1. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ წესდებით, შინაგანაწესითა და სტუდენტის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და სამართლიანი პროცედურის გზით.  სტუდენტის დისციპლინურ პასუხისმგებლობას იწვევს: შეურაცხყოფის მიყენება, ძალადობა სხვა სტუდენტების, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლების, მასწავლებლებისა და მოწვეული პედაგოგების მიმართ; აკადემიური სიყალბე, თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის მიღება ან უნივერსიტეტში ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება, ცილისწამება.

2. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა იმ შემთხვევისა  როცა საფრთხე ექმნება სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, უნივერსიტეტის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხს წყვეტს უნივერსიტეტი. დისციპლინური პასუხისმგებლობის გადაწყვეტილებას ღებულობს შესაბამისი ფაკულტეტის საბჭო. სტუდენტს უფლება აქვს, დაესწროს თავისი საქმის განხილვას.

3. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:

ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;

ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;

გ) მიაწოდოს უნივერსიტეტის შესაბამის ორგანოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;

დ) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში;

ე) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე.

4. დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური წარმოების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით, ამ წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. მტკიცებულება შეიძლება იყოს სტუდენტების, აკადემიური პერსონალის, ადმინისტრაციის, დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილების, მოწვეული პედაგოგებისა და დამხმარე პერსონალის  მიერ მოწოდებულ ინფორმაციათა ერთობლიობა. ყველა მტკიცებულება, რომლებიც დისციპლინური წარმოების საფუძველია, უნდა გამოიკვლიოს უნივერსიტეტის შესაბამისმა ორგანომ.

5. სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს უნივერსიტეტის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება