1. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ეთიკის კოდექსითა და შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით და სამართლიანი პროცედურის გზით.
2. უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით დადგენილი ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში, სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფაკულტეტის საბჭო. დისციპლინური წარმოების წესი, აგრეთვე დისციპლინური წარმოების პროცესში სტუდენტის უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით.
3. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა ეთიკის კოდექსითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, უნივერსიტეტის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას.
4. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:
ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;
გ) მიაწოდოს უნივერსიტეტის შესაბამის ორგანოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;
დ) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში;
ე) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე.
5. დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური წარმოების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომლებიც დისციპლინური წარმოების საფუძველია, უნდა გამოიკვლიოს დისციპლინური წარმოების განმახორციელებელმა ორგანომ - შესაბამისი ფაკულტეტის საბჭომ.
6. სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს უნივერსიტეტის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება