განჩინება საჯარო შეტყობინება მოძრავი ნივთის ავტომანქანა ფოლქსვაგენ გოლფის უპატრონოდ ცნობისა და საკუთრებაში გადაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/15217-14
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საჯარო შეტყობინების შესახებ
2014 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამაზ ურთმელიძე
განმცხადებელი : გიორგი ქობულაძე
მოთხოვნის არსი: მოძრავი ნივთის ავტომანქანა ფოლქსვაგენ გოლფის უპატრონოდ ცნობა და საკუთრებაში გადაცემა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ადგილობრივ გაზეთში საჯარო შეტყობინების გამოქვეყნების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2014 წლის 2 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გიორგი ქობულაძემ და მოითხოვა მოძრავი ნივთის ფოლქსვაგენ გოლფის მარკის ავტომობილის უპატრონოდ ცნობა და საკუთრებაში გადაცემა. განცხადებაში აღნიშნულია შემდეგი: 2000 წლის 29 ოქტომბერს განმცხადებელ გიორგი ქობულაძესა და რამაზ პერტაიას შორის გაფორმდა გენერალური მინდობილობა, რომლის საფუძველზე გიორგი ქობულაძეს მიენიჭა რამაზ პერტაიას კუთვნილი ავტომანქანა ფოლქსვაგენ გოლფი 1,6 -ის (გამოშვების წელი 1988, სახელმწიფო სანომრე ნიშანი ნონ-330, საიდენტიფიკაციო ნომერი WVWZZZ19ZJW360156) მართვის და გასხვისების უფლება. მანქანა შეფასებულ იქნა 2000 ლარად. რამაზ პერტაია გარდაიცვალა 2006 წლის 30 დეკემბერს. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ იქნა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც არ მოიძებნა ჩანაწერი 2006 წლის 30 დეკემბერს გარდაცვლილი რამაზ პერტაიას დანაშთი სამკვიდრო ქონების შესახებ. გიორგი ქობულაძის მიერ ვერ ხდება მანქანის გასხვისება, ვინაიდან იგი არ არის რეგისტრირებული მესაკუთრედ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელი ითხოვს ავტომანქანის უპატრონოდ ცნობას და საკუთრებაში გადაცემას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 330-ე მუხლის თანახმად განცხადების მიღების შემდეგ სასამართლო ადგილობრივ გაზეთში აქვეყნებს ცნობას, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ქონების უპატრონოდ გამოცხადების შესახებ;
ბ) განმცხადებლის ვინაობას;
გ) იმ ქონების აღწერას, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს;
დ) მოთხოვნას იმ პირთა მიმართ, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია ქონებაზე, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს, რათა მათ განაცხადონ სასამართლოში თავიანთი უფლებების შესახებ 3 თვის განმავლობაში დღიდან პუბლიკაციისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 340-ე მუხლის თანახმად 1. თუ 339-ე მუხლის "დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში სასამართლოში შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, მაშინ სასამართლო თავისი განჩინებით განუხილველად ტოვებს განცხადებას ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ და წინადადებით მიმართავს განმცხადებელს, აღძრას აღიარებითი სარჩელი იმ პირის მიმართ, რომელმაც განაცხადა თავისი უფლება ქონებაზე. 2. თუ დანიშნული ვადის გასვლამდე სასამართლოში არ შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, სასამართლო განიხილავს საქმეს და გამოჰკითხავს იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ ცნობების მიწოდება ქონების კუთვნილების შესახებ, აგრეთვე გამოითხოვს ცნობებს შესაბამისი ორგანოებიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 341-ე თანახმად, თუ სასამართლო ცნობს, რომ ქონებას არა ჰყავს მესაკუთრე, ან ეს ქონება მიტოვებულია მესაკუთრის მიერ იმ განზრახვის გარეშე, რომ შეინარჩუნოს ამ ქონებაზე საკუთრების უფლება, მას გამოაქვს გადაწყვეტილება მოძრავი ქონების უპატრონოდ ცნობისა და მისი იმ პირის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რომელიც დაეუფლა ამ ქონებას.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 330-334ე, 284-ე, 285-ე, 414-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გამოქვეყნდეს საჯარო შეტყობინება (ცნობა), შემდეგი სახით:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მოსამართლე თამაზ ურთმელიძე) წარმოებაშია №2/15217-14 სამოქალაქო საქმე, გიორგი ქობულაძის განცხადებისა გამო, ავტომობილის უპატრონოდ ცნობისა და საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
1.2. განმცხადებელია _ გიორგი ქობულაძე, მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, თემქა, მე-9 კვარტალი, მე-2 სადარბაზო, ბინა 45.
1.3. ავტომობილი, რომლის ნიშნებია:
მარკა _ ფოლქსვაგენ გოლფ 1.6
ფერი _ ლურჯი მუქი 2/4
სანომრე ნიშანი _ NON330
საიდენტიფიკაციო ნომერი WVWZZZ19ZJW360156
ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა _ AE0014795 გაცემული 05/08/2000წ.
გამოშვების წელი 1988.
1.4. ავტომანქანის მეპატრონე , რომლის შესახებაც განცხადებულია, ვალდებულია პუბლიკაციის დღიდან 3 თვის ვადის გასვლამდე განჩინების გამომტან სასამართლოში შეიტანოს განცხადება ავტომანქანაზე თავისი უფლების შესახებ და ამასთან ერთად წარადგინოს საბუთის დედანიც.
2. თუ სასამართლოში შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, მაშინ სასამართლო თავისი განჩინებით განუხილველად ტოვებს განცხადებას ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ და წინადადებით მიმართავს განმცხადებელს, აღძრას აღიარებითი სარჩელი იმ პირის მიმართ, რომელმაც განაცხადა თავისი უფლება ქონებაზე. თუ დანიშნული ვადის გასვლამდე სასამართლოში არ შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, სასამართლო განიხილავს საქმეს და გამოჰკითხავს იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ ცნობების მიწოდება ქონების კუთვნილების შესახებ, აგრეთვე გამოითხოვს ცნობებს შესაბამისი ორგანოებიდან.
3. საქმეს მოძრავი ნივთის უპატრონოდ აღიარებისა და საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლო განიხილავს პუბლიკაციის დღიდან 3 თვის ვადის გასვლის შემდეგ, თუ ავტომობილის მფლობელისაგან არ შემოვიდა 330-ე მუხლში მითითებული განცხადება.
4. საჯარო შეტყობინება (ცნობა) გამოქვეყნდეს ადგილობრივ გაზეთ ში.
5. განჩინება კერძო საჩივრით არ საჩივრდება.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძე