1. სპეციალური კონკურსი ტარდება სამინისტროს სისტემაში მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისთვის.

2. სპეციალური კონკურსის ორგანიზებას უზრუნველყოფენ შემდეგი მუდმივმოქმედი სპეციალური საკონკურსო კომისიები:

ა) სამინისტროს სპეციალური საკონკურსო კომისია;

ბ) სამინისტროს ტერიტორიული სპეციალური  საკონკურსო კომისიები;

გ) სსიპ-ების სპეციალური საკონკურსო კომისიები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სპეციალურ საკონკურსო კომისიებს ქმნის და მათ შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი.

4. ამ მუხლის მე–2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სპეციალურ საკონკურსო კომისიებს ქმნის და მათ შემადგენლობას განსაზღვრავს შესაბამისი სსიპ-ის ხელმძღვანელი.

5. სამინისტროს სპეციალური საკონკურსო კომისია ორგანიზებას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეების (პოლიციელები), სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების (მთავარი სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსი და მათი მოადგილეები) და სსიპ-ების ხელმძღვანელების (უფროსი და მოადგილეები) თანამდებობაზე სპეციალური წოდებით საქართველოს მოქალაქეთა მიღების მიზნით სპეციალური კონკურსის ჩატარებას. სტრუქტურულ და ტერიტორიულ ქვედანაყოფებში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადებისას სამინისტროს სპეციალურ საკონკურსო კომისიაში დამატებით ხმის უფლებით მონაწილეობს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი (ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი).

6. სამინისტროს ტერიტორიული სპეციალური საკონკურსო კომისიები ორგანიზებას უწევენ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეების  (პოლიციელები) თანამდებობაზე, სპეციალური წოდებით საქართველოს მოქალაქეთა მიღების მიზნით სპეციალური კონკურსის ჩატარებას.

7. სსიპ-ების სპეციალური საკონკურსო კომისიები ორგანიზებას უწევენ სსიპ-ების მოსამსახურეების თანამდებობაზე, სპეციალური წოდებით საქართველოს მოქალაქეთა მიღების მიზნით სპეციალური კონკურსის ჩატარებას.

8. სპეციალური საკონკურსო კომისიის მიზანია ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.

9. სამინისტროს სისტემაში სპეციალური კონკურსის ჩატარებას საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო