„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№478
სარეგისტრაციო კოდი
490.010.010.05.001.003.320
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 30, 07/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უფლებამოსილი ორგანო სტატუტის მე-14 მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს, აცნობოს საერთაშორისო სასამართლოს, რომ არსებობს ეჭვი იმ დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომლის განსჯადობაც ექვემდებარება საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას, შემდგომი გამოძიების თხოვნით.“.

2. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უფლებამოსილი ორგანო თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს პირის ძებნის, დაკავებისა და ჩხრეკის ღონისძიებათა განხორციელებას.“.

3. 23-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უფლებამოსილი ორგანო პირის დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის მიზნით პირის დაპატიმრების თაობაზე ბრძანების გაცემის შესახებ. სასამართლო მომდევნო 24 საათის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას პირის დაპატიმრების თაობაზე ბრძანების გაცემის შესახებ. თუ სასამართლო ამ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, დაკავებული პირი თავისუფლდება.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ სისხლისსამართლებრივად დევნილი პირის დაპატიმრება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად არ შეიძლება, საერთაშორისო სასამართლოსთან თათბირის შემდეგ უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს ასეთი პირის მიმართ დაპატიმრების ნაცვლად გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აღკვეთის სხვა ღონისძიება.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 1 ნოემბერი.

№478–რს