1. ეს ქვენაწილი განსაზღვრავს რეგულირების პრინციპებს ყველა ტიპის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის, რომელიც ლიბერალიზებულია ამ თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება), მე-3 ნაწილის (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) და მე-4 ნაწილის (ფიზიკურ პირთა დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისათვის) შესაბამისად.
2. ამ ქვენაწილის და ამ თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება), მე-3 ნაწილის (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) და მე-4 ნაწილის (ფიზიკურ პირთა დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისათვის) მიზნებისათვის:
(a) "ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება" გულისხმობს ყველა მომსახურებას, რომელიც ახორციელებს, სრულად ან ძირითადად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით სიგნალის გადაცემას, მაუწყებლობისათვის განკუთვნილი ქსელებით სატელეკომუნიკაციო და გადაცემის მომსახურების ჩათვლით. აღნიშნული მომსახურება არ მოიცავს იმ მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს ან ახორციელებს სარედაქციო კონტროლს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების და მომსახურების გამოყენებით გადაცემულ კონტენტზე;
(b) "საერთო სარგებლობის საკომუნიკაციო ქსელი" გულისხმობს ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელს, რომელიც სრულად ან ძირითადად გამოიყენება საჯაროდ ხელმისაწვდომი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მისაწოდებლად;
(c) "ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი" გულისხმობს სიგნალების გადაცემა/გავრცელების სისტემებს, ელექტრონული საინფორმაციო სიგნალების დამუშავების ან დამისამართების მოწყობილობებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში და სხვა რესურსებს, რომლებიც ელექტრონული სიგნალების სადენიანი, რადიოსიხშირული, ოპტიკურბოჭკოვანი ან სხვა ელექტრომაგნიტური საშუალებით გავრცელების შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის თანამგზავრული, ფიქსირებული (არხული და პაკეტური კომუტაციის, ინტერნეტის ჩათვლით) და მიწისზედა მობილური ქსელები, ელექტრო საკაბელო სისტემები, იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოიყენება ელექტრონული საკომუნიკაციო სიგნალების გავრცელების მიზნით; ქსელები, რომლებიც გამოიყენება რადიო და ტელემაუწყებლობისთვის, საკაბელო სატელევიზიო ქსელები, იმის მიუხედავად, თუ რა სახის მონაცემთა გადაცემას ახორციელებენ;
(d) "მარეგულირებელი ორგანო" გულისხმობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ ორგანოს ან ორგანოებს, რომლის/რომელთა პასუხისმგებლობას წარმოადგენს ამ ქვე-ნაწილში განხილული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების რეგულირება;
(e) მომსახურების მიმწოდებელი ჩაითვლება "მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების" მქონედ იმ შემთხვევაში, თუ მას ბაზარზე ინდივიდუალურად ან ბაზრის სხვა მონაწილესთან (მონაწილეებთან) ერთობლივად გააჩნია დომინირებულის ეკვივალენტური პოზიცია, რაც გულისხმობს ეკონომიკურ უპირატესობას, რომელიც მას საშუალებას აძლევს ბაზარზე იმოქმედოს კონკურენტებისგან, კლიენტებისგან და მომხმარებელისაგან დამოუკიდებლად;
(f) "ურთიერთჩართვა" გულისხმობს საერთო სარგებლობის ქსელების ფიზიკურ და ლოგიკურ კავშირს, რომელსაც იყენებს ერთი ან რამდენიმე ელექტრონული ქსელის ოპერატორი, რათა იმავე ან სხვა ელექტრონული ქსელის ოპერატორის მომხმარებლებს მისცეს შესაძლებლობა, დაუკავშირდეს მისსავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით. მომსახურება შეიძლება მიწოდებული იყოს ჩართული მხარეების ან ქსელთან დაშვების მქონე სხვა მხარეების მიერ. ურთიერთჩართვა წარმოადგენს ქსელთან დაშვების სპეციფიკურ ტიპს, რომელიც ხორციელდება საერთო სარგებლობის ქსელის ოპერატორებს შორის;
(g) "უნივერსალური მომსახურება" გულისხმობს განსაზღვრული ხარისხის მომსახურების ერთობლიობას, რომელიც მისაწვდომ ფასად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მომხმარებლისათვის მხარეთა ტერიტორიაზე, მიუხედავად მათი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა. უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფისა და დანერგვის ფარგლები განისაზღვრება თითოეული მხარის მიერ;
(h) "დაშვება" გულისხმობს საშუალებების და მომსახურების წვდომის უზრუნველყოფას მომსახურების სხვა მიმწოდებლისთვის, განსაზღვრული პირობებით, ექსკლუზიურად ან არაექსკლუზიურად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს დაშვებას ქსელის ელემენტებთან და საშუალებებთან, რომელშიც შეიძლება იგულისხმებოდეს ფიქსირებული ან არაფიქსირებული საშუალებებით ტექნიკური აპარატურის კავშირი (კერძოდ წვდომა ადგილობრივი დაშვების ქსელთან და იმ ინფრასტრუქტურულ ერთეულებთან, რომლებიც საჭიროა ადგილობრივი ქსელის მეშვეობით მომსახურების უზრუნველსაყოფად); ეს მოიცავს, აგრეთვე, დაშვებას ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან, მათ შორის, შენობებთან, საკანალიზაციო არხებთან, ჭებთან და ანძებთან; დაშვებას პროგრამულ უზრუნველყოფასთან, ოპერაციული სისტემების ჩათვლით; დაშვებას ნომრის ტრანსლირებასთან ან ეკვივალენტური ფუნქციის მქონე სისტემებთან; დაშვებას ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან, განსაკუთრებით როუმინგული მომსახურებისთვის; დაშვებას ციფრული სატელევიზიო მომსახურების კოდირებული წვდომის სისტემებთან და ვირტუალური ქსელის მომსახურებასთან;
(i) "საბოლოო მომხმარებელი" გულისხმობს მომხმარებელს, რომელსაც არ გააჩნია საერთო სარგებლობის ქსელი ან არ უზრუნველყოფს საჯაროდ ხელმისაწვდომ ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებას;
(j) "ადგილობრივი დაშვების ქსელი" გულისხმობს ფიზიკურ არხს, რომელიც აბონენტის შენობებში განთავსებულ ფიქსირებულ საერთო სარგებლობის ქსელში ქსელის დასრულების წერტილს აკავშირებს მთავარ საკომუტაციო ან მსგავსი ტიპის აპარატურასთა