საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2542
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.002.122
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 1, 04/01/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32(39), 1999 წელი, მუხ. 166) დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 მუხლი:

     „მუხლი 371. საჯარო დაწესებულებისათვის პერსონალური მონაცემებისა და კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია სათანადო წერილობითი თხოვნის საფუძველზე სხვა საჯარო დაწესებულებაზე ცნობის სახით გასცეს მასთან დაცული პერსონალური მონაცემები ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საჯარო დაწესებულებისათვის საკითხის გადასაწყვეტად, თუ იგი წარუდგენს იმ პირის წერილობით თანხმობას, რომლის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს შესაბამისი ინფორმაცია.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული წერილობითი თანხმობა გაცემულად ითვლება, თუ პირი განცხადებაში ან სხვა რაიმე წერილობით დოკუმენტში გამოხატავს თანხმობას, რომ საჯარო დაწესებულებამ, რომლისგანაც იგი ითხოვს საკითხის გადაწყვეტას, თავად გამოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემები ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია შესაბამისი საჯარო დაწესებულებისაგან.

3. სხვისი პერსონალური მონაცემების ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის გამცემი და მომთხოვნი ორგანოები ვალდებული არიან დაიცვან აღნიშნული მონაცემების ან ინფორმაციის საიდუმლოება.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი.

თბილისი,

2005 წლის 27 დეკემბერი.

№2542რს