ნებისმიერი საფინანსო ინსტიტუტისათვის, რომელიც კონტროლდება ამ მთავრობის მიერ, ან პროცენტზე, რომელიც წარმოიშობა ამ მთავრობის მიერ გარანტირებულ სესხზე.“.

 

მუხლი 7

შეთანხმების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტში მითითება „10 პროცენტზე” შეიცვალოს „5 პროცენტით”.

მუხლი 8

შეთანხმების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„3. შემოსავლები, რომლებიც მიიღება საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო გემების, საჰაერო ხომალდების ან საგზაო სატრანსპორტო საშუალებების, ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.“.

 

მუხლი 9

შეთანხმების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„3. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, ანაზღაურება, რომელიც მიიღება საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებულ გემებზე, საჰაერო ხომალდებზე ან საგზაო სატრანსპორტო საშუალებებზე განხორციელებული დაქირავებით შრომიდან, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.“.

მუხლი 10

შეთანხმების 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„3. კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო გემებით, საჰაერო ხომალდებით ან საგზაო სატრანსპორტო საშუალებით, ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც განთავსებულია საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.”.

 

მუხლი 11

შეთანხმების ოქმის მე-4 მითითება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„4. მე-8, მე-13, მე-15 და 23-ე მუხლებთან მიმართებაში იგულისხმება, რომ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის და 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, სანამ ლატვია თავის ეროვნულ კანონმდებლობაში არ მიიღებს ფაქტობრივი მართვის ადგილს, როგორც რეზიდენტობის განმსაზღვრელ კრიტერიუმს. ნაცვლად ამისა, იმოქმედებს შემდეგი დებულებები:

მე-8 მუხლის პირველი პუნქტი:

„ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო გემების, საჰაერო ხომალდების და საგზაო სატრანსპორტო საშუალების  ექსპლოატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.“.

 

მე-13 მუხლის პირველი პუნქტი:

„შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო გემების, საჰაერო ხომალდების ან საგზაო სატრანსპორტო საშუალების ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.“.

 

მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი:

„ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, ანაზღაურება, რომელიც მიიღება ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებულ საზღვაო გემებზე, საჰაერო ხომალდებზე ან საგზაო სატრანსპორტო საშუალებებზე განხორციელებული დაქირავებით შრომიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ სახელმწიფოში.“.

 

23-ე მუხლის მე-3 პუნქტი:

„კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო გემებით, საჰაერო ხომალდებითა ან საგზაო სატრანსპორტო საშუალებით ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.“.

 

 

 

მუხლი 12

1.   ხელშემკვრელი სახელმწიფოების მთავრობები, დიპლომატური არხების მეშვეობითერთმანეთს წერილობით აცნობებენ ამ ოქმის ძალაში შესასვლელად საჭირო კონსტიტუციური მოთხოვნების დასრულების შესახებ.

2.   ოქმი ძალაში შევა პირველ პუნქტში აღნიშნული უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღეს და მისი დებულებები იმოქმედებენ ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში:

 

a)     წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომელიც მიღებული იქნა ამ ოქმის ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;

 

b) შემოსავალზე და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ ფისკალურ წელს, რომელიც იწყება ამ ოქმის ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.

 

რის დასტურადაც ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

 

შესრულებულია ქ. რიგაში, ორ დედნად, 2012 წლის 29 მაისს, თითოეული ქართულ, ლატვიურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. 

 

საქართველოს

სახელით

ლატვიის რესპუბლიკის

სახელით