1. სტუდენტი არის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის ან დიპლომირებული სპეციალისტის პროგრამის გასავლელად.
2. უნივერსიტეტის სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მეცნიერულ კვლევაში;
გ) უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტის საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ;
ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში;
ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;
ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოახდინოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების ამ დაწესებულებაში გადატანა;
ი) საქართველოს კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სახელმწიფოსგან, უნივერსიტეტისაგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;
კ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;
ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;
მ) პერიოდულად მოახდინოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;
ნ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით, ფაკულტეტის დებულებითა და უნივერსიტეტის შინაგანაწესით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.
3. უნივერსიტეტი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად.
4. უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტთა ცოდნის ობიექტური შეფასება.
5. სტუდენტის სტატუსი მოქმედებს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე.
6. სტუდენტს შეიძლება შეუჩერდეს ან შეუწყდეს სტატუსი.
7. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია: აკადემიური შვებულება; ავადმყოფობა; უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა; ფინანსური დავალიანება ან დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება. სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის შემდეგ პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
8. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი განისაზღვრება ამ წესდებით და უკავშირდება დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით/პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობას ან სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელებას.
9. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან თორმეტი თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
10. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ ბრძანებას დეკანის წარდგინებით გამოსცემს რექტორი.
12. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს დეკანის წარდგინებით იხილავს ფაკულტეტის საბჭო