1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება ნიშნავს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან.
2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობები დროებით შეჩერდება:
ა) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის წერილობითი პატაკის საფუძველზე, თუ ამის წინააღმდეგი არ არის მისი ხელმძღვანელი (არა უმეტეს 5 დღისა);
ბ) შვებულების დროს;
გ) მისი კანდიდატად წამოყენებისას საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
დ) დროებითი შრომისუუნარობის დროს;
ე) დისციპლინური წარმოებისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში;
ვ) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
3. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს, რომელიც სამსახურში გამოცხადდება ნასვამ მდგომარეობაში, სამსახურებრივი ურთიერთობიდან ჩამოაშორებს უშუალო უფროსი. მას არ ეძლევა ხელფასი სამსახურიდან ჩამოშორების მთელ პერიოდში.
4. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერება ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ფორმდება საამისოდ უფლებამოსილი პირის სათანადო სამართლებრივი აქტით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სამართლებრივი აქტი ფორმდება მხოლოდ მოკლევადიანი შვებულების, ანაზღაურების გარეშე შვებულების, აგრეთვე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების გაფორმების შემთხვევებში.
5. სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერების პერიოდში სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი (სარგო), დანამატები და სხვაგვარი კომპენსაცია, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა