1. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საწყის ეტაპზე უნდა წარადგინოს სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს მიერ შემუშავებული ფორმის განცხადება (შემდგომში – აპლიკაცია). კანდიდატებს აპლიკაციის წარდგენისთვის, როგორც წესი, ეძლევათ 10-დღიანი ვადა სპეციალური კონკურსის გამოცხადების დღიდან. კანდიდატები აპლიკაციას აგზავნიან კონკურსის შესახებ შეტყობინებაში განსაზღვრული ფორმით, მითითებულ მისამართზე.
2. ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელსაც მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის მიხედვით გავლილი აქვს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსი. ეს თანამდებობებია:
ა) დეტექტივ–გამომძიებელი და დეტექტივის თანაშემწე–გამომძიებელი;
ბ) უბნის უფროსი ინსპექტორ–გამომძიებელი და უბნის ინსპექტორ–გამომძიებელი;
გ) პატრულ–ინსპექტორი და მესაზღვრე-კონტროლიორი;
დ) სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი (მაშველი), ინსპექტორი (მაშველი) და უმცროსი ინსპექტორი (მაშველი).
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება, ამავე პუნქტით დადგენილი პროგრამის ან/და კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე, შეიძლება მიეცეს საქართველოს მოქალაქეს მინისტრის ან მისგან უფლებამოსილი პირის თანხმობით, ამ პირის - სპეციალური ცონდის, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, გამოცდილების ან/და სხვა განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირი ვალდებულია დადგენილი წესით გაიაროს ამ მუხლით განსაზღვრული შესაბამისი სპეციალური მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსი. ამ მიზნით, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია აღნიშნული პირი პოლიციაში მიღებიდან (სამინისტროში ჩარიცხვიდან) არა უგვიანეს 6 თვის ვადაში წარადგინოს სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოში, რომელიც თავის მხრივ, გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გასავლელად აღნიშნული პირის აკადემიაში წარდგენას.
5. ამ მუხლის მე–4 პუნქტით განსაზღვრული პირი უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, თუ იგი წარმატებით ვერ გაივლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსს.
6. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს.
7. სამინისტროს მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ სამინისტროს სისტემაში დაკავებული თანამდებობის მიუხედავად. სპეციალურ კონკურსში გამარჯვებული სამინისტროს მოსამსახურე გადაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე.
8. სამინისტროს საჯარო მოხელის ან სამოქალაქო პირის (იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულია სპეციალური წოდების მქონე პირის დანიშვნის შესაძლებლობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე) სურვილის შემთხვევაში, მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე შეიძლება გამოცხადდეს სპეციალური კონკურსი. ამ შემთხვევაში, მოსამსახურე თავისი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და სპეციალურ კონკურსში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე იმავე თანამდებობაზე დაინიშნება დროებით მოვალეობის შემსრულებლა