1. პირს უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი ენიჭება უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანების საფუძველზე და მოქმედებს უნივერსიტეტთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე.
2. სტუდენტის სტატუსი სტუდენტს უფლებას აძლევს ისარგებლოს სტუდენტისათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით.
3. სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;
გ) ამ წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
დ) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, ასევე უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოებში ამ წესდების შესაბამისად;
ე) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;
ვ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო სახელმწიფო დაფინანსების გადატანის წესს განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე; საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს მაგისტრატურის სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში;
ი) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უნივერსიტეტისაგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები. უნივერსიტეტის ბიუჯეტში გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში მაღალი აკადემიური მოსწრების (A, B და C შეფასების) მქონე ბაკალავრიატის სტუდენტებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები ან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ პირთა შვილები, აკადემიური საბჭოს წარდგინების საფუძველზე წარმომადგრნლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით გაეწევათ შეღავათი არაუმეტეს ორი სემესტრისა;
კ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;
ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;
მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;
ნ) განახორციელოს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
4. უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისათვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც შეიძლება გამოიხატოს მათთვის სწავლების ინდივიდუალური გრაფიკის შემუშავებასა და სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაში.
5. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე, ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისათვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე, ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;
6. უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს.
7. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:
ა) აკადემიური შვებულება;
ბ) ავადმყოფობა;
გ) საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა;
დ) ფინანსური დავალიანება;
ე) პირადი განცხადება;
ვ) ადმინისტრაციული ან აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა.
8. სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სტუდენტის სტატუსის შეჩერება სტუდენტს არ ათავისუფლების სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
9. სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის შემდეგ პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი.
10. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე;
ბ) პირადი განცხადება;
გ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს მიერ სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების საფუძველზე;
დ) უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება;
ე) გარდაცვალება