„ტექნიკური რეგლამენტი „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №434 |
|
2014 წლის 7 ივლისი ქ.თბილისი |
1. მე-20 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:
„მუხლი 201. სალოცმანო კატარღა
1. სალოცმანო კომპანიის საკუთრებაში/მფლობელობაში არესებული მცურავი საშუალება აყვანილი უნდა იქნეს სააგენტოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების (შემდგომში - საკლასიფიკაციო საზოგადოება) ზედამხედველობის ქვეშ და მინიჭებული უნდა ჰქონდეს სტატუსი, როგორც „სალოცმანო კატარღა“, ასევე, უნდა აკმაყოფილებდეს ამავე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
2. სააგენტო ახორციელებს სალოცმანო კატარღის სტატუსის მინიჭებას და კონტროლს ამ რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნებისა და სტანდარტების მიხედვით. სააგენტო არ ახდენს სალოცმანო კატარღების ცალკე სერტიფიცირებას.
3. სალოცმანო კატარღის სააგენტოს მოთხოვნებთან და მისი ამ ტიპის მცურავი საშუალებისთვის დამახასიათებელ აუცილებელ ტექნიკურ კრიტერიუმებთან შესაბამისობა მოწმდება საკლასიფიკაციო საზოგადოების მიერ.
4. საკლასიფიკაციო საზოგადოების მიერ მცურავ საშუალებაზე გაცემულ დოკუმენტებში ასახული უნდა იყოს სალოცმანო კატარღის საექსპლუატაციო პერიოდის განმავლობაში საკლასიფიკაციო საზოგდოების ზედამხედველობის ქვეშ ყოფნის თაობაზე, რის შემდეგაც სააგენტოს მიერ გაიცემა გემის რეგისტრაციის მოწმობა აღნიშვნით „გემის ტიპი - სალოცმანო კატარღა“.
5. სალოცმანო კატარღის გეგმური რემონტის, დოკირების, მწყობრიდან გამოსვლის ან/და ფორსმაჟორის შემთხვევაში, სალოცმანო კომპანიას სალოცმანო გაცილებისთვის, გამონაკლისის სახით, შეუძლია გამოიყენოს ბუქსირი. ყველა ასეთ შემთხვევაში, დაუყონებლივ უნდა იქნეს ინფორმირებული შესაბამისი ნავსადგურის ზედამხედველობის სამსახურის მორიგე ოფიცერი და სალოცმანო კომპანიამ პირველივე ხელსაყრელ დროს წერილობით უნდა აცნობოს სააგენტოს საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტს.
6. მცურავი საშუალება სალოცმანო კატარღის სტატუსის მისანიჭებლად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) კატარღის ღია გემბანიდან კაბინაში შესასვლელი წყალგაუმტარი კარი არ უნდა იყოს განლაგებული წინა მხარეს;
ბ) ლოცმანის გემზე ასვლის/ჩამოსვლის ადგილი (როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური ხედით) უნდა იყოს სალოცმანო კატარღის მესაჭის ადგილიდან მუდმივი მხედველობის ქვეშ;
გ) სალოცმანო კატარღის ძრავი უნდა იყოს მხოლოდ დიზელის საწვავზე;
დ) სალოცმანო კატარღას უნდა გააჩნდეს მდგრადობაზე გამოცდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საკლასიფიკაციო საზოგადოების მიერ დაწესებულ მოთხოვნებს;
ე) სალოცმანო კატარღას უნდა გააჩნდეს ბორტზე მყოფი ყველა პირისათვის საკმარისი რაოდენობის სამაშველო ჟილეტი;
ვ) სალოცმანო კატარღას უნდა გააჩნდეს ფიქსირებული პროჟექტორი, რომელსაც შეუძლია ლოცმანის გემზე ასვლის/ჩამოსვლის სექტორისა და კატარღის ირგვლივ არსებული ზღვის პერიმეტრის განათება;
ზ) სალოცმანო კატარღას უნდა გააჩნდეს შემოვლებული უსაფრთხოების მოაჯირი;
თ) სალოცმანო კატარღა უნდა იყოს აღჭურვილი ავტომატური იდენტიფიცირების სისტემით (AIS);
ი) სალოცმანო კატარღას უნდა გააჩნდეს საკმარისი სიგრძის ტრაპი წყლიდან პირის ამოსაყვანად;
კ) სალოცმანო კატარღა უნდა იყოს აღჭურვილი 20 მ სიგრძის მინიმუმ ორი ხვია მაშველი ბაგირით, რომელსაც ერთ ბოლოზე მიმაგრებული აქვს საკმარისი სიმძიმის ტივტივა წყალში გადასასროლად;
ლ) სალოცმანო კატარღას უნდა გააჩნდეს პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტებით აღჭურვილი ყუთი.
7. ლოცმანის გაცილების დროს, სალოცმანო კატარღას უნდა ესწრებოდეს მინიმუმ 2 (ორი) ეკიპაჟის წევრი:
ა) მესაჭე;
ბ) პირი, რომელიც უნდა დაეხმაროს ლოცმანს გემზე უსაფრთხოდ ასვლის/ჩამოსვლის დროს.
8. სალოცმანო კატარღის ეკიპაჟის წევრები უნდა აკმაყოფლებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
ა) „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მოთხონებს, 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწისა და კაპიტნის მიმართ (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა);
ბ) უნდა ჰქონდეთ პირადი უსაფრთხოების და სოციალური პასუხისმგებლობის სერტიფიკატი (Personal Safety and Social Responsibility);
გ) უნდა ჰქონდეთ პირველადი სამედიცინო დახმარების სერტიფიკატი (Medical First Aid ).“.
2. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) ახორციელებს სალოცმანო კატარღის სტატუსის მინიჭებას და კონტროლს.“.
|