საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№36
სარეგისტრაციო კოდი
300300000.22.025.016142
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №36

2014 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (სსმ, III, 31.08.2006 წ., 117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ლ1“, „ლ2“, „ლ3“ და „ლ4“ პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ლ1) ქვედა დონის ელექტროენერგიის და სიმძლავრის კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზირებული სისტემა (შემდგომში: „ქვედა დონის ესკაა სისტემა“) – ელექტროენერგიის კომერციული აღრიცხვის ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც მოიცავს აღრიცხვის კომპლექს(ებ)ს, მონაცემთა შეკრებისა და გადაცემის  მოწყობილობებს და უზრუნველყოფს მიღებული მონაცემების შეკრებას, შენახვას და გადაცემას კავშირის სხვადასხვა არხებით შუალედურ ან/და ზედა დონის ეკაას-ში;

2) შუალედური დონის ელექტროენერგიის და სიმძლავრის კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზირებული სისტემა (შემდგომში: „შუალედური დონის ესკაა სისტემა“) - კვალიფიციური საწარმოების ელექტროენერგიის აღრიცხვის ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც მოიცავს აღრიცხვის კომპლექს(ებ)ს, მონაცემთა შეკრებისა და გადაცემის  მოწყობილობებს, ელექტრული ენერგიის აღრიცხვის გამზომ-გამოთვლით კომპლექსს და უზრუნველყოფს მიღებული მონაცემების შეკრებას, შენახვას, დამუშავებას და გადაცემას კავშირის სხვადასხვა არხებით ზედა დონის „ესკაა სისტემა“-ში.

3) ზედა დონის ელექტროენერგიის და სიმძლავრის კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზირებული სისტემა (შემდგომში: „ზედა დონის ესკაა სისტემა“) - დიპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ელექტროენერგიის აღრიცხვის ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც მოიცავს ცენტრალურ აღრიცხვის გამზომ-გამოთვლით კომპლექსს, შუალედურ და ქვედა დონის ესკაა სისტემებს,  მონაცემთა შეკრებისა და გადაცემის  მოწყობილობებს, აღრიცხვის კომპლექს(ებ)ს, ავტომატურ რეჟიმში აგროვებს და უზრუნველყოფს მიღებული მონაცემების შენახვას, დამუშავებას და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისთვის, ასევე ყველა სხვა დაინტერესებული უწყებისა და ორგანიზაციისათვის კავშირის ხელმისაწვდომი არხების გამოყენებით დადგენილი წესით მიწოდებას/დაშვებას;

4) აღრიცხვის კვანძ(ებ)ის ზედა დონის „ესკაა სისტემა“-ში ჩართვა გულისხმობს - კავშირის სხვადასხვა არხების გამოყენებით სათანადო აღრიცხვის კომპლექს(ებ)ის ავტომატურ რეჟიმში პირდაპირი და უშუალო ფორმით ან არაპირდაპირი ფორმით დაკავშირებას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ცენტრალურ აღრიცხვის გამზომ-გამოთვლით კომპლექსთან.  არაპირდაპირი ფორმით დაკავშირება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ცენტრალურ აღრიცხვის გამზომ-გამოთვლით კომპლექსთან შესაძლებელია განხორციელდეს მონაცემთა შეკრებისა და გადაცემის მოწყობილობების გამოყენებით ან/და კვალიფიციური საწარმოების აღრიცხვის გამზომ-გამოთვლითი კომპლექსის საშუალებით.“

2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

“ე) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის მაძიებლის კუთვნილი აღრიცხვის კვანძების „ზედა დონის ესკაა სისტემაში“ ჩართვის დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტი.”

3. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „თ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„თ) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემა არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან/და არ არსებობს ზედა დონის ესკაა სისტემასთან დაკავშირების დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტი - ასეთ შემთხვევებში საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის რეგისტრაცია უქმდება მხოლოდ შესაბამისი (შეუსაბამო ან დაუკავშირებელი) აღრიცხვის კვანძის (კვანძების) ნაწილში.“

4. მე–5 მუხლის მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან მიწოდება–მიღების ყველა პუნქტში, აგრეთვე ელექტროენერგიის მწარმოებლების გენერატორებსა და საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებზე გამოყენებულ მინაერთებზე არსებული მრიცხველები ჩართონ/დაუკავშირონ ზედა დონის ესკაა სისტემაში/სისტემას და უზრუნველყონ ამ მრიცხველებზე დაფიქსირებული ინფორმაციის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის გადაცემა, სულ მცირე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდულობით.“

5. მე–5 მუხლს დაემატოს მე–5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„5. კვალიფიციური საწარმოები უფლებამოსილი არიან მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების შემთხვევაში, დროებით (არა უმეტეს 24 სთ-სა კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში) შეაჩერონ მიწოდება–მიღების პუნქტ(ებ)ში, აგრეთვე ელექტროენერგიის მწარმოებლების გენერატორებსა და საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებზე გამოყენებულ მინაერთებზე არსებული მრიცხველების დაკავშირებულობა/ჩართულობა ზედა დონის ესკაა სისტემა-სთან.“    

6. მე–11 მუხლს დაემატოს მე–4 და მე–5 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის ოფიციალურ ვებ გვერდზე) განათავსოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ზედა დონის ესკაა სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფასთან დადასტურებულად თავსებადი მრიცხველების ჩამონათვალი, მრიცხველების ტიპის/მოდიფიკაციის მითითებით;

ბ) მონაცემები კვალიფიციური საწარმოების საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე აღრიცხვის კვანძების ზედა დონის ესკაა სისტემასთან ჩართულობის შესახებ. მონაცემები უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კვალიფიციური საწარმოების აღრიცხვის კვანძების საერთო რაოდენობის, ზედა დონის ესკაა სისტემასთან თავსებადი, მასში ჩართული და ასევე ზედა დონის ესკაა სისტემასთან არათავსებადი აღრიცხვის კვანძების რაოდენობების შესახებ.

5. კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისთვის უზრუნველყოფილია ზედა დონის ესკაა სისტემის მონაცემებზე დაშვება და მათი ხელმისაწვდომობა.“

7. მე-161 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ო“-„ს“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ო) აწარმოოს ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძ(ებ)ის (მათ შორის, საბითუმო ვაჭრობაში გამოყენებულის) „ზედა დონის ესკაა სისტემასთან დაკავშირების დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტების“ რეესტრი („ესკაა სისტემა-სთან დაკავშირების რეესტრი“), რომელშიც დაუყოვნებლივ აისახება „ზედა დონის ესკაა სისტემა-სთან დაკავშირების დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტ(ებ)ის“ გაცემის ფაქტი ელექტროენერგიის სათანადო აღრიცხვის კვანძ(ებ)ის მითითებით;

პ) ყოველი გასული საანგარიშო პერიოდისთვის მოამზადოს „ესკაა სისტემა-სთან დაკავშირების რეესტრში“ დაფიქსირებული ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში გამოყენებული ელექტროენერგიის აღრიცხვის იმ კვანძ(ებ)ის (მათ შორის გენერატორების და საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორების) ჩამონათვალი, საიდანაც საგამონაკლისო (საპატიო) მიზეზის გარეშე 24 საათზე მეტი პერიოდის განმავლობაში ვერ განხორციელდა ელექტროენერგიის აღრიცხვის მონაცემების მიღება  და ასეთი ფაქტის დაფიქსირების შესახებ, კონკრეტული აღრიცხვის კვანძ(ებ)ის მიხედვით, წერილობით აცნობოს  სათანადო კვალიფიციურ საწარმოს და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს, ამასთან ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიის აღრიცხვის მონაცემების მიუწოდებლობაზე პასუხისმგებელი კვალიფიციური საწარმო ვალდებულია თავისი ხარჯებით უზრუნველყოს სათანადო ელექტროენერგიის მრიცხველებში დაფიქსირებული აღრიცხვის მონაცემების დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის მიწოდება ამ წესების, მათ შორის 26-ე მუხლის 51 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

ჟ) იმ შემთხვევაში, თუ გასული სამი (3) თანმიმდევრული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში „ესკაა სისტემა-სთან დაკავშირების რეესტრში“ დაფიქსირებული ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში გამოყენებული ელექტროენერგიის აღრიცხვის რომელიმე კვანძ(ებ)იდან (მათ შორის გენერატორების და საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორების) ჯამურად სამას სამოცი (360) ან მეტი საათის განმავლობაში ვერ განხორციელდა ელექტროენერგიის აღრიცხვის მონაცემების მიღება ამისთვის რაიმე საგამონაკლისო (საპატიო) მიზეზის არსებობის გარეშე, წერილობით შეატყობინოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს და სათანადო კვალიფიციურ საწარმოს ასეთი ფაქტის დაფიქსირების შესახებ, მათ შორის ასეთი აღრიცხვის კვანძ(ებ)ის ნაწილში სათანადო კვალიფიციური საწარმოსთვის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

რ) აწარმოოს სათანადო იურიდიულ პირთან გაფორმებული ელექტროენერგიის სათანადო აღრიცხვის კვაძ(ებ)იდან აღრიცხვის მონაცემების ზედა დონის „ესკაა სისტემა“-ში გადაცემის ტექნიკური პირობების, წესისა და მოცულობის შესახებ შეთანხმებების რეესტრი („ესკაა სისტემა-სთან დაკავშირების შეთანხმებების რეესტრი“);

ს) მის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიის მიხედვით ჩაატაროს მრიცხველების ინსპექცია“.

8. 26-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებში, სადაც მდებარეობს მიღებისა და მიწოდების პუნქტები უნდა წარმოებდეს საანგარიშო და ტექნიკური მრიცხველების ჩვენებების აღრიცხვის ჟურნალები, რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს დაინტერესებული მხარეების, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ. აღრიცხვის ჟურნალში იწერება საანგარიშსწორებო და ტექნიკური მრიცხველის ჩვენებები ყოველდღიურად, ყოველი დღის 24.00 საათის მდგომარეობით, ხოლო სადგურის საკუთარი მოხმარების მრიცხველების ჩვენებები შეიძლება აღრიცხვის ჟურნალში დამატებით ჩაიწეროს სადგურის წარმოების და მოხმარების რეჟიმების ურთიერთჩანაცვლების მომენტებისთვის.

4. იმ სადგურებსა და ქვესადგურებში, სადაც შეუძლებელია მრიცხველის ჩვენებების ყოველდღიური აღება, მრიცხველის ჩვენებები უნდა იყოს აღებული და შეტანილი აღრიცხვის ჟურნალში სულ მცირე 10 დღეში ერთხელ. აღნიშნული სადგურებისა და ქვესადგურების ნუსხას ადგენს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი.

5. ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს, კვალიფიცური საწარმო, მიწოდებისა და მიღების პუნქტებში ელექტროენერგიის მიღებისა და მიწოდების ყველა მონაწილე მხარის (კვალიფიციური საწარმო ან/და გადაცემის ლიცენზიატი) უფლებამოსილ წარმომადგენლებთან ერთად, ვალდებულია ზედა დონის ესკაა სისტემის და მისი შემადგენელი შუალედური ან/და ქვედა დონის ესკაა სისტემ(ებ)ის მონაცემების გამოყენებით შეადგინოს დადგენილი ფორმის გამომუშავებული, მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტი (აქტები). ის კვალიფიციური საწარმოები, რომლებიც არ არიან ჩართულნი/დაკავშირებულნი, ან მათი აღრიცხვის სიტემის მხოლოდ ნაწილია ჩართული ზედა დონის ესკაა სისტემაში/სისტემასთან, გამომუშავებული, მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტს (აქტებს) ადგენენ როგორც ზედა დონის ესკაა სისტემის და მისი შემადგენელი შუალედური ან/და ქვედა დონის ესკაა სისტემ(ებ)ის მეშვეობით (სისტემასთან თავსებად (სისტემაში ჩართულ) აღრიცხვის კვანძებზე), ასევე მიწოდებისა და მიღების პუნქტებში ელექტროენერგიის მიღებისა და მიწოდების ყველა მონაწილე მხარის უფლებამოსილ წარმომადგენლებთან ერთად საანგარიშსწორებო მრიცხველის (მრიცხველების) ჩვენებების (ძაბვების მიხედვით) აღრიცხვის ჟურნალის ჩანაწერების ბაზაზე დაყრდნობით (იმ მრიცხველებზე, რომლებიც ჯერ–ჯერობით არ არიან ჩართულნი ზედა დონის ესკაა სისტემა-ში). იმ შემთხვევებში, როდესაც დროის რომელიმე კონკრეტული პერიოდის სრულად ამსახველ მონაცემებში არსებობს წინააღმდეგობა აღრიცხვის ჟურნალის ჩანაწერებსა და ზედა დონის ესკაა სისტემის და მისი შემადგენელი შუალედური ან/და ქვედა დონის ესკაა სისტემ(ებ)ის მონაცემებს შორის, უპირატესობა ენიჭება ზედა დონის ესკაა სისტემის, ან/და მისი შემადგენელი შუალედური ან/და ქვედა დონის ესკაა სისტემ(ებ)ის მონაცემებს.“

9. 26-ე მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„51. იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტროენერგიის მრიცხველები თავსებადია ზედა დონის ესკაა სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფასთან და მათგან გარკვეული მიზეზით არ გადმოიცემა ელექტროენერგიის აღრიცხვის მონაცემები ზედა დონის ესკაა სისტემაში, გამომუშავებული, მიწოდებული ან/და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტის (აქტების) შესადგენად საჭირო ელექტროენერგიის აღრიცხვის მონაცემების მიღებისთვის დასაშვებია, კვალიფიციური საწარმო(ები)ს ან/და გადაცემის ლიცენზიატ(ებ)ის მოთხოვნით ელექტროენერგიის მრიცხველების ადგილზე წაკითხვა და აღნიშნული მონაცემების აღება სპეციალური პორტატული კომპიუტერის გამოყენებით, სათანადო კვალიფიციური საწარმო(ებ)ის ან/და გადაცემის ლიცენზიატ(ებ)ის ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მონაწილეობით. ელექტროენერგიის მრიცხველებიდან აღრიცხვის მონაცემების წაკითხვის და აღრიცხვის მონაცემების აღების პროცედურა და წესი დგინდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დამტკიცებული ელექტროენერგიის მრიცხველების ადგილობრივი წაკითხვის და აღრიცხვის მონაცემების აღების სპეციალური ინსტრუქციით, რომლის მოთხოვნათა განუხრელი შესრულებაც სავალდებულოა ყველა კვალიფიციური საწარმოსა და გადაცემის ლიცენზიატის მიერ.“

10. 26-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. შესაბამის ოპერატიული ჩვენებების აქტში დაფიქსირებული მონაცემები, საანგარიშო პერიოდის დამთავრებისათანავე, უნდა გადაეცეს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და დესპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, ხოლო ზედა დონის ესკაა სისტემის მონაცემების გამოყენებით სათანადოდ გაფორმებული და კვალიფიციური საწარმოს მიერ დამოწმებული აქტი, საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა უნდა იქნას წარდგენილი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან, რომელიც ამოწმებს თითოეული აქტის სისწორეს და  შენიშვნების არსებობის შემთხვევაში მოქმედებს ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო  შენიშვნების არარსებობის შემთხვევაში ამოწმებს მათ, რის შემდეგაც მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტები დაუყოვნებლივ მოწმდება გადაცემის ლიცენზიატების მიერ (თუ მანამდე არ იყო მათ მიერ დამოწმებული). დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, გადაცემის ლიცენზიატების მიერ დამოწმებული აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა გადასცემს დამოწმებულ აქტს სისტემის კომერციულ ოპერატორს.

11. 26-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. იმ შემთხვევაში, თუ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი არ ეთანხმება ამ მუხლის მე-8 პუნქტით წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების დამოწმებულ აქტში ასახულ მონაცემებს, მან უნდა  მიუთითოს ამის შესახებ სათანადო კვალიფიციურ საწარმო(ებ)ს შეცდომის დასაბუთებით და გაასწოროს მონაცემები სათანადო კვალიფიციურ საწარმოსთან/საწარმოებთან შეთანხმებით, ხოლო სათანადო კვალიფიციური საწარმო(ები) ვალდებული არიან ხელახლა წარუდგინონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შესწორებული და დამოწმებული აქტ(ებ)ი, რაც უნდა შესრულდეს საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიციური საწარმოები არ ეთანხმებიან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის შესწორებებს და უარს აცხადებენ შესწორებების აქტ(ებ)ში ასახვაზე, უთანხმოების გადაჭრის მიზნით იქმნება სამუშაო ჯგუფი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამ წესების 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.“

12. 32-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 321 მუხლი  შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 321. საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის დამატებითი (ახალი) ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებლად აღიარება  (მაძიებლის შემთხვევების გარდა)

1. გადაცემის ლიცენზიატსა და კვალიფიციურ საწარმოს ან კვალიფიციურ საწარმოებს შორის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მისაღები ახალი აღრიცხვის კვანძ(ებ)ის შემოწმებისთვის, შესაბამისი კვალიფიციური საწარმო (იგულისხმება ის კვალიფიციური საწარმო, რომლის ქსელსაც უერთდება სხვა კვალიფიციური საწარმო ან ის კვალიფიციური საწარმო, რომელიც უერთდება გადაცემის ქსელს) ვალდებულია წარუდგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს  წერილობითი მოთხოვნა საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელი აღრიცხვის ახალი კვანძ(ებ)ის შემოწმების შესახებ, შემოწმების თარიღამდე არანაკლებ ხუთი (5) სამუშაო დღით ადრე, ამასთან, აღნიშნული კვალიფიციური საწარმო ვალდებულია, სათანადო წერილობით მოთხოვნას თან დაურთოს შესამოწმებელი აღრიცხვის კვანძ(ებ)ის ზედა დონის „ესკაა სისტემა“-ში ჩართვის დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტი, გაცემული დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ; წინააღმდეგ შემთხვევაში ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მისაღები აღრიცხვის კვანძ(ებ)ი არ დაექვემდებარება  შემოწმებას და შესაბამისად არ იქნება მიღებული ელექტროენერგიის საბითუმო აღრიცხვაში.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კვალიფიციური საწარმოს მიერ ელექტროენერგიის სათანადო აღრიცხვის კვანძ(ებ)ისთვის „ზედა დონის ესკაა სისტემა“-ში ჩართვის დამადასტურებელი დოკუმენტის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის  წარდგენიდან არანაკლებ სამი (3) სამუშაო დღის ვადაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და სათანადო კვალიფიციური საწარმო(ები) ან/და გადაცემის ლიცენზიატი ქმნიან ერთობლივ კომისიას და კომისიური წესით, ახორციელებენ წერილობით მოთხოვნაში მითითებული ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძების ინსპექტირება/შემოწმებას და ადგენენ საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელი აღრიცხვის კვანძების (მათ შორის გენერატორებსა და საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებზე არსებული აღრიცხვის კვანძების) შემოწმების აქტს (შემდგომში “აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტი”), რომლის ფორმასაც ამტკიცებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და მის რეესტრს აწარმოებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი.

3. დასაშვებია ერთობლივი კომისიის მუშაობა არასრული შემადგენლობით, მაგრამ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის დასწრება სავალდებულოა.

4. აღრიცხვის კვანძ(ებ)ის შემოწმების აქტით ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძ(ებ)ის გამართულობის დადასტურების შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, არაუგვიანეს ხუთი (5) სამუშაო დღის ვადაში, ერთობლივი კომისიის მუშაობაში მონაწილე ყველა მხარეს (მათ შორის კომისიის იმ წევრებს, რომლებიც არ გამოცხადდნენ შემოწმებაზე) უგზავნის წერილობით შეტყობინებას  შესაბამისი აღრიცხვის კვანძ(ებ)ის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საბითუმო ვაჭრობაში კონკრეტული თარიღიდან დაშვების შესახებ. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის აღნიშნული წერილობითი შეტყობინება წარმოადგენს ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების სათანადო აქტებსა და შესაბამის პირდაპირ ხელშეკრულებებში ცვლილებ(ებ)ის შეტანის საფუძველს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მითითებული თარიღიდან.

5. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია ასახოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიტის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულ წერილობით შეტყობინებაში მითითებული აღრიცხვის კვანძ(ებ)ი საბითუმო ყიდვა-გაყიდვის შესახებ ერთიან ბაზაში (მათ შორის აღრიცხვიანობის ერთიან რეესტრში) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მითითებული თარიღიდან.

6. ახალი სისტემათაშორისი ელექტროგადამცემი ხაზის აღრიცხვის კვანძ(ებ)ის ელექტროენერგიის საბითუმო აღრიცხვაში მიღების შემთხვევაში, გადაცემის ლიცენზიატი ან/და ახალი ხაზის ან/და შესაბამისი ქვესადგურის მფლობელი საწარმო ვალდებულია წარუდგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს  წერილობითი მოთხოვნა საბითუმო ვაჭრობაში მისაღები აღრიცხვის ახალი კვანძ(ებ)ის შემოწმების შესახებ.

7. ამ მუხლის მე–6 პუნქტში აღნიშნული წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არანაკლებ სამი (3) სამუშაო დღის ვადაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და დაინტერესებული მხარე(ებ)ი (მათ შორის ახალი სისტემათაშორისი ხაზით დაკავშირებული მეზობელი ქვეყნის სათანადო უფლებამოსილი წარმომადგენლები) ერთობლივად, კომისიური წესით ახორციელებენ ელექტროენერგიის სათანადო აღრიცხვის კვანძ(ებ)ის ინსპექტირება/შემოწმებას და იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძ(ებ)ის გამართულობა, ადგენენ საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელი აღრიცხვის კვანძ(ებ)ის ინსპექტირების აქტს (შემდომში: „ინსპექტირების აქტი“),  მასზედ რომ, შემოწმებული აღრიცხვის კვანძ(ებ)ი ვარგისია ელექტროენერგიის აღრიცხვისთვის.

8. „ინსპექტირების აქტი“ წარმოადგენს ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების სათანადო აქტებსა და სათანადო პირდაპირ ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანის (მიღებული აღრიცხვის კვანძ(ებ)ის ასახვის) საფუძველს.

9. ბაზრის ოპერატორი ვალდებულია ასახოს „ინსპექტირების აქტი“-თ მიღებული ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძ(ებ))ი საბითუმო ყიდვა-გაყიდვის შესახებ ერთიან ბაზაში.“

13. 33–ე მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დადგენილი სტანდარტების, მოქმედი ნორმებისა და მოთხოვნების შესაბამისად, კვალიფიციური საწარმო და გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია აღრიცხოს მიღების ან გადაცემის წერტილებში წარმოებული, მიწოდებული, გადაცემული ან მიღებული ელექტროენერგიის და სიმძლავრის სრული რაოდენობა. წარუდგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს აღრიცხვის ყველა მონაცემი და, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ნებისმიერი სხვა კონტრაქტორი ან ფიზიკურად დაკავშირებული მხარისათვის. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი უფლებამოსილნი არიან ერთობლივად ან ცალ–ცალკე ჩაატარონ  ნებისმიერი კვალიფიციური საწარმოს, აგრეთვე ლიცენზიატის საანგარიშსწორებო აღრიცხვის სისტემის ინსპექტირება.“

14. 41-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 411-ე მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 411. საბითუმო აღრიცხვაში გამოყენებული ელექტროენერგიის აღრიცხვის მოწესრიგების ღონისძიებების შესახებ

1. კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან არაუგვანეს 2014 წლის 1 დეკემბრისა უზრუნველყონ:

ა) ელექტროენერგიის მიწოდებისა და მიღების პუნქტებში, აგრეთვე ელექტროენერგიის მწარმოებლების გენერატორებსა და საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებზე გამოყენებულ მინაერთებზე ზედა დონის ესკაა სისტემასთან თავსებადი ელექტროენერგიის მრიცხველების და აღრიცხვის კომპლექსების  მოწყობა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ელექტროენერგიის მრიცხველების და აღრიცხვის კომპლექსების მიერ აღრიცხული/დაფიქსირებული მონაცემების ზედა დონის ესკაა სისტემა-ში გადაცემა ამ წესების შესაბამისად მოთხოვნილი პერიოდულობით, მათ შორის ავტომატურ რეჟიმში.

2. პასუხისმგებლობა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე დაეკისროს:

ა) სათანადო ელექტროენერგიის აღრიცხვის უჯრედის მფლობელ კვალიფიციურ საწარმოს;

ბ) სათანადო განაწილების ლიცენზიატს, თავის საცალო მომხმარებლებზე/სატრანსფორმატორო პუნქტებზე, რომლებიც მონაწილეობენ ელექტროენერგიის საბითუმო აღრიცხვაში;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ვერ დგინდება აღრიცხვის უჯრედის  მფლობელი კვალიფიციური საწარმო ან/და რომელიმე აღრიცხვის წერტილისთვის აღრიცხვის მოწყობილობა არ არის  სრულყოფილი ან საერთოდ არ არსებობს და მოსაწყობია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი კვალიფიციური საწარმოს ვინაობას ადგენს ერთობლივი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი და დაინტერესებული კვალიფიციური საწარმო(ები). კომისიის  სხდომები ფორმდება შესაბამისი ოქმით, რომელსაც ხელს აწერს დამსწრე ყველა მონაწილე. კომისიის ოქმის ხელმოწერაზე უარი არ დაიშვება. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში ხელის მოწერა ხორციელდება მინაწერით „ხელს ვაწერ შენიშვნით“ და ოქმს თან ერთვება წერილობითი განსხვავებული აზრი. გადაწყვეტილებას კომისია იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. კომისიის გადაწყვეტილება და მისი იურიდიული შედეგები სავალდებულოა კომისიის მონაწილე ყველა პირისთვის.

3. ამ წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 დეკემბრიდან.

4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი კვალიფიციური საწარმოს მიერ არ შესრულდა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები და შედეგად დაზარალდა სხვა კვალიფიციური საწარმო ან/და გადაცემის ლიცენიზატი ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, დაზარალებული კვალიფიციური საწარმო ან/და გადაცემის ლიცენზიატი ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსიალია მოსთხოვოს ზარალის ანაზღაურება დამრღვევ კვალიფიციურ საწარმოს.

5. 2014 წლის 1 დეკემბრამდე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია სათანადო კვალიფიციური საწარმოს წერილობითი მოთხოვნის შეთხვევაში, ამ წესებით დადგენილი წესით, გასცეს 2014 წლის 1 მაისის მდგომარეობით ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში გამოყენებული (მათ შორის გენერატორების და საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორების) აღრიცხვის კვანძების „ზედა დონის ესკაა სისტემა-სთან დაკავშირების დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტი“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებისა, ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე