,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-26/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016257
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-26/ნ

2014 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


1. ,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში (სსმ III, 26.02.2010, №23, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 (სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი და პირობები) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ბ) ბრძანების დანართი №2 (პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ განცხადება) ამოღებულ იქნეს;
გ) ბრძანების დანართი №3 (პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
📎 დანართები (1)
danarti.doc DOC

დანართი N1

სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი და პირობები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში (შემდგომში – სააღმზრდელო დაწესებულება), დედათა და ბავშვთა თავშესაფარში, ხანდაზმულთა პანსიონატში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა პანსიონატში, სათემო ორგანიზაციაში და დღის ცენტრში (შემდგომში – სპეციალიზებული დაწესებულება) პირის მოთავსების და დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესსა და პირობებს, ამ მომსახურების მიმღებ პირებს, კომპეტენტური ორგანოების უფლება-მოვალეობებს, ურთიერთობებს, რომელიც დაკავშირებულია პირის სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურებით სარგებლობასთან.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. სამინისტრო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2. სააგენტო - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო.

3. კომპეტენტური ორგანო - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში დაფინანსებას (თანადაფინანსებას) ან სააგენტო.

4. რეგიონული საბჭო - სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სათათბირო ორგანო, რომლის უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება კანონმდებლობით.

5. მომსახურების მიმწოდებელი - სპეციალიზებული დაწესებულებები (სააღმზრდელო დაწესებულება, სათემო ორგანიზაცია, დღის ცენტრი და დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, აგრეთვე სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის (შემდგომში – ფონდი) ფილიალები - ხანდაზმულთა პანსიონატი, შშმ პირთა პანსიონატი და ბავშვთა სახლი).

6. ობოლი ბავშვი - 18 წლამდე ასაკის პირი, რომელსაც არ ჰყავს არც ერთი მშობელი.

7. მზრუნველობამოკლებული ბავშვი - 18 წლამდე ასაკის პირი:

ა) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;

ბ) რომელიც არის ობოლი ბავშვი;

გ) რომლის მშობელს (მშობლებს) ჩამოერთვა (ჩამოერთვათ), შეუჩერდა (შეუჩერდათ) ან შეეზღუდა (შეეზღუდათ) მშობლის უფლებები და მოვალეობები კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) რომელიც აღიარებულ იქნა მიტოვებულ ბავშვად;

ე) მისი დატოვება მშობელთან (მშობლებთან) ან მეურვესთან/მზრუნველთან მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ბავშვისთვის საზიანოა.

8. ნაპოვნი ბავშვი - 18 წლამდე ასაკის უცნობი პირი მისი აღმოჩენის მომენტიდან ვინაობის დადგენამდე.

9. მიუსაფარი ბავშვი - ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე 18 წლამდე ასაკის პირი, რომელიც იდენტიფიცირებულია ასეთად შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკის მიერ, მაძიებლის ანკეტის საფუძველზე.

10. ხანდაზმული - მამაკაცი 65 წლის ასაკიდან და ქალი 60 წლის ასაკიდან.

11. დაინტერესებული მხარე (განმცხადებელი):

ა) სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების მსურველი;

ბ) სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თუ სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების მსურველს არ შეუძლია განაცხადის დამოუკიდებლად წარდგენა;

დ) სასამართლო;

ე) სააგენტო;

ვ) მომსახურების მიმწოდებელი, თუ საჭიროა მომსახურების ამავე მიმწოდებლის მართვის ქვეშ მყოფი ერთი ობიექტიდან ბენეფიციარის მეორე ობიექტში გადაყვანა.

12. ბენეფიციარი - სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების მიმღები პირი.

13. მაძიებელი - სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოსათავსებელი პირი.

14. კანონიერი წარმომადგენელი - არასრულწლოვანი მაძიებლის ან ბენეფიციარის შემთხვევაში - მშობელი, მეურვე, მზრუნველი; ქმედუუნარო მაძიებლის ან ბენეფიციარის შემთხვევაში - მეურვე; შეზღუდულ ქმედუნარიანი მაძიებლის ან ბენეფიციარის შემთხვევაში - მზრუნველი, ქმედუნარიანი მაძიებლის ან ბენეფიციარის შემთხვევაში - მისი მხრიდან სათანადო უფლებამოსილებით (რწმუნებულება) აღჭურვილი პირი.

15. ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში და სათემო ორგანიზაციებში მოსათავსებელი მაძიებლების რეესტრი – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში და სათემო ორგანიზაციებში მოთავსების სურვილის მქონე პირთა ერთიანი ცენტრალიზებული საინფორმაციო ბაზა, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

16. დღის ცენტრებში მოსათავსებელი მაძიებლების რეესტრი – დღის ცენტრებში მოთავსების სურვილის მქონე პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

17. მაძიებლის ანკეტა - ანკეტა, რომლის საფუძველზე ხორციელდება მიუსაფარი ბავშვის ასეთად იდენტიფიცირება და ავსებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკი. მაძიებლის ანკეტის ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 3. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ მიმართვა და სამიზნე ჯგუფი

1. დაინტერესებულმა მხარემ (განმცხადებელმა) სააღმზრდელო დაწესებულებაში და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა სპეციალიზებულ დაწესებულებაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სააგენტოა დაინტერესებული მხარე (განმცხადებელი), პირის მოთავსების შესახებ წერილობით უნდა მიმართოს სააგენტოს, შევსებულ იქნეს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განაცხადი არაფულადი მომსახურების თაობაზე და დაერთოს შესაბამისი დოკუმენტები.

2. ხანდაზმულთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში მოთავსებას ექვემდებარება ხანდაზმული (მათ შორის, შშმ პირი, გარდა ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირისა), რომლის დაწესებულებაში მოსათავსებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:

ა) მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

გ) მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;

დ) მაძიებლ(ებ)ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).

3. შშმ პირთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში მოთავსებას ექვემდებარება შშმ სრულწლოვანი პირი (მათ შორის, ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირი), ასევე, ამ პირთა 18 წლამდე ასაკის შვილები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს. დაწესებულებაში მოსათავსებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:

ა) მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

გ) მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;

დ) მაძიებლ(ებ)ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).

4. დღის ცენტრში მოთავსებას ექვემდებარება 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები ან სრულწლოვანი შშმ პირები. აღნიშნული პირების (გარდა მიუსაფარი ბავშვისა) დაწესებულებაში მოსათავსებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:

ა) მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;

გ) მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;

დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) - იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელი რეგიონული საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე 12 თვის განმავლობაში არ იყო ამ მომსახურების ბენეფიციარი, მიუხედავად მომსახურების მიღების ხანგრძლივობისა;

ე) მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების მომსახურების მიმწოდებლად დარეგისტრირებული დღის ცენტრის მომსახურების მისაღებად დამატებით სამედიცინო - სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2.

5. დღის ცენტრში ან კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარში მოთავსებას ექვემდებარება მიუსაფარი ბავშვი, რომლის დაწესებულებაში მოსათავსებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:

ა) მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) მაძიებლის ანკეტა.

6. დედათა და ბავშვთა თავშესაფარში მოთავსებას ექვემდებარება სხვადასხვა პრობლემების მქონე დედა, ასევე სხვადასხვა პრობლემების მქონე ქალი, რომელიც ორსულობის არანაკლებ 26-ე კვირაში იმყოფება (მათ შორის 10 წლამდე ასაკის შვილ(ებ)თან ერთად, თუ ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან). აღნიშნული პირ(ებ)ის დაწესებულებაში მოსათავსებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:

ა) მაძიებლ(ებ)ის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი, ან დაბადების მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – თუ პირ(ებ)ი არასრულწლოვანია;

ბ) მაძიებლ(ებ)ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

7. სააღმზრდელო დაწესებულებაში მოთავსებას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვები.

8. ამ მუხლის მე–2 პუნქტის ,,ბ“ და,,გ“ ქვეპუნქტების, მე–3 პუნქტის ,,ბ“და ,,გ“ ქვეპუნქტებისა და მე–4 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საბუთის დედანი უბრუნდება მფლობელს წარმოდგენისთანავე.

9. ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, სპეციალიზებულ დაწესებულებაში (გარდა დღის ცენტრისა) პირი განთავსდება სხვა აღსაზრდელებისაგან/ბენეფიციარებისგან განცალკევებით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იდენტიფიცირებულია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის საშიში არ არის სხვა პირებისათვის). მომსახურების მიმწოდებლის მიერ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდეგ იგი განთავსდება სხვა აღსაზრდელებთან/ბენეფიციარებთან ერთად (გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული დაავადებების შემთხვევაში, როდესაც მომსახურების მიმწოდებლის მიერ ხორციელდება ასეთი პირის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა).

10. გადაუდებელი წესით, სააღმზრდელო დაწესებულებებში, ფონდის ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში, ასევე სათემო ორგანიზაციებში შეიძლება მოთავსდნენ პირები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა”, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ” ქვეპუნქტებით, მე–3 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ხოლო დედათა და ბავშვთა თავშესაფარში პირები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე–6 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მუხლი 4. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება

1. მაძიებლის სააღმზრდელო დაწესებულებაში (დაფინანსების წყაროს მიუხედავად, მათ შორის, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სააღმზრდელო დაწესებულებაში), აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა სპეციალიზებულ დაწესებულებაში (გარდა ნაპოვნი ბავშვისა და სხვა გადაუდებელი შემთხვევისა და დღის ცენტრში მიუსაფარი ბავშვისა) განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.

2. რეგიონული საბჭოს/რეგიონული საბჭოს თამჯდომარის გადაწყვეტილებით ამ წესის მე-3 მუხლის მე–6 პუნქტით გათვალისწინებული პირები დედათა და ბავშვთა თავშესაფარში მოთავსდებიან არა უმეტეს 12 თვის ვადით.

3. კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარში და დღის ცენტრში მიუსაფარი ბავშვის განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკი, მის მიერ შევსებული/ხელმოწერით დადასტურებული მაძიებლის ანკეტის საფუძველზე. მიუსაფარი ბავშვის მოთავსების შესახებ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს სააგენტო. უფროსი სოციალური მუშაკისათვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭება განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ– სამართლებრივი აქტით.

4. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, სააღმზრდელო დაწესებულებაში და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე.

5. სათემო ორგანიზაციაში, ფონდის ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში გადაუდებელი წესით პირის განთავსებაზე სოციალური მუშაკის შეფასებისა და დასკვნის საფუძველზე, სამინისტროსთან შეთანხმებით გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე.

6. მაძიებლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში (გარდა სააღმზრდელო დაწესებულებისა) განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განსაზღვრული პირი.

7. სპეციალიზებულ დაწესებულებაში (გარდა ნაპოვნი ბავშვისა და სხვა გადაუდებელი შემთხვევისა, დღის ცენტრში და კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარში მიუსაფარი ბავშვის მოთავსებისა) პირის მოსათავსებლად სოციალური მუშაკი ახორციელებს დოკუმენტაციის შესწავლას/დედანთან შესაბამისობის შემოწმებას, მაძიებლის შეფასებას და მომსახურებაში მოთავსების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნას ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.

8. დღის ცენტრში, პირის, მათ შორის ბავშვის (გარდა მიუსაფარი ბავშვისა) მოთავსების საკითხი რეგიონული საბჭოს მიერ განიხილება დღის ცენტრებში მოსათავსებელი მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით – რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები, მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები, ბენეფიციარები, რომლებიც ამ მომსახურებით სარგებლობდნენ წინა 12 თვის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა), „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა ყველაზე უფრო დაბალი აქვთ არაფულადი მომსახურების თაობაზე განაცხადის წარდგენის დღისთვის.

9. პირის ხანდაზმულთა ან შშმ პირთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში მოთავსების საკითხი რეგიონული საბჭოს მიერ განიხილება ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში და სათემო ორგანიზაციებში მოსათავსებელი მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით – სხვა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან გადასაყვანი ბენეფიციარები, სკოლა–პანსიონის 18 წელს მიღწეული აღსაზრდელები და ამ წესის შესაბამისად გადაუდებელი წესით განსათავსებელი პირები, ასევე ის პირები, რომლებსაც უფრო ადრე აქვთ სააგენტოში წარდგენილი განაცხადი არაფულადი მომსახურების თაობაზე, ჩამოთვლილი რიგითობის მიხედვით.

10. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებასთან ერთად რეგიონული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ დაწესებულებაში ბენეფიციარის სრული სახელმწიფო დაფინანსებით/თანადაფინანსებით/დაფინანსების გარეშე მოთავსების თაობაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე წერილობით ეცნობება დაინტერესებულ მხარეს გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააგენტო არის დაინტერესებული მხარე.

12. სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებას არ ექვემდებარებიან მაძიებლები (გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულისა, როდესაც წინასწარ არ არის იდენტიფიცირებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა):

ა) მწვავე ინფექციური დაავადებით;

ბ) ტუბერკულოზის აქტიური ფორმით;

გ) აქტიური სიფილისით;

დ) კანის გადამდები დაავადებით;

ე) თავისა და ზურგის ტვინის თიაქრების ღია ფორმით;

ვ) ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადებით.

მუხლი 5. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებაზე უარის თქმის საფუძველი

დაინტერესებულ მხარეს პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ მოსათავსებელი პირის მონაცემები ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ პირობებს.

მუხლი 6. სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბენეფიციარის მოთავსება

1. სააღმზრდელო დაწესებულებაში (გარდა კრიზისული ინტერვენციის თავშესაფრისა), აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის განთავსების შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულისა), მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებელ პირს აღნიშნულ დაწესებულებაში ბენეფიციარის განთავსებაზე რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებასთან (ოქმიდან ამონაწერი) ერთად გადაეცემა შემდეგი დოკუმენტები:

ა) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის) ასლი, ან დაბადების მოწმობის ასლი – თუ პირი არასრულწლოვანია;

ბ) ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) ასლი;

გ) ბენეფიციარის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) სოციალური მუშაკის მიერ შევსებული ბავშვის შეფასების ფორმის ასლი (პირის სააღმზრდელო დაწესებულებასა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში განთავსების შემთხვევაში);

ე) შეფასების საფუძველზე სოციალური მუშაკის დასკვნის ასლი (პირის სააღმზრდელო დაწესებულებასა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში განთავსების შემთხვევაში);

ვ) ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის ასლი.

2. დედათა და ბავშვთა თავშესაფარში, სათემო ორგანიზაციაში, ფონდის ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში მომსახურების მისაღებად იდება ხელშეკრულება მომსახურების მიმწოდებელსა და ქმედუნარიან ბენეფიციარს შორის.

3. ფონდის ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატში მომსახურების მიღების შესახებ ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს ფონდი სამინისტროსთან შეთანხმებით. სათემო ორგანიზაციასა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში მომსახურების მიღების შესახებ ხელშეკრულების ფორმა თანხმდება სამინისტროსთან.

4. ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, ბავშვის სააღმზრდელო დაწესებულებაში (გარდა კრიზისული ინტერვენციის თავშესაფრისა), აგრეთვე პირის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში – დედათა და ბავშვთა თავშესაფარში, სათემო ორგანიზაციაში, ფონდის ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში განთავსებისას, რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების ასლი მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებელ პირს გადაეცემა აღნიშნულ დაწესებულებაში პირის მოთავსებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებელ პირს გადაეცემა აღნიშნულ დაწესებულებაში პირის მოთავსებიდან არა უგვიანეს 2 თვისა, ხოლო ფონდის ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში გადაუდებელი წესით განთავსების შემთხვევაში – შესაბამისი დოკუმენტების მოპოვებისთანავე.

5. დღის ცენტრში და კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარში მიუსაფარი ბავშვის მოთავსების შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებელ პირს აღნიშნულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისთანავე გადაეცემა შემდეგი დოკუმენტები:

ა) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკის მიერ შევსებული/ხელმოწერით დადასტურებული მაძიებლის ანკეტა და გადაწყვეტილება;

6. ბენეფიციარის სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებასთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი კეთდება პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი N2) და ხელმოწერას აკეთებს მიმყვანი პირი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში – ბენეფიციარი.

მუხლი 7. სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან ბენეფიციარის დროებით გაყვანა

1. სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან ბენეფიციარის დროებითი გაყვანა შესაძლებელია:

ა) იმ პირის მიერ, რომლის მონაცემები (სახელი, გვარი, ბენეფიციართან ნათესაური კავშირი და პირადი ნომერი) განსაზღვრულია ასეთ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებაში (ოქმიდან ამონაწერში):

ა.ა) სასწავლო არდადეგების დღეებში (მხოლოდ სააღმზრდელო დაწესებულებიდან ბავშვის დროებით გაყვანის შემთხვევაში), უქმე დღეებში ან/და შაბათ-კვირას;

ა.ბ) სხვა დღეებში – მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს წერილობითი თანხმობით, რომელიც გაიცემა დასაბუთებული საჭიროებიდან გამომდინარე.

ბ) მომსახურების მიმწოდებლის ადმინისტრაციის მიერ:

ბ.ა) დასვენების, კულტურულ-სპორტულ, საგანმანათლებლო და სანახაობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით;

ბ.ბ) სტაციონარში ან სხვა ტიპის სამედიცინო – სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, საჭიროების შემთხვევაში.

გ) ქმედუნარიანი ბენეფიციარის სურვილის შესაბამისად:

გ.ა) უქმე დღეებში ან/და შაბათ-კვირას;

გ.ბ) წელიწადში ზედიზედ არა უმეტეს 10 დღისა, ხოლო წლის განმავლობაში დროებით გაყვანის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 20 დღეს. მოცემული ვადების ამოწურვის შემთხვევაში, დამატებით დღეებზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს წერილობითი თანხმობით, რომელიც გაიცემა დასაბუთებული საჭიროებიდან გამომდინარე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომსახურების მიმწოდებელს, რომლის დარღვევის თაობაზე დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს.

3. ბენეფიციარის სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან დროებით გაყვანასთან და უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი კეთდება პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №2) და ხელმოწერას აკეთებს გამყვანი პირი ან ბენეფიციარი, თუ ეს უკანასკნელი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირია და სპეციალიზებული დაწესებულების უფლებამოსილი პირი.

მუხლი 8. სპეციალიზებული დაწესებულებიდან პირის გაყვანა/ამორიცხვა

1. სააღმზრდელო დაწესებულებიდან პირი გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება, თუ:

ა) პირი დაბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახში;

ბ) პირი შვილად იქნა აყვანილი;

გ) პირს დაენიშნა მეურვე/მზრუნველი;

დ) პირი მიმღებ ოჯახს გადაეცა მინდობით აღსაზრდელად;

ე) პირი გადაყვანილ იქნა სხვა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში;

ვ) სრულწლოვანების ასაკის მიღწევისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სრულწლოვანების მიღწევისას პირი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე, ასეთ შემთხვევაში სრულწლოვანებას მიღწეული პირის გაყვანა/ამორიცხვა განხორციელდება სრული ზოგადი განათლების მიღების დასრულების შემდეგ;

ზ) პირი გარდაიცვალა;

თ) კრიზისული ინტერვენციის თავშესაფრის შემთხვევაში სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, რომელიც ადასტურებს, რომ პირი აღარ საჭიროებს ამ მომსახურებით სარგებლობას.

2. დედათა და ბავშვთა თავშესაფრიდან ბენეფიციარი გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება:

ა) მისი სურვილის შემთხვევაში;

ბ) მის მიერ დროებითი გასვლის ვადის ორჯერ დარღვევის შემთხვევაში;

გ) დედის ან/და ბავშვის გარდაცვალების შემთხვევაში;

დ) მოთავსების ვადის ამოწურვისთანავე.

3. სათემო ორგანიზაციიდან, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატიდან პირი გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება:

ა) ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილით;

ბ) თუ მას დაენიშნა მეურვე/მზრუნველი;

გ) თუ პირი გადაყვანილ იქნა სხვა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში;

დ) ფონდის მიმართვის საფუძველზე, თუ ხანდაზმულთა პანსიონატში/შშმ პირთა პანსიონატში მომსახურების მიღებისას ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არ იქნა გადახდილი მომსახურების თანადაფინანსების კუთვნილი წილი;

ე) მომსახურების მიმწოდებლის მიმართვის საფუძველზე, ბენეფიციარსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის მომსახურების მიღების შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო;

ვ) მისი გარდაცვალების შემთხვევაში.

4. დღის ცენტრიდან პირი (გარდა მიუსაფარი ბავშვისა) გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება:

ა) საკუთარი სურვილით, არასრულწლოვანის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის სურვილით;

ბ) შშმ სტატუსის გაუქმების ან ვადის ამოწურვისას (შშმ ბენეფიციარის შემთხვევაში);

გ) სრულწლოვანების ასაკის მიღწევისას (იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს არ აქვს შშმ პირის სტატუსი);

დ) ბენეფიციარზე გაწეული მომსახურების დაფინანსებისთვის სააგენტოსათვის ვაუჩერის ზედიზედ 2 თვის ტალონის წარუდგენლობა, გარდა შესაბამისი დღის ცენტრის ფუნქციონირების დროებით შეჩერების (საზაფხულო არდადეგები ან/და რეაბილიტაციის მიზნით დახურვა) შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, სააგენტოს და სამინისტროს. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო;

ე) მისი გარდაცვალების შემთხვევაში.

5. დღის ცენტრიდან მიუსაფარი ბავშვი გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება:

ა) სრულწლოვანების ასაკის მიღწევისას;

ბ) ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის სურვილით;

გ) სხვა სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაყვანისას;

დ) სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, რომელიც ადასტურებს, რომ პირი აღარ საჭიროებს ამ მომსახურებით სარგებლობას;

ე) მისი გარდაცვალების შემთხვევაში.

6. დღის ცენტრიდან და კრიზისული ინტერვენციის თავშესაფრიდან მიუსაფარი ბავშვის გაყვანის/ამორიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკი.

7. ბენეფიციარის სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებიდან გაყვანასთან/ამორიცხვასთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი კეთდება პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი N2) და ხელმოწერას აკეთებს გამყვანი პირი ან ბენეფიციარი, თუ ეს უკანასკნელი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირია და სპეციალიზებული დაწესებულების უფლებამოსილი პირი.

8. ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში, ინფორმაცია უნდა ეცნობოს სააგენტოს დაუყოვნებლივ.

9. სააღმზრდელო დაწესებულებიდან (გარდა კრიზისული ინტერვენციის თავშესაფრისა), აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სპეციალიზებული დაწესებულებიდან ბენეფიციარის გაყვანის/ამორიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.

დანართი N3

პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა

I ნაწილი. პირის მოთავსების და გაყვანის აღრიცხვა

|№ |ბენეფიციარის |მოქმედება |გადაწყვეტილების |მიმყვანი/გამყვანი პირის |შენიშვნა |

| |სახელი, გვარი | | | | |

| |და პირადი | | | | |

| |ნომერი | | | | |

| | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | |

დღის ცენტრის ბენეფიციართა დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა

|სახელი |გვარი |თარიღი |თარიღი |თარიღი |თარიღი |თარიღი | |# | | |მოსვლა |წასვლა |მოსვლა |წასვლა |მოსვლა |წასვლა |მოსვლა |წასვლა |მოსვლა |წასვლა | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | |