1. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, სამინისტროსთან შეთანხმებით, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შეიძლება სამუშაოდ მიავლინოს თავდაცვის ატაშე, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციაში – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რომლებიც შედიან დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში და სამხედრო ხასიათის ურთიერთობებში თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენენ საქართველოს.
2. თავდაცვის ატაშე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იმყოფებიან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ოპერატიულ და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში.
3. ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, თავდაცვის ატაშე შეიძლება აკრედიტებულ იყოს ორ ან ორზე მეტ სახელმწიფოში.
4. ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით შეიძლება დაფუძნებულ იქნეს თავდაცვის ატაშეს აპარატი, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეიძლება დაფუძნებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის აპარატი, რომლებშიც შედიან აპარატის უფროსი და უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი და მომსახურე პერსონალი.
5. საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით განისაზღვრება:
ა) თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისა და მათი აპარატების თანამშრომელთა როტაციის წესით გრძელვადიანი სამუშაო მივლინებით წარგზავნასთან და მივლინებულ პირთა გამოწვევასთან დაკავშირებული საკითხები;
ბ) თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისა და მათი აპარატების თანამშრომელთა მიერ სამსახურის გავლისა და საქმიანობის (მათ შორის, მათი შეფასების) წესი, აგრეთვე მათი თანამდებობების დასახელებები.
6. თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს და მათ აპარატებს მატერიალურ-ტექნიკურად უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ამ პირებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები და აპარატების შენახვის ხარჯები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7. თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.
8. თავდაცვის ატაშე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, მათი აპარატების თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები პირველადი საყოფაცხოვრებო მოწყობისათვის ერთჯერადად იღებენ თანხას, რომლის მიზნობრიობასა და ოდენობას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
9. თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ან მათთან მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს ყველა ხარჯს, მათ შორის, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების საფასურს.
10. საქართველოს თავდაცვის მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ თავდაცვის ატაშეს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციაში – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირებს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით გაუგრძელოს 1 წლამდე ვადით.
საქართველოს 2015 წლის 29
მაისის
კანონი
№3670
- ვებგვერდი,04.06.2015წ.
საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №582 - ვებგვერდი, 16.05.2025