1. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ წესდებით, სასწავლო უნივერსიტეტის შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის გათვალისწინებითა და სამართლიანი პროცედურის გზით. სასწავლო უნივერსიტეტი შეიმუშავებს სტუდენტის ეთიკის კოდექსს, რომელიც შესაძლებელია აწესებდეს შეზღუდვას სტუდენტის ქცევაზე, თუ ეს დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესის წარმართვასთან. სასწავლო უნივერსიტეტი დეტალურად განსაზღვრავს ქცევის წესს, რომელიც იწვევს სტუდენტის დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
2. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის წამოწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა ამ წესდებითა და სასწავლო უნივერსიტეტის შინაგანაწესით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, სასწავლო უნივერსიტეტის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის დისციპლინური დევნის საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო. სტუდენტს უფლება აქვს, დაესწროს თავისი საქმის განხილვას.
3. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:
ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;
გ) მიაწოდოს სასწავლო უნივერსიტეტის შესაბამის ორგანოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;
დ) მონაწილეობა მიიღოს სასწავლო უნივერსიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში;
ე) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე.
4. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური დევნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით, სასწავლო უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით და ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომელიც დისციპლინური დევნის საფუძველია, უნდა გამოიკვლიოს ფაკულტეტის საბჭომ.
5. სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება