რეგლამენტის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

1. მაღარო _ მადნეული, არამადნეული, სამთო-ქიმიური ნედლეულის და საშენი მასალების მიწისქვეშა დამუშავების წესით მომპოვებელი სამთო საწარმო, სამთო გვირაბების ერთობლიობით და განიავების ერთიანი სისტემით.

2. მიწისქვეშა სამთო სამუშაოები _ სამთო სამუშაოები, რომელთა დროსაც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული ოპერაციები სრულდება მიწისქვეშა წესით.

3. საამფეთქებლო სამუშაოები _ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მოღვაწეობა, რომელიც დაკავშირებულია ფეთქებადი მასალების გამოყენებასთან.

4. საწმენდი სამუშაოები _ საწმენდ სანგრევში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით შესასრულებელი ოპერაციების ერთობლიობა.

5. სამთო სამუშაოების პროექტი _ დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია კონკრეტული სამთო სამუშაოს ძირითადი პარამეტრები და უსაფრთხო შესრულების პირობები.

6. მოსამზადებელი (ჩიხური) გვირაბი _ გვირაბი, რომელიც უზრუნველყოფს მაღაროს ველის, ფრთის და საწმენდი სანგრევის მომზადების და ექსპლუატაციის ნორმალურ პირობებს.

7. ნამუშევარი სივრცე _ სასარგებლო წიაღისეულის, აგრეთვე, ფუჭი ქანის ამოღების შედეგად წარმოქმნილი სივრცე.

8. სანაყარო _ ადგილი, სადაც თავსდება ფუჭი ქანი.

9 სამთო წნევა _ ქანის მასივში, გვირაბის, ჭაბურღილის კედლებთან ახლოს, მთელანებში, ქანის და სამაგრის კონტაქტის ზედაპირზე გრავიტაციული, აგრეთვე, ტექტონიკური ძალებით და დედამიწის ქერქის ზედა შრეების ტემპერატურის ცვლილების შედეგად შექმნილი დაძაბულობა.

10. ქანის სიმაგრის კოეფიციენტი (ფ) _ ქანის წინააღმდეგობა დაშლის მიმართ. სიმაგრის კოეფიციენტია ერთღერძა კუმშვაზე ქანის სიმტკიცის ზღვარი.

11. სპეციალისტი _ პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი ან საშუალო სამთო-ტექნიკური განათლება.

12. ტექნიკური ზედამხედველი _ მაღაროს ხელმძღვანელის ბრძანებით დანიშნული სპეციალისტი, რომელიც პასუხისმგებელია მაღაროში პროექტის შესაბამისად სამთო სამუშაოთა უსაფრთხო წარმოებაზე.

13. სპეციალიზებული საწარმო _ ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სამთო საწარმოების დაპროექტებას, მშენებლობას, ტექნიკურ ექსპერტიზას, მანქანებისა და მოწყობილობის მონტაჟს და გამართვას.

14. მაღაროს (ველის, ფრთის) კონსერვაცია _ მაღაროს (ველის, ფრთის) 6 თვეზე მეტი ხნით შეჩერების შემთხვევაში მაიზოლირებელი და დამცავი ღონისძიებების ერთობლიობა.

15. მაღაროს ლიკვიდაცია _ მაღაროს საექსპლუატაციო მარაგების ამოწურვის ან არარენტაბელობის გამო მაღაროს დახურვისათვის საჭირო ღონისძიებების ერთობლიობა.

16. მთავარი განიავების ვენტილატორი _ მაღაროს მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდში მაღაროს ან მისი ნაწილის (ფრთის, ბლოკის, პანელის) გასანიავებელი ვენტილატორი.

17. დამხმარე განიავების ვენტილატორი _ ერთი საწმენდი სანგრევისა და მასთან მომიჯნავე მოსამზადებელი გვირაბების გასანიავებელი ვენტილატორი.

18. ადგილობრივი განიავების ვენტილატორი _ ვენტილატორი, რომელიც მაღაროს მშენებლობის პერიოდში ჭაურის, კვერშლაგის, შტოლნის, მიწისქვეშ _ კი მაღაროს გამჭოლი ჭავლის მიმდებარე ყველა მოსამზადებელი გვირაბის გაყვანისას უზრუნველყოფს სანგრევის იძულებით განიავებას.

19. მავნე აირები _ აირები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ აფეთქება ან ადამიანის მოწამვლა. მავნე აირებს მიეკუთვნება: მომწამლავი _ ნახშირჟანგი, აგრეთვე, ნახშირორჟანგი, გოგირდწყალბადი, გოგირდის ანჰიდრიდი, ხოლო, აფეთქებასაშიშ აირებს _ მეთანი და მძიმე ნახშირწყალბადები (მცირე რაოდენობით).

20. სავენტილაციო ჭავლების მოკლე შერთვა _ მაღაროს შემავალი ჰაერის სუფთა ჭავლის შერევა ნამუშევარ გამომავალ ჭავლთან.

21. ამწევი დანადგარი _ ვერტიკალურ და დახრილ ჭაურებში ადამიანების და ტვირთის გადაადგილებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო კომპლექსი.

22. რაბი, ტიხარი _ სავენტილაციო ჭავლების გამმიჯნავი დროებითი კედელი, რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავს სუფთა და ნამუშევარჭავლიან ჰაერს.

23. სავენტილაციო კარი, სარქველი _ რაბსა და ტიხარში, აგრეთვე, ჭაურის პირზე მოწყობილი ადამიანების სასვლელი, რომელიც დროებით იხსნება ადამიანების გავლის დროს.

24. გამკვეთები, სასულე, ირიბულა _ ორი, ერთმანეთთან ახლოს განლაგებული კაპიტალური გვირაბის მაერთებელი ჰორიზონტალური (გამკვეთი), ვერტიკალური (სასულე), დახრილი (ირიბულა) მცირე კვეთის გვირაბები, რომელთა დანიშნულებაა ადამიანების გადაადგილება და გვირაბების განიავება.

25. კროსინგი _ გვირაბების ურთიერთგადამკვეთი, საჰაერო ჭავლების გამმიჯნავი სავენტილაციო ნაგებობა.

26. ტიუბინგი _ გვირაბის კონტურის შესაბამისი სამაგრი, შემსუბუქებული (რკინაბეტონის ან თუჯის), სეგმენტის ფორმის ასაკრები კონსტრუქცია.

27. გვირაბგამყვანი თარო _ ჭაურში ჩამოკიდებული პლატფორმა მექანიზმების, მოწყობილობის და ადამიანების განსათავსებლად.

28. მცურავი ქანი _ ძალიან რბილი, წყლით გაჯერებული ზვავსაშიში ქანი.

29. ელექტრომომარაგება _ ელექტროენერგიის გარდაქმნის, გადაცემის, განაწილების და მართვის მოწყობილობათა ერთობლიობა.

30. ელექტრული წრედი _ ელექტრული დენის გასატარებლად განკუთვნილ მოწყობილობათა ერთობლიობა.

31. ელექტრული სქემა _ ელექტრული წრედის ელემენტთა ურთიერთკავშირის გრაფიკული გამოსახულება.

32. მაღაროს ნორმალური შესრულების ელექტრომოწყობილობა _ ელექტრომოწყობილობა, რომელიც არ არის აღჭურვილი აფეთქებაუსაფრთხო საშუალებებით.

33. მიწისქვეშა ხანძარი _ მაღაროში წარმოქმნილი ღია ცეცხლი, კვამლი, წვის პროდუქტი აირების სუნი ან ნახშირჟანგის ნიშნები ყოველ 3-4 საათში აღებულ ჰაერის სინჯში სამი დღე-ღამის განმავლობაში, თუ ეს არ არის გამოწვეული მაღაროში საწარმოო პროცესებით (შედუღება ან საამფეთქებლო სამუშაოები და სხვ.).

34. ენდოგენური ხანძარი _ სასარგებლო წიაღისეულის, ქანის ან წვადი მასალის თვითაალებით გამოწვეული ხანძარი.

35. ეგზოგენური ხანძარი _ სითბოს გარე წყაროს ზემოქმედებით (უწესივრო ელექტრომოწყობილობა, ხახუნი და სხვ.) წვადი მასალის (სასარგებლო წიაღისეული, სამაგრი, კონვეიერის ლენტი და სხვ.) აალების შედეგად წარმოქმნილი ხანძარი.

36. სტანდარტი _ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტი.

თავი II. პერსონა