„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
010130000.32.061.016060
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №28

2013 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე–18 მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის N11 დადგენილებით („აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე“, N5, 24.02.2005წ., მუხლი  15)  დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. აპარატის სტრუქტურა

აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) პროტოკოლის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი:

ა.ა) ანალიტიკისა და საინფორმაციო-ტექნოლოგიური სამსახური;

ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტი:

გ) იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

დ) ადმინისტრაციული სამმართველო:

დ.ა) გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის სამსახური;

ე) საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური;

ვ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშსწორების სამსახური;

ზ)  შიდა აუდიტის სამსახური.“.

2. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. აპარატის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები

1. პროტოკოლის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) მთავრობის თავმჯდომარის საზღვარგარეთ ვიზიტებისა და მთავრობის თავმჯდომარის სტუმრების ვიზიტების მაღალ დონეზე ჩატარების, აგრეთვე, მთავრობის თავმჯდომარესთან უცხოელი სტუმრების აუდიენციების უზრუნველყოფა;

ბ) სხვადასხვა სადღესასწაულო და ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზება;

გ) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის სათარჯიმნო მომსახურება;

დ) კანონმდებლობის შესაბამისად სხვა საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელება;

ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მთავრობის წევრებთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა ურთიერთობის ხელშეწყობა, მედიის საშუალებებით საზოგადოების ინფორმირება მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე, აგრეთვე, მედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი და, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო რეაგირება;

ვ) პრესკონფერენციების, ბრიფინგების მოწყობა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის, მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრების ორგანიზება;

ზ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურებთან კოორდინაცია და თანამშრომლობა, სხვადასხვა საკითხებზე სოციოლოგიური კვლევების ორგანიზება და განხორციელება;

თ) სამთავრობო ვებგვერდის მართვა;

ი) მთავრობის თავმჯდომარის ან აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

კ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

1.1. ანალიტიკისა და საინფორმაციო-ტექნოლოგიური სამსახურის ფუნქციებია:

ა) სამთავრობო ვებ–გვერდისა და ფეისბუკ-გვერდის მართვა;

ბ)  ახალი სააგენტო Abkhazia News-ის ამუშავება და მისი მართვა;

გ) სამთავრობო სტრუქტურების ელექტრონულ მედიასთან ურთიერთობის კოორდინირება;

დ) სამთავრობო ვებ–გვერდის საინფორმაციო–ანალიტიკური მასალით უზრუნველყოფა;

ე) მთავრობის ვებგვერდის ინტერნეტ-ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით უზრუნველყოფა;

ვ) მთავრობის ვებგვერდისა და ფეისბუკ-გვერდის რეორგანიზაცია;

ზ) კონფლიქტოლოგთა, პოლიტიკურ მიმომხილველთა და ექსპერტთა მონაწილეობით არანაკლებ თვეში ორჯერ დევნილთათვის კითხვა-პასუხის საათის მოწყობა მათთვის საინტერესო თემებზე და ამ მასალის გამოქვეყნება მთავრობის ვებ-გვერდსა და ფეისბუკ-გვერდზე;

თ) სააგენტო AbkhaziaNews-ისათვის საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გაშუქების მიზნით ოპერატიული, ექსკლუზიური მასალების მოპოვება და გავრცელება;

ი) უცხო ენაზე მოპოვებული ინფორმაციის სწრაფი თარგმნა ან საერთო შინაარსის გადმოცემა და მათი ოპერატიული გამოქვეყნება (,,გარდიანის“, ვაშინგტონ პოსტის“. ,,ნიუ-იორკ ტაიმსის“, ,,ელ პაისის“, ,,ბიბისის“ და სხვა გავლენიანი გამოცემების და სააგენტოების გამოყენება);

კ) ფეისბუკ-გვერდის, ვებგვერდისა და AbkhaziaNews-ისათვის დიზაინის შექმნა და მის მუდმივ განახლებაზე მუშაობა;

ლ) აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან მუდმივ კონტაქტში ყოფნისა და საჭირბოროტო საკითხებზე გასაუბრების მიზნით სპეციალური გვერდისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის სვეტის გამოყოფა და მისი უზრუნველყოფა შესაბამისი დიზაინით;

მ) საიტებთან არსებული ბლოგების მართვა;

ნ) ვებგვერდის, ფესბუკ-გვერდისა და AbkhaziaNews-ის სრული ინტეგრაციის მიზნით მისი მუდმივი კონტროლი ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფისათვის;

ო) საინფორმაციო საშუალებებისა და სოციალური ქსელების მაქსიმალურად გამოყენება მთავრობის ფეისბუკ-გვერდისა და საიტის პოპულარიზაციის, ასევე, ახალი სააგენტოს მუშაობის განვითარებისათვის;

პ) ახალ სიმბოლოებსა და ლოგოებზე მუშაობა სამთავრობო ვებგვერდის, ფეისბუკ-გვერდისა და სააგენტოს მოდერნიზაციისა და მათი სრული რეორგანიზაციის მიზნით;

ჟ) ახალი ტექნოლოგიების თანმიმდევრულად დანერგვა-გამოყენება სააგენტოს სამომავლო განვითარებისათვის;

რ) მთავრობის თავმჯდომარის ან აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ს) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

2. აღმსრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და ხელშეწყობა, რათა ისინი სრული მოცულობით იყენებდნენ არსებული კანონმდებლობით და მათი დებულებებით გათვალისწინებულ უფლებებს მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადასაწყვეტად;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

გ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის სამართლებრივი აქტების, პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

დ) აღმსრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობის აპარატის უფროსის ურთიერთობის ხელშეწყობა და, საჭიროების შემთხვევაში, თათბირებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობის მიღება;

ვ) იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური  მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ შემუშავებული შესაბამისი პროგრამების, საკანონმდებლო ნორმატიული აქტის პროექტის საფინანსო–ეკონომიკური ანალიზის, მათი ამოქმედებით მოსალოდნელ სოციალურ–ეკონომიკურ შედეგებზე დასკვნების მომზადების და  მონიტორინგის განხორციელება;

ზ) მიზნობრივი პროგრამების პროექტების განხილვაში მონაწილეობა, პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების მიერ შესაბამისი ანგარიშების წარმოდგენის უზრუნველყოფა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანიზაციების მიერ მთავრობის თავმჯდომარისათვის წარდგენილი ანგარიშების შესწავლა.

ი) მთავრობის და ზემდგომი ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულებაზე სისტემური კონტროლის განხორციელება საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში და, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობაში სათანადო წინადადებების შეტანა;

კ) საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის საკითხებზე წინადადებების შემუშავება.

ლ) იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის ამსახველი ფაქტობრივი, ანალიტიკური და პროგნოზული ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარისათვის;

მ) იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად შესაბამისი პროგრამების შემუშავება, ასევე, ამ მიმართულებით დარგობრივი დაწესებულებების მიერ შესაბამისი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შემუშავებული პროგრამების განხორციელების მონიტორინგი;

ნ) განათლების, მეცნიერების, ჯანმრთელობის დაცვისა და სპორტის დარგებში, ასევე, სოციალურ და ახალგაზრდობის სფეროებში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მთავრობისათვის, მთავრობის თავმჯდომარისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

ო) დემოგრაფიის, სამუშაო ძალის, დასაქმებულებისა და უმუშევრების, აგრეთვე, შრომის ანაზღაურების ფორმირებისა და სახეობების შესახებ საფინანსო-ეკონომიკური ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;

პ) სარეზერვო ფონდის ათვისებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და შესაბამისი დასკვნისა და სამართლებრივი  აქტის პროექტის მომზადება;

ჟ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი მითითებების მიცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოებისა და უწყებებისათვის, მათგან სათანადო ინფორმაციის მოთხოვნა კანონით გათვალისწინებული წესით;

რ) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, წინადადებების განხილვა და მათზე რეაგირება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;

ს) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ტ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

3. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) აფხაზეთის მთავრობის დადგენილების, განკარგულების, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ბრძანების პროექტების შემუშავება;

ბ) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების გაფორმება და აღრიცხვა;

გ) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ წარმოდგენილი მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის პროექტის შესწავლა და მათი მიღების მიზანშეწონილობის თაობაზე სამართლებრივი ხასიათის დასკვნების მომზადება;

დ) მთავრობის თავმჯდომარის ან/და მთავრობის აპარატის უფროსის დავალებით, მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობისა და მთავრობის აპარატის უფროსის სახელზე შემოსული მასალების (წერილი, განცხადება, მომართვა, საჩივარი და სხვა) განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვის კოორდინაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, უმაღლეს საბჭოში მთავრობის წარმომადგენელთან ერთად, მთავრობის თავმჯდომარის მოთხოვნით, უმაღლეს საბჭოს წინაშე საკითხის დაყენება მთავრობის თავმჯდომარის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების რიგგარეშე განხილვის ან მთავრობის თავმჯდომარის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ; 

ზ) მთავრობის თავმჯდომარისათვის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონპროექტების ხელმოსაწერად წარდგენა, აგრეთვე, მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნებით, უმაღლესი საბჭოსათვის კანონპროექტის დაბრუნება;

თ) მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციულ–ანალიტიკური უზრუნველყოფა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის განვითარებისა და სრულყოფის შესახებ;

ი) საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის თავმჯდომარის ან მთავრობის სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელებზე წინადადებების მომზადება და ასეთ საქმეებზე წარმომადგენლობის განხორციელება სასამართლოში;

კ) საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზი, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებისა და მეთოდური უზრუნველყოფისათვის წინადადებების მომზადება;

ლ)  ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ან/და ატესტაციის ჩატარების ორგანიზება;

მ) სახელმწიფო სამსახურის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულების შესახებ მოხსენების წარდგენა მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსისათვის;

ნ) სახელმწიფო სამსახურის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების შემუშავება და მათი წარდგენა მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარისათვის;

ო)   სახელმწიფო სამსახურის სფეროში სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნა–გათავისუფლების, შვებულების, უფლებამოსილების შეჩერების, მივლინებისა და სხვა საკითხთა შესახებ აქტების პროექტების მომზადება, საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა;

ჟ) მოსამსახურეთა სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და საჯარო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ კონსულტაციების  გაწევა;

რ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ორგანოების საკადრო და იურიდიული სამსახურების  მუშაობის კოორდინაცია, კონსულტირება და მეთოდური დახმარების გაწევა;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებიდან, საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან;

უ) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ფ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

4. ადმინისტრაციული სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საქმისწარმოების ორგანიზება, რაც მოიცავს: დოკუმენტბრუნვის ორგანიზაციას; დოკუმენტების საინფორმაციო–საძიებო სისტემის შექმნას; დოკუმენტების შესრულების კონტროლს; საქმეთა ნომენკლატურის შედგენასა და საქმეთა ფორმირებას; დოკუმენტების მომზადებას არქივში გადასაცემად;

ბ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;

გ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის გადაწვეტილებათა შემსრულებლებამდე დაყვანა;

დ) საკონტროლო დოკუმენტთა და დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

ე) მთავრობის სხდომების, მთავრობის თავმჯდომარის და მთავრობის აპარატის უფროსის თათბირების ორგანიზება;

ვ) მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების გაფორმება და აღრიცხვა;

ზ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

თ) მთავრობის სხდომების, მთავრობის თავჯდომარესთან და მთავრობის აპარატის უფროსთან თათბირების ოქმების შედგენა, გაფორმება და აღრიცხვა;

ი) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოება;

კ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობის აპარატის სატიტულო ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების კონტროლი;

ლ) აპარატის საარქივო საქმიანობის წარმართვა;

მ) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის მიერ ხელმოსაწერი სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტაციის რედაქტირება;

ნ) მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

ო) მთავრობის თავმჯდომარის მისაღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

პ) მთავრობის თავმჯდომარის ან აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ჟ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

 

4.1. გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის სამსახურის ფუნქციებია:

ა) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის გადაწვეტილებათა შემსრულებლებამდე დაყვანა;

ბ) საკონტროლო დოკუმენტთა და დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

გ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

დ) მთავრობის თავმჯდომარის ან აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ე) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

5. საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:

ა) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის საერთაშორისო ურთიერთობების განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების უცხო სახელმწიფოს საელჩოებსა და საკონსულოებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ოფიციალურ პირებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;

გ) საქართველოსა და უცხოეთის მაღალი თანამდებობის პირებთან, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სხვა საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებთან მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების სამუშაო და ოფიციალური შეხვედრების მოწყობა–ორგანიზება;

დ) სამუშაო, არაოფიციალური და სხვა კატეგორიის ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ე) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ვ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

6.  საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშსწორების სამსახურის ფუნქციებია:

ა) მთავრობის აპარატის საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა–ანგარიშგების წარმოება;

ბ) მთავრობის აპარატის კვარტალური და წლიური ანგარიშების (ბალანსების) შედგენა;

გ) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) კონტროლი ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობათა მიზნობრივ გამოყენებაზე, ასევე, მთავრობის აპარატის მატერიალურ ფასეულობათა დაცვის უზრუნველყოფა;

ე) მთავრობის აპარატში საბუღალტრო და საფინანსო საქმიანობის ანალიზი, საბუღალტრო და საფინანსო საქმიანობის სრულყოფა;

ვ) ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების აღრიცხვა;

ზ) მომუშავეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დროული დარიცხვა და კონტროლი გაცემაზე;

თ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო მოვლენის შედეგად ანგარიშსწორება და სრული და დროული აღრიცხვა;

ი) დამტკიცებული ფორმით ფინანსური ანგარიშების დადგენილ ვადებში შედგენა და დასამტკიცებლად წარდგენა;

კ) ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვა და არქივში ჩაბარება;

ლ) საფინანსო–საბუღალტრო დოკუმენტაციის მიმოხილვა, მომზადება, საფინანსო–საბუღალტრო საკითხებთან დაკავშირებული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი დასკვნების, საპასუხო წერილების ან/და წინადადებების მომზადება;

მ) კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობის თავმჯდომარის მიერ მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

7.  შიდა აუდიტის სამსახური

7.1. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი მიზნებია საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით დაწესებულების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, დაწესებულების ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია.

7.2. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) აპარატის წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;

ბ) აპარატში ფინანსების მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

გ) აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლის განხორციელება;

დ) აპარატის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობის და, ეკონომიურობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;

ე) აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;

ვ) აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა;

ზ) აპარატში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლის განხორციელება;

თ) აპარატის მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

ი) აპარატის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისათვის წარდგენა;

კ) აპარატის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშეწყობის მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აპარატის საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

ლ) აპარატის მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

მ) აპარატის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბებების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;

ნ) აპარატის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ,,სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ" საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

7.3. შიდა აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება

შიდა აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონით ,,შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ". შიდა აუდიტის სამსახურს უფლება აქვს განახორციელოს ფართო, ყოვლისმომცველი აუდიტის პროგრამა, რომელიც მოიცავს უზრუნველყოფას და საკონსულტაციო მომსახურებას აპარატში.“.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია 2013 წლის 18 დეკემბრიდან.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                        ვახტანგ ყოლბაია