1. პირს უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი ენიჭება უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესით, უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანების საფუძველზე და მოქმედებს უნივერსიტეტთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე.

2. სტუდენტის სტატუსი სტუდენტს უფლებას აძლევს ისარგებლოს სტუდენტისათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით.

3. სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;

გ) ამ წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

დ) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, ასევე უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოებში ამ წესდების შესაბამისად;

ე) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;

ვ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;

ზ) ისარგებლოს მობილობის უფლებით საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით;

თ) საქართველოს კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სახელმწიფოსგან, უნივერსიტეტისაგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;

ი) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;

კ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;

ლ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;

მ) განახორციელოს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

4. უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისათვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, მათ შორის ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით განათლების მიღების შესაძლებლობას.

5. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე, ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისათვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე, ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ფაკულტეტის ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

6. უნივერსიტეტი  უზრუნველყოფს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასებას, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს.

7. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:

ა) ადმინისტრაციული (ფინანსური) ან აკადემიური (სასწავლო) რეგისტრაციის გაუვლელობა;

ბ) ავადმყოფობა;

გ) უცხო ქვეყანაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა;

დ) აკადემიური შვებულება;

ე) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რაც გამორიცხავს სასწავლო პროცესში სტუდენტის მონაწილეობის შესაძლებლობას;

ვ) სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, სტატუსის შეჩერების მოთხოვნით, სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არა უგვიანეს ექვსი კვირის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს გადახდილი სწავლის საფასურის მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას.

9. სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სტუდენტის სტატუსის შეჩერება სტუდენტს არ ათავისუფლების სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.

10. სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 5 წელი.

11. სტუდენტის სტატუსშეჩერებული პირი სტატუსის აღდგენისას, როგორც წესი, სწავლას აგრძელებს იმ სემესტრიდან, რომლიდანაც შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი.

12. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე;

გ) პირადი განცხადება;

დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შეუსრულებლობა უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესებით დადგენილ ვადებში;

ე) სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის ნორმების საფუძველზე;

ვ) გარდაცვალება;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.

13. პირს, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი, შეუძლია მისი აღდგენა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

14. პირს, რომელსაც შეწყვეტილი აქვს სტუდენტის სტატუსი, შეუძლია მისი ხელახლა მოპოვება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

15. სტუდენტის სტატუსის შეჩერების, აღდგენის ან შეწყვეტის თაობაზე გამოიცემა რექტორის ბრძანება.

16. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალიწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან თორმეტი თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია, ისარგებლოს მობილობის უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია მიმღები დაწესებულების წესდებასთან