განჩინება სს „მუხრანი-98“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/10
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/10  

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2014 წლის 24 მარტი

ქ. მცხეთა

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

 

სს „მუხრანი-98”-ის გაკოტრების მმართველი - აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – თამაზ კიკიანი

კრედიტორები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, გიორგი თათარაშვილი, დავით ჯარმელაშვილი, ტარიელ კობალავა, შალვა ხიტირი, ნუკრი ნოზაძე, დავით ბასილაშვილი, თენგიზ მიდელაშვილი, ეთერ თათარაშვილი, გრიგოლ გაბარაშვილი, ნუგზარ ჩუგუაშვილი, ვახტანგ ბიჭიაშვილი, მარგო თამარაშვილი, მერაბ კაჭიური, თამაზ ლაბაური, ლილი ქინძოძე, ზაალ თვალიაშვილი, მანანა რევაზიშვილი, ლევან გულიაშვილი, ისაკი დალაქიშვილი, ვალერიან ორკოდაშვილი, თედო ჭიჭაძე, ირაკლი ბაკურაძე

 

 ზეპირი მოსმენის გარეშე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი.

 

გამოარკვია:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 22 ივლისს განცხადებით მომართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მცხეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ `სს მუხრანი-98-ის” მიმართ გაკოტრების საქმის გახსნის შესახებ და მიუთითა, რომ საზოგადოების დავალიანება არის 76256.73 ლარი.

 მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 26 ივლისის განჩინებით მცხეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო 2002 წლის 8 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და სს მუხრანი-98-ის მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე უნდა დაინიშნოს კრედიტორთა კრება შემდეგი საფუძვლების გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა გაკოტრების მმართველის – აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადება და აღიარებულ იქნა სს „მუხრანი-98-ის” საკუთრების უფლება მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართი დაუზუსტებელი მონაცემებით 6400 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ფართი 451 კვ.მ.; აღიარებული იქნეს სს „მუხრანი-98-ის” საკუთრების უფლება მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართი დაუზუსტებელი მონაცემებით 3800 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ფართი 475 კვ.მ,; აღიარებულ იქნა სს „მუხრანი-98-ის” საკუთრების უფლება მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართი დაუზუსტებელი მონაცემებით 15000 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ფართი 2040 კვ.მ,; აღიარებულ იქნა სს „მუხრანი-98-ის” საკუთრების უფლება მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართი დაუზუსტებელი მონაცემებით 1500 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ფართი 237 კვ.მ,;

აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა თენგიზ მიდელაშვილმა, რომლის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა. გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინების ის ნაწილი (სარეზოლუიო ნაწილის მე-5 პუნქტი), რომლითაც აღიარებულია სს „მუხრანი-98”-ის საკუთრების უფლება მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში მდებარე 1500 კვ.მ ფართის (დაუზუსტებელი მონაცემები) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 237 კვ. ფართის შენობა-ნაგებობაზე. სააპელაციო სასამართლომ მხარეებს განუმარტა, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღირების შესახებ სასამართლოს უნდა მომართონ სარჩელით.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინება ასევე გაასაჩივრა ვაჟა თაბორიძემ, რომლის კერძო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა და გაუქმდა სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, რომლითაც აღიარებულ იქნეს სს „მუხრანი-98-ის” საკუთრების უფლება მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართი დაუზუსტებელი მონაცემებით 3800 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ფართი 475 კვ.მ. მხარეებს განემარტათ, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღირების შესახებ სასამართლოს უნდა მომართონ სარჩელით საერთო საფუძველზე.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სს ”მუხრანი-98”-ის სამეურვეო ქონებაზე დაინტერესებული პირების ან გაკოტრების მმართველის მიერ დავის დაწყების შესახებ ინფორმაცია სასამართლოში წარმოდგენილი არ არის.

აღნიშნული გაკოტრების საქმე თენგიზ მიდელაშვილის კერძო საჩივრის განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიგზავნა 2013 წლის მაისში, საიდანაც მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაბრუნდა 2014 წლის 21 მარტს. თბილისის სააპელაციო სასამართლოში კრედიტორ ირაკლი ბაკურაძეს წარდგენილი აქვს კერძო საჩივარი, რომლითაც ითხოვს გაუქმდეს განჩინებები სამურვეო ქონების კრედიტორებს შორის განაწილების შესახებ, თუმცა განჩინების თარიღი მითითებული არ არის.

სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ საქმეზე უნდა დაინიშნოს კრედიტორთა კრება სამურვეო ქონებაზე საკუთრების უფლების საკითხზე.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრება ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას ა) მომრიგებელი საბჭოს წევრის დანიშვნის შესახებ; ბ) გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ; გ) კრედიტორთა კომიტეტის შექმნის, მისი შემადგენლობის, უფლებამოსილების ფარგლებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ; დ) მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების შესახებ.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 51-ე პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ წარმოშობილ მოვალის ქონებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დავას განიხილავენ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სასამართლოები. 52 პუნქტის თანახმად, თუ კრედიტორთა კრება მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ქონება, რომელზედაც მიმდინარეობს დავა, მათი ინტერესის საგანია, აღნიშნულ ქონებაზე დავა მიმდინარეობს ამ მუხლის მე-5 და 51 პუნქტებით განსაზღვრული წესით. თუ კრედიტორთა კრება მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ სადავო ქონება არ არის მათი ინტერესის საგანი, მოვალის ქონებასთან დაკავშირებულ დავაზე საქმის წარმოება შეწყდება.  53 პუნქტის მიხედვით, თუ ქონებაზე არ მიმდინარეობს დავა, მაგრამ ის შეიძლება გახდეს დავის საგანი, კრედიტორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას, არის თუ არა აღნიშნული ქონება მათი ინტერესის საგანი და დაიწყოს თუ არა დავა სასამართლოში. თუ ეს ქონება მათი ინტერესის საგანია, მასთან დაკავშირებული დავა განიხილება ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული წესით.

ამ ნორმის შესაბამისად, მოვალის ქონებაზე დავის დაწყების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არის კრედიტორთა კრების კომპეტენცია, რის გამოც სს „მუხრანი-98”-ის გაკოტრების საქმეზე სამეურვეო ქონებაზე საკუთრების უფლების დადგენის შესახებ დავის არსებობის საკითხზე უნდა ჩატარდეს კრედიტორთა კრება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4, 27-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

დაადგინა:

1. „სს მუხრანი-98-ის” კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2014 წლის 7 აპრილს. 15.00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში (მცხეთა, სამხედროს ქ. №17) შემდეგი დღის წესრიგით – სს მუხრანი-98-ის სამეურვეო ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ დავის დაწყების საკითხი”.

2. კრების მოწვევის შესახებ ეცნობოთ მხარეებს.

3. განჩინება კერძო საჩივრით არ საჩივრდება.

 

მოსამართლე                                     დ. გოგატიშვილი