1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მართვაში;
ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოში;
გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოსგან მიიღოს სრული ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის შესახებ;
დ) ისარგებლოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მომსახურებით;
ე) მიიღოს დივიდენდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან;
ვ) მიიღოს დამატებითი დივიდენდი დამატებითი შენატანის შესაბამისად, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;
ზ) მოითხოვოს საკუთარი ხარჯით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დამატებითი საბუღალტრო შემოწმების ან/და აუდიტის ჩატარება;
თ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობიდან გასვლისას ან კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის სხვა შემთხვევაში დაიბრუნოს კუთვნილი პაი ფულის ან/და ქონების სახით, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;
ი) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შედეგად დარჩენილი ქონებიდან მიიღოს შესაბამისი წილი ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;
კ) გაეცნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის მონაცემებს;
ლ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე ვალდებულია:
ა) დაიცვას ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესები;
ბ) შეასრულოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საერთო კრების, გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები;
გ) შეიტანოს პაი ამ კანონით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებითა და საერთო კრების მიერ დადგენილი წესით;
დ) მონაწილეობა მიიღოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;
ე) განახორციელოს დამატებითი შენატანი ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;
ვ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული/ინვესტორი წევრი უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით;
ბ) არჩეულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოში;
გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოსგან მიიღოს სრული ინფორმაცია ამ კოოპერატივის საქმიანობის შესახებ;
დ) ისარგებლოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მომსახურებით;
ე) მიიღოს დივიდენდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან;
ვ) მოითხოვოს საკუთარი ხარჯით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დამატებითი საბუღალტრო შემოწმების ან/და აუდიტის ჩატარება;
ზ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობიდან გასვლისას ან ამ კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის სხვა შემთხვევაში დაიბრუნოს კუთვნილი ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი ფულის ან/და ქონების სახით, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;
თ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში ამ კოოპერატივის ვალდებულებების დაფარვის შემდეგ აღნიშნული კოოპერატივის ქონებიდან დაიბრუნოს კუთვნილი ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი და დარჩენილი ქონების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებზე განაწილებამდე მიიღოს დივიდენდი ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;
ი) გაეცნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის მონაცემებს;
კ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული/ინვესტორი წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესები;
ბ) განახორციელოს ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი ამ კანონით ან საერთო კრების მიერ დადგენილი წესით და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;
გ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებულ/ინვესტორ წევრს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით შეიძლება მიენიჭოს ვეტოს უფლება იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციას ეხება.
6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ინვესტორ წევრს (წევრებს) არ შეიძლება ჰქონდეს (ჰქონდეთ) ხმათა 25%-ზე მეტი (ჯამურად).
საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022