1. ფრაქცია შექმნილად ითვლება მასში გაერთიანებული არანაკლებ 3 საკრებულოს წევრის მიერ ფრაქციის დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, ფრაქციის წევრების დადგენის, ფრაქციის ოფიციალური სახელწოდების განსაზღვრის, ფრაქციის პლატფორმისა და წესდების დამტკიცების, ფრაქციის თავმჯდომარის არჩევის და მათ საფუძველზე ფრაქციის თავმჯდომარის წერილობითი განაცხადის შესაბამისად საკრებულოს ბიუროს მიერ ფრაქციის რეგისტრაციის მომენტიდან.
2. ფრაქციის რეგისტრაციისათვის, ფრაქციის დაფუძნებიდან 1 კვირის ვადაში ფრაქციის თავმჯდომარე მიმართავს განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის დამფუძნებელი სხდომის ოქმი; ასევე ფრაქციის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი პლატფორმა და წესდება. საკრებულოს თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის შემოსულ მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას, რომელიც თავის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე. თუ ბიურო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის დასკვნის განხილვისას არ მიიღებს რაიმე მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრაციაში გატარებულად ჩაითვლება საკრებულოს თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან.
3. თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, მას საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე საკრებულოს ბიუროს მიერ წერილობით უარი ეთქმება რეგისტრაციაზე. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით 1 თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში.
4. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს სამ წევრზე ნაკლები, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება, რის თაობაზეც იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს ბიუროს. ასეთ შემთხვევაში ფრაქციის გაუქმების საკითხი ფორმდება საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით (ოქმით), ხოლო ფრაქცია გაუქმებულად ითვლება იმ დღიდან, რომელ დღესაც საკრებულოს აპარატის კანცელარიაშია გატარებულ იქნა (საკრებულოს ან/და საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე ან/და საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის სახელზე შედგენილი) საკრებულოს იმ წევრის წერილობითი განცხადება ფრაქციიდან გასვლის შესახებ, რომლის გასვლის შედეგად ფრაქციის შემადგენლობაში დარჩა სამ წევრზე ნაკლები. ამასთან, აღნიშნულის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს წევრებ