1. რექტორი არის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნითა და გარეთ აკადემიურსა და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები.  გარიგებებს და შეთანხმებებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, რექტორთან ერთად ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღანელი.

2. კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მოწესრიგების მიზნით, რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

3. რექტორი უფლებამოსილია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად სათათბირო ორგანოს სახით შექმნას საკონსულტაციო საბჭოები და კომისიები, რომელთა საქმიანობა რეგულირდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე რექტორი:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს უნივერსიტეტის მართვას;

ბ) ფაკულტეტის საბჭოს დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე წყვეტს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიერ სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულებით სარგებლობის საკითხს;

გ) წყვეტს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო-სამეცნიერო, აკადემიური საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის აუცილებელ სხვა საკითხებს, თუ ისინი არ წარმოადგენს უნივერსიტეტის მართვის სხვა ორგანოს, სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამდებობის პირის უფლებამოსილებას;

დ) დეკანის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს დეკანის მოადგილეს;

ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

5. უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე რექტორის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა (მივლინება) ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.

6. რექტორის შვებულება ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.

7. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში პირველი და მეორე საუკეთესო შედეგის მქონე პრეტენდენტი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.

8. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს.

9. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

10. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე,  გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 10 სამუშაო დღისა. საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგენს აკადემიური საბჭო.

11. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმა