1. სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევებში;

გ) ამ წესდებით, შინაგანაწესითა და შესაბამისი დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

დ) მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია აკადემიის საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ;

ე) აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და აკადემიის მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში, „ უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ წესდების შესაბამისად;

ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;

ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;

თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოახდინოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების ამ დაწესებულებაში გადატანა;

ი) მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;

კ) აირჩიოს სასწავლო პროგრამა;

ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შემუშავებაში;

მ) პერიოდულად მონაწილეობა მიიღოს აკადემიური პერსონალის საქმიანობის შეფასების პროცესში;

ნ) შეიძლება იმყოფებოდეს სწავლების ინდივიდუალურ გრაფიკზე;

ო) საჭიროებისამებრ აიღოს აკადემიური შვებულება;

პ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებმა სრულფასოვანი განათლების აუცილებელი პირობების შესაქმნელად მიიღონ სხვადასხვა სახის შეღავათები;

ჟ) განახორციელოს ამ წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

2. დოქტორანტი შეიძლება არჩეულ იქნეს ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე. მართვის ორგანოების არჩევნებში იგი მონაწილეობს როგორც სტუდენტი.

3. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისათვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება.

4. ადმინისტრაციის მხრიდან დაუშვებელია საკუთარი უფლებამოსილების და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ისეთი გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

5. სტუდენტთა ქცევის, დისციპლინური დევნის წესები განსაზღვრულია აკადემიის ეთიკის კოდექსში.

6. სტუდენტი უფლებამოსილია სასამართლოში გაასაჩივროს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.

7. სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას, სტუდენტთა მობილობისა და სტატუსის შეწყვეტის დებულების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დებულების, ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევის და სხვა დებულებების საფუძველზ