„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№78
სარეგისტრაციო კოდი
140030000.22.034.016275
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №78

2014 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით (სარეგისტრაციო კოდი: 140030000.22.034.016264)  დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-12 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მინისტრის ან სასაზღვრო პოლიციის უფროსის მიერ ან უშუალოდ მათი თანხმობით, თანამდებობაზე შეიძლება   დაინიშნოს სრული ზოგადი განათლების მქონე პირი.

8. სასაზღვრო პოლიციაში პირის მიღება ხდება სპეციალური კონკურსის წესით. ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური კონკურსის გარეშე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც უკვე მიღებულია სამინისტროში (მსახურობს სამინისტროში ან აყვანილია კადრების განკარგულებაში) და გააჩნია შესაბამისი სპეციალური ან სამხედრო წოდება.“.

2. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი  სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის  (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) შემცვლელი – მოსამსახურის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე;“.

3. 23–ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ვაკანტური თანამდებობის დასახელებას და რაოდენობას;“.

4. 24–ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელსაც  მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის მიხედვით გავლილი  აქვს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსი. ეს თანამდებობებია:

ა) სპეციალისტი (მესაზღვრე);

ბ) სპეციალისტი (უფროსი მესაზღვრე).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება, ამავე პუნქტით დადგენილი პროგრამის ან/და კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის, აგრეთვე  ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე, შეიძლება მიეცეს საქართველოს მოქალაქეს მინისტრის ან სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანხმობით, ამ პირის სპეციალური ცოდნის, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, გამოცდილების ან/და სხვა განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით.“.

5. 25–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 25. სპეციალური კონკურსის ეტაპები

1. სპეციალური კონკურსის ეტაპებია:

ა) აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა;

ბ) გასაუბრება;

გ) სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;

დ) ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება;

ე) სპეციალური შემოწმება;

ვ) გამოსაცდელი ვადით დანიშვნა;

ზ) პოლიციაში მიღება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების გავლას არ ექვემდებარება:

ა) პირი, რომელსაც დადგენილი წესით გავლილი აქვს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - თუ აკადემიაში მსმენელად ჩარიცხვის პერიოდში მას გავლილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპები და აღნიშნული პროგრამის გავლიდან არ არის გასული ერთი წელი; 

ბ)  სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე, რომელსაც გავლილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპები.

შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრული პირები ექვემდებარებიან ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპების გავლას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავლილი არ აქვთ აღნიშნული ეტაპები.

3. კანდიდატების მიერ წარდგენილი აპლიკაციები გადაირჩევა მათში მოცემული ინფორმაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით. სპეციალური საკონკურსო კომისია გამოგზავნილი აპლიკაციებიდან არჩევს და გონივრულ ვადაში გადაწყვეტილებით ამტკიცებს იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს. აღნიშნული კანდიდატები გადადიან კონკურსის გასაუბრების ეტაპზე. აღნიშნული ეტაპი უნდა დასრულდეს აპლიკაციების მიღების დამთავრებიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში.

4. კომისიამ გასაუბრების დროს კანდიდატისგან უნდა მიიღოს ინფორმაცია მისი განათლების, უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, გამოცდილების, დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობის და სხვა გარემოებების შესახებ,  რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. გასაუბრების შედეგად სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს გადაწყვეტილებას ერთი ან რამდენიმე კანდიდატის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების გავლის შესახებ. აღნიშნული ეტაპი უნდა დასრულდეს აპლიკაციების გადარჩევიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.

5. კანდიდატმა ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება უნდა გაიაროს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში. ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას დადგენილი წესით უზრუნველყოფს სპეციალური კომისია (ჯანმრთელობის დაცვის სამსახური), ხოლო ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას  – სასაზღვრო პოლიციის საკადრო დანაყოფი.

6. კანდიდატის/კანდიდატების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სპეციალური საკონკურსო კომისია ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის  შემოწმების შესახებ შეტყობინების (რომელსაც უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის საკადრო დანაყოფი) მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას სპეციალური კონკურსის შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ერთი კანდიდატის გადაყვანის და მის მიმართ სპეციალური შემოწმების დაწყების, აგრეთვე მისი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის ან გამოსაცდელი ვადით დანიშვნისგან თავის შეკავების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საკადრო დანაყოფს და კანდიდატს.

შენიშვნა: აკადემიაში აკადემიურ თანამდებობაზე დასანიშნი პირის პოლიციაში მიღება ხდება გამოსაცდელი ვადით დანიშვნის გარეშე.

7. პოლიციაში მისაღები პირი ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს სამ თვემდე გამოსაცდელი ვადით. მითითებულ ვადაში მიმდინარეობს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი სპეციალური შესწავლა. აღნიშნული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას პირის სასაზღვრო პოლიციაში მიღების შესახებ, რომელიც შესაბამისი რეაგირების მიზნით დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საკადრო დანაყოფს და ეცნობება სპეციალურ კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატს.

შენიშვნა: 21 წლამდე პირის ან წვევამდელის პოლიციაში მიღება ხდება სპეციალური შემოწმების შემდეგ, გამოსაცდელი ვადით დანიშვნის ეტაპის  გარეშე.

8. ამ მუხლით განსაზღვრული რომელიმე ეტაპის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში პოლიციაში პირის მიღების საკითხი ავტომატურად წყდება, რის შესახებაც  სპეციალური საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება აღარ გამოიცემა, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა.

9. გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი სპეციალური საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე  შეიძლება ვადამდე გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, თუ ის დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ჯეროვნად ვერ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ან/და სპეციალური შემოწმების შედეგად გამოვლინდება პოლიციაში მისი მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები. აღნიშნულ ინფორმაციას სპეციალურ საკონკურსო კომისიას გააცნობს შესაბამისი საკადრო დანაყოფი. სპეციალური საკონკურსო კომისიის  გადაწყვეტილება რეაგირებისთვის ეგზავნება შესაბამის საკადრო დანაყოფს და ეცნობება გამოსაცდელი ვადით დანიშნულ პირს.“.

6. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე თანამდებობაზე დაწინაურებამდე (ქვეგანყოფილების უფროსად და უფრო მაღალ თანამდებობაზე) შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.“.

7. 29-ე მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 29. სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობათა შესრულება

1. პირს, რომელსაც აქვს თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დროებით არმყოფი მოსამსახურის (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) შეცვლის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოსამსახურის არყოფნა გამოიწვევდა დაწესებულების ნორმალური საქმიანობის გართულებას, შეუძლია:

ა) გადაუნაწილოს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა მოსამსახურეს/მოსამსახურეებს (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე;

ბ) დააკისროს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა მოსამსახურეს (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) და ეს უკანასკნელი გაათავისუფლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან.

2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას ან შეუძლებელია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში დასტურდება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნით.

3. მოსამსახურეს შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ამავე დაწესებულებაში შეასრულოს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობა არა უმეტეს 5 თვისა კალენდარული წლის განმავლობაში. არმყოფი მოსამსახურის მოვალეობის შესრულება 1 თვეზე მეტი ვადით შეიძლება იმ მოსამსახურის თანხმობით, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს მოვალეობა.

4. მოსამსახურეებს, რომლებიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლიან მოსამსახურეს, თავიანთი ხელფასის გარდა ეძლევათ დანამატი არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

5. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლის არმყოფ მოსამსახურეს, ეძლევა არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ უკანასკნელი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო ნაკლებია შემცვლელის თანამდებობრივ სარგოზე, მაშინ შემცვლელ მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისი სარგო.“.

8. 30–ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–3 პუნქტი:

„3. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე გაემგზავრება მივლინებაში ზემდგომი უფროსის ზეპირი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, შესაბამისი წერილობითი სამართლებრივი აქტი, როგორც წესი, უნდა გამოიცეს სამი დღის ვადაში.“.

9. 31-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერება ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ფორმდება საამისოდ უფლებამოსილი პირის სათანადო სამართლებრივი აქტით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სამართლებრივი აქტი ფორმდება მხოლოდ ანაზღაურების გარეშე შვებულების, აგრეთვე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის (მათ შორის, ბავშვის შვილად აყვანა) გამო შვებულების გაფორმების შემთხვევებში.“.

10. 33-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის დროს, მისივე თანხმობით უნდა გადაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ აღნიშნული პირი აიყვანება კადრების განკარგულებაში. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის (მათ შორის, ბავშვის შვილად აყვანა) გამო შვებულებაში მყოფი პირი, ასევე დროებითი შრომისუუნარობის გამო არმყოფი პირი კადრების განკარგულებაში აყვანიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში მისი თანხმობით უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში - ტოლფას თანამდებობაზე.“.

11. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა)  „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით;“;

ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო;“.

12. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 49. დათხოვნა გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების  გამო

გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნა ხდება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მისი მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგების  ან სპეციალური შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების არსებობის შემთხვევაში.“.

13. 54-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რიგით და ოფიცერთა შემადგენლობას სპეციალურ წოდებებს (გარდა უმაღლესი სპეციალური წოდებებისა) ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი. ოფიცერთა შემადგენლობას უმაღლეს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.".

14. მე-60 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტროში მუშაობის 5 წელზე მეტი სტაჟის მქონე მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 35 კალენდარული დღით, 10 წელზე მეტი სტაჟის მქონე პირთათვის - 40 კალენდარული დღით.“.

15. 62-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის გამო შეიძლება შეუჩერდეს სამსახურებრივი ურთიერთობა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის განმავლობაში 6 თვის მანძილზე შრომისუუნარობის შემთხვევებში – ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის გადაწყვეტილების გათვალისწინებით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე