1. პირს უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი ენიჭება უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანების საფუძველზე და მოქმედებს უნივერსიტეტთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე.
2. სტუდენტის სტატუსი სტუდენტს უფლებას აძლევს ისარგებლოს სტუდენტისათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით.
3. სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;
გ) ამ წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
დ) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, ასევე უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოებში, ამ წესდების შესაბამისად;
ე) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;
ვ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო სახელმწიფო დაფინანსების გადატანის წესს განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე; საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს მაგისტრატურის სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში;
ი) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უნივერსიტეტისაგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;
კ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;
ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;
მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;
ნ) განახორციელოს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
4. უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისათვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც განისაზღვრება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების დებულებებით.
5. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე, ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისათვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე, ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;
6. უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს.
7. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ)ადმინისტრაციული(ფინანსური) რეგისტრაციის გაუვლელობა;
გ) აკადემიური შვებულება:
გ.ა) პირადი განცხადების საფუძველზე, პატივსადები საფუძვლების არსებობისას (უცხოეთში სწავლის გაგრძელების მიზნით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით, მძიმე ავადმყოფობის გამო ან ოჯახის ავადმყოფ წევრებზე მეურვეობის მიზნით, სხვა საპატიო მიზეზის გამო );
გ.ბ) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო;
გ.გ) იმ ენის შესწავლის მიზნით, რომელზედაც ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა;
დ) სტუდენტის მიერ სემესტრის განმავლობაში სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საათობრივი დატვირთვის 35%-ზე მეტის გაცდენა;
ე) სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე;
ვ)კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
8. სტატუსშეჩერებული სტუდენტის ფინანსური ურთიერთობები უნივერსიტეტთან წესრიგდება სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით;
9. სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის შემდეგ პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი.
10. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სტუდენტის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა;
გ) სტუდენტის მიერ თვითნებურად სწავლის მიტოვება ხუთ წელზე მეტი ვადით;
დ) ერთსა და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის მიუღებლობა;
ე) სტუდენტის გარიცხვა, დისციპლინური ქცევის მოთხოვნების უხეში ან სისტემატური დარღვევის (სისტემატურ დარღვევად ითვლება ზედიზედ ორი ან მეტი დარღვევა) ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის/პირობების დარღვევისათვის, ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში;
ვ) გარდაცვალება