არასახიფათო მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობის/მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№217
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018660
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №217

2015 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

არასახიფათო მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობის/მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის შესაბამისად, არასახიფათო მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობის/მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების შემუშავებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებისათვის, აგრეთვე, ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განხილვის მიზნით, შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

დავით შავლიაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის თავჯდომარე;

გიორგი კობერიძე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავჯდომარის მოადგილე;

დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

ალექსანდრე ტაბატაძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

თეიმურაზ მურღულია - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

იური ნოზაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

თამარ ჯანელიძე - ეკონომიკური საბჭოს აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

გიორგი შუხოშვილი - შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი, კომისიის წევრი;

 ანდრია დვალი - შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორის მოადგილე, კომისიის წევრი;

ლევან ინაშვილი - შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის მდივანი.

 

 2. დამტკიცდეს ამ განკარგულების პირველი პუნქტით შექმნილი კომისიის თანდართული დებულება.

 3. კომისიამ არასახიფათო მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობის/მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების შემუშავება და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება უზრუნველყოს არა უგვიანეს 2016 წლის 1 იანვრისა.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი


 

არასახიფათო მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობის/მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების შემუშავებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებისათვის, აგრეთვე, ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განხილვის მიზნით, შექმნილი სამთავრობო კომისიის დებულება

 

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. არასახიფათო მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობის/მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების შემუშავებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებისათვის, აგრეთვე, ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განხილვის მიზნით, შექმნილი სამთავრობო კომისია (შემდგომში - კომისია) თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.

2. კომისიის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

    მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები

1. კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) არასახიფათო მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობის/მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების შემუშავება;

ბ) არასახიფათო მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობის/მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების შემუშავების შემდგომ, შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა;

გ) არასახიფათო მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობის/მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობებთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენისა და მიღების შემდეგ, ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განხილვა და წარდგენილ განაცხადთა შეფასების შედეგად საუკეთესო კანდიდატის გამოვლენა.

 2. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, შესაბამის ინფორმაციასთან ერთად, დადგენილი წესით, წარედგინება საქართველოს მთავრობას მოსაწონებლად.

    მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილება

განსაზღვრული ძირითადი ამოცანების განსახორციელებლად, კომისია უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებიდან გამოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები;

ბ) დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით შექმნას სამუშაო ჯგუფები და განსაზღვროს მათი შემადგენლობა, მოიწვიოს ექსპერტები და სხვა პირები სათანადო რეკომენდაციების მიღების მიზნით;

გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

 

    მუხლი 4. კომისიის სტრუქტურა

1. კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) განსაზღვრავს კომისიის სხდომის დღის წესრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.

2. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას კომისიის თავმჯდომარის არყოფნისას, ხოლო, მისი არყოფნის შემთხვევაში - კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი.

3. კომისიის მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას;

ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომის მასალების შენახვისა და დაცვისათვის.

    მუხლი 5. კომისიის საქმიანობის წესი

1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრის წერილობითი თხოვნის საფუძველზე.

2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრის წესით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.

4. კომისიის გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები და კომისიის მდივანი. კომისიის სხდომის ოქმში უნდა აისახოს კომისიის ნებისმიერი წევრის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობაზე თავშეკავების, უარის თქმის მიზეზი ან სხდომაზე გამოთქმული ნებისმიერი განსხვავებული აზრი.

5. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში. ამასთან, კომისიის წევრები და კომისიის შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული პირები კომისიის მუშაობაში უნდა მონაწილეობდნენ პირადად.       

    მუხლი 6. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ან/და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემული შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“.