1.      თითოეული მხარე მაქსიმალურად ეცდება, რომ დაინტერესებულ პირებს წინასწარ წარუდგინოს ინფორმაცია იმ ზოგადი გამოყენების ზომების შესახებ, რომლის მიღებასაც გეგმავს მხარე, მასზე კომენტარების გაკეთების მიზნით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს:

(a) ოფიციალური გამოქვეყნების გზით; ან

(b) სხვა წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

2.      თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს დაინტერესებული პირების ინფორმირება იმ მოთხოვნების შესახებ, რომელიც საჭიროა ფინანსური მომსახურების მიწოდების მიზნით განცხადების შესავსებად.

განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისმა მხარემ უნდა შეატყობინოს განმცხადებელს განცხადების სტატუსის შესახებ. თუ შესაბამისი მხარე მოითხოვს დამატებით ინფორმაციას განმცხადებლისგან, აღნიშნულის შესახებ განმცხადებელს უნდა ეცნობოს ზედმეტი დაყოვნების გარეშე.

3.      თითოეული მხარე მაქსიმალურად ეცდება, რომ უზრუნველყოს საკუთარ ტერიტორიაზე, ფინანსური მომსახურების სექტორის რეგულირების და ზედამხედველობის, გადასახადების გადაუხდელობასა და არიდებასთან  ბრძოლის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების გამოყენება. ასეთი საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებია, მათ შორის, ბაზელის კომიტეტის „საბანკო სექტორის ეფექტიანი ზედამხედველობის ძირითადი პრინციპები“, დაზღვევის ზედამხედველების საერთაშორისო ასოციაციის „დაზღვევის ძირითადი პრინციპები“, ფასიანი ქაღალდების რეგულატორთა საერთაშორისო ორგანიზაციის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის ამოცანები და პრინციპები“, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) „შეთანხმება გადასახადებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლაზე“, დიდი ოცეულის (G20) „საგადასახო ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის დებულება“ და ფინანსური მოქმედების სამუშაო ჯგუფის „ორმოცი რეკომენდაცია ფულის გათეთრებაზე“ და „ცხრა სპეციალური რეკომენდაცია ტერორიზმის დაფინანსებაზე“.

მხარეები, ასევე, მხედველობაში იღებენ დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების მიერ გამოქვეყნებულ „ინფორმაციის გაცვლის ათ ძირითად პრინციპს“ და მიიღებენ ზომებს ორმხრივ ურთიერთობებში მათი გამოყენებისათვი