„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №3-12 დადგენილებაში ცლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3-13 |
|
2015 წლის 17 თებერვალი ქ. თბილისი |
ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ) აკონტროლებს საკრებულოს სამართლებრივი აქტების შესრულებას და მათი დანერგვის სისწორეს. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;
გ) აკონტროლებს მისაღები შემოსავლების (ადგილობრივ მოსაკრებლების, ქონების გასხვისებიდან შემოსავლების და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემოსავლების) დროულობას და აღრიცხვას, გადასახდელების კანონიერებას და ქალაქ თბილისის ბიუჯეტთან მათ შესაბამისობას;
დ) კომისიის სხდომაზე ისმენს დასკვნებს, მოხსენებებს გაწეული სამუშაოების შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებებს;
ე) მონიტორინგს უწევს და აკონტროლებს ქალაქ თბილისის რაიონების ბიუჯეტების ხარჯვის, მატერიალური და ფულადი რესურსების გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობასა და ეფექტიანობას;
ვ) განიხილავს საკითხს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოთა საფინანსო საქმიანობის რევიზია-აუდიტის და ქალაქ თბილისის მერიის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ ქალაქის ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერების შემოწმების თაობაზე;
ზ) მონიტორინგს უწევს და აკონტროლებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენების ეფექტურობასა და მიზანშეწონილობას;
თ) მონიტორინგს უწევს და აკონტროლებს ქალაქ თბილისის მერის, ქალაქ თბილისის მთავრობის, სხვა თანამდებობის პირების და მუნიციპალური საწარმოების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას;
ი) სწავლობს და აანალიზებს საბიუჯეტო პროცესში გამოვლენილ დარღვევებს, დადგენილი საბიუჯეტო მაჩვენებლებისაგან გადახრებს და შემდგომი რეაგირებისთვის ამზადებს დასკვნებს;
კ) შეისწავლის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოების მოსამსახურეების მიერ კანონიერების დაცვის საკითხებს;
ლ) იღებს დასკვნებს, რეკომენდაციებს, წინადადებებს და საჭიროების შემთხვევაში წარუდგენს საკრებულოს განსახილველად;
მ) განიხილავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს და ამზადებს შესაბამის დასკვნას;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს“.
ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5
1. კომისიის მიერ დამტკიცებულ სამუშაო გეგმას კომისია აღასრულებს სამდივნოს მეშვეობით.
2. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ჩატარდეს სამუშაო გეგმით გაუთვალისწინებელი რევიზია-აუდიტი, კომისიის ან/და კომისიის თავმჯდომარის დავალებით. სამუშაო გეგმით გაუთვალისწინებელ რევიზია-აუდიტს კომისია აღასრულებს სამდივნოს მეშვეობით;
3. რევიზორი (სამდივნოს თანამშრომელი) შესამოწმებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელს წარუდგენს:
ა) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტსა და შესაბამის სამსახურებრივ მოწმობას;
ბ) კომისიის მიერ დამტკიცებულ სამუშაო გეგმას ან კომისიის ან/და კომისიის თავმჯდომარის დავალებას და შემოწმების პროგრამას.
4. შესამოწმებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შემოწმების პერიოდში რევიზორს უნდა შეუქმნას სათანადო სამუშაო პირობები, გააცნოს საჭირო დოკუმენტაცია და მისცეს ახსნა-განმარტება მოთხოვნისამებრ.
5. შემოწმების პერიოდი განისაზღვრება შესამოწმებელი საკითხის სირთულით, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს. შემოწმების ვადის 2 კვირით გაგრძელების უფლებას იძლევა სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რევიზორის (ან რევიზორების) მიერ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენის შემდეგ.
6. შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით რევიზორი ადგენს დასკვნას, რასაც თან დაურთავს საჭირო და აუცილებელ მასალებს, აღნიშნულს ეცნობა და ხელს აწერს შესამოწმებელი დაწესებულების ხელმძღვანელი. თუ შესამოწმებელი დაწესებულების ხელმძღვანელი არ ეთანხმება დასკვნის შინაარსს, რევიზორი დასკვნაში ამის თაობაზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
7. სარევიზიო კომისია, განიხილავს შემოწმების შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში ამზადებს დასკვნას/რეკომენდაციას საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად“.
გ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
1. კომისიის სხდომაზე განიხილება კომისიაში შემუშავებული და შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტები, ინფორმაციები, მოქალაქეთა განცხადებები, მთავრობის წევრთა და თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები და სხვა საკითხები.
2. კომისია იღებს გადაწყვეტილებას რეკომენდაციის, დასკვნის, წინადადების სახით.
3. კომისიის გადაწყვეტილებები წარედგინება საკრებულოს სხდომას და/ან იგზავნება დანიშნულებისამებრ.
4. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის ან/და კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით ვალდებულნი არიან წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.
5. საკრებულოს მიერ არჩეული და მისი თანხმობით დანიშნული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში“.
დ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
ბ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
გ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
დ) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს;
ე) მოქმედებს კომისიის სახელით;
ვ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე;
ზ) განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში არსებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესახებ და ახდენს სათანადო რეაგირებას;
თ) კომისიის მიერ საკითხის უკეთ შესასწავლად დასკვნის (აქტის) წინასწარი განხილვის პროცესში უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი თანამდებობის პირი, რომლის მოსაზრებები და განმარტებები დაერთვება შესამაბის რევიზიის დასკვნას (აქტს), კომისიის სხდომაზე განსახილველად;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
ე) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11
1. კომისიის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება კომისიის სამდივნო, რომელიც წარმოადგენს კომისიისადმი დაქვემდებარებულ საკრებულოს აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს.
2. კომისიის სამდივნო:
ა) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომების მომზადებას, მიღებული გადაწყვეტილებებისა და სხდომათა ოქმების გაფორმებას;
ბ) ახორციელებს საკონსულტაციო-ანალიტიკურ, სარევიზიო-აუდიტურ, მონიტორინგულ ფუნქციებს, ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას;
გ) მუშაობს კომისიის დებულებით განსაზღვრულ საკითხებზე, ასრულებს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის დავალებებს;
დ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აპარატის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. კომისიის სამდივნოს შემადგენლობაში შედიან კომისიის სამდივნოს უფროსი, საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოსამსახურეები, ასევე შტატგარეშე მოსამსახურეები;
4. კომისიის სამდივნოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოსამსახურეების დანიშვნის მიმართ გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
5. კომისიის სამდივნოს შტატგარეშე მოსამსახურეების მიმართ გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 35-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი.“
|