1. თითოეულ მხარეს უფლება აქვს, განსაზღვროს უნივერსალური მომსახურების ვალდებულების სახეები, რომლის დანერგვაც მას სურს.
2. ეს ვალდებულება თავისთავად არ ჩაითვლება ანტიკონკურენტულად, თუ მისი ადმინისტრირება ხორციელდება გამჭვირვალედ, ობიექტურად და არადისკრიმინაციულად. ასეთი ვალდებულების ადმინისტრირება ნეიტრალური უნდა იყოს, ასევე, კონკურენციის კუთხით და არ უნდა იყოს მხარის მიერ განსაზღვრული უნივერსალური მომსახურების პირობებზე მძიმე.
3. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ყველა მიმწოდებელს ჰქონდეს უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის უფლება და არც ერთი მიმწოდებელი არ უნდა იყოს წინასწარ გამორიცხული. შერჩევა უნდა განხორციელდეს ეფექტიანი, გამჭვირვალე, ობიექტური და არადისკრიმინაციული მექანიზმით. საჭიროების შემთხვევაში, თითოეულ მხარეს შეუძლია შეაფასოს, წარმოადგენს თუ არა უნივერსალური მომსახურება ამ მომსახურების გაწევისთვის შერჩეული კომპანიისთვის (კომპანიებისთვის) დამატებით ტვირთს. დასაბუთებულ გათვლებზე დაყრდნობით და იმ მარკეტინგული უპირატესობის გათვალისწინებით, რაც, შესაძლოა, დროთა განმავლობაში მოიპოვოს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელმა კომპანიამ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მარეგულირებელმა ორგანომ, შესაძლოა, განსაზღვროს, არის თუ არა საჭირო მომსახურების მიმწოდებლის (მიმწოდებლების) კომპენსირების ან უნივერსალური მომსახურების ვალდებულების შესრულების წმინდა ხარჯის გაყოფის მექანიზმების ამოქმედება.
4. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი სააბონენტო ცნობარი, დაბეჭდილი ან ელექტრონული ფორმით, თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ორგანიზაციებმა, რომლებიც აქვეყნებენ ასეთ ცნობარებს, მათთვის სხვა ორგანიზაციებიდან მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაიცვან არადისკრიმინაციის პრინციპ