1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი  − შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (შემდგომში − სასწავლო უნივერსიტეტი) –  ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება. იგი ახორციელებს აკადემიური უმაღლესი  განათლების ორი საფეხურის (ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის) საგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე  პროფესიულ საგანმანათლებლო და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.

2. სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებსა და ამ წესდებას.

3. სასწავლო უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა:  საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი,  შემოკლებული სახელწოდებაა: ზსსუ; ინგლისური სახელწოდებაა: LEPL Shota Meskhia State Teaching University of Zugdidi,  შემოკლებული სახელწოდებაა STUZ.

4. სასწავლო უნივერსიტეტს აქვს (შეიძლება ჰქონდეს) საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საბანკო დაწესებულებაში, გერბი, ლოგო, ჰიმნი, დროშა კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა. სასწავლო უნივერსიტეტის დროშასა და ჰიმნს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

5.         სასწავლო უნივერსიტეტის ლოგო შედგება თეთრი წითელი და ლურჯი ფერისაგან.  თეთრი ნათლის სიმბოლოა - ცოდნა ნათელია. წითელი ფერი ნათლის ხორცშესხმაა, განხორციელებული ნათელი − ახალგაზრდობა.  ლურჯი ფერი კი სიბრძნის განსახიერებაა. ლოგო წარმოადგენს ქვიშის საათს, დრო წარმავალია, რომელსაც მარადიულობად გადააქცევს სიბრძნე. სასწავლო უნივერსიტეტის ლოგოს საქართველოს დროშა კრავს, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს მომავალი. იმ დროს, რომელსაც ცოდნის ძიებაში გაატარებს სტუდენტი სასწავლო უნივერსიტეტთან   ერთად, გააზიარებს სიბრძნეს საქართველოს მომავლისათვის. ლოგოს ამტკიცებს აკადემიური საბჭო.

6. სასწავლო უნივერსიტეტში სწავლების ენა არის ქართული (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან).

7. სასწავლო უნივერსიტეტი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

8. სასწავლო უნივერსიტეტი თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.

9. სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მისამართია: ზუგდიდი, ჯანაშიას ქ.№14