1. ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, ერთი და იმავე კლასის ფასიანი ქაღალდები შესაძლებელია საქართველოში გამოშვებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი ფორმით:

ა) რეგისტრირებული ფორმით, ფასიანი ქაღალდების რეესტრის მეშვეობით;

ბ) დემატერიალიზებული ფორმით, ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში;

გ) კანონით განსაზღვრული სხვა ფორმით.

2. ერთი და იმავე კლასის რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდები შესაძლებელია დემატერიალიზებული გახდეს ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში აღრიცხვით.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების წესი, აგრეთვე განსაზღვროს რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების ფლობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, შეზღუდვები და მოთხოვნები რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების ნომინალური ფლობის მიმართ. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, ნომინალური მფლობელი და ის ემიტენტი, რომელიც უფლებამოსილია თავისი ფასიანი ქაღალდების რეესტრი თვითონ აწარმოოს, ვალდებული არიან ამ წესების მიხედვით იმოქმედონ.

4. თუ ემიტენტი, რომელიც ვალდებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მეშვეობით აწარმოოს, გარკვეული მიზეზით მოშლის მასთან ხელშეკრულებას, მან უნდა უზრუნველყოს ახალ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან ან ცენტრალურ დეპოზიტართან ხელშეკრულების ამოქმედება არაუგვიანეს  წინა ხელშეკრულების მოშლის დღისა. ემიტენტს წინა ხელშეკრულების მოშლის თარიღისთვის შესრულებული უნდა ჰქონდეს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.

5. თუ ემიტენტი, რომელიც ფასიანი ქაღალდების რეესტრს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მეშვეობით აწარმოებს, გარკვეული მიზეზით მოშლის მასთან ხელშეკრულებას, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა ფასიანი ქაღალდების რეესტრი და სათანადო დოკუმენტაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით უნდა გადასცეს ემიტენტს, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ემიტენტის მიერ შერჩეულ ახალ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს/ცენტრალურ დეპოზიტარს.

6. ერთ ემიტენტს შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი.

7. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდზე, რომლის საქმიანობაც რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023