1. მსჯავრდებულს უფლება აქვს:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს:

ა.ა) სპეციალური საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომის უფლებით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით;

ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით;

ა.გ) პაემნითა (ხანმოკლე, ხანგრძლივი, ვიდეოპაემანი) და სატელეფონო საუბრით;

ა.დ ) დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ) შეხვედრით;

ა.ე) ამანათის, ფოსტისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნით;

ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ა.ზ) ზოგადი და პროფესიული განათლებით;

ა.თ) სპორტულ, კულტურულ და სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მონაწილეობის უფლებით;

ბ) დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და ისარგებლოს რელიგიური ლიტერატურითა და საკულტო საგნებით.

გ) მიიღოს ინფორმაცია პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით;

დ) ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას და ადმინისტრაციის კონტროლით იქონიოს ამისათვის საჭირო ინვენტარი;

ე) შეიტანოს განცხადება, მოთხოვნა და საჩივარი;

ვ) უზრუნველყოფილი იყოს მსჯავრდებულთა მხრიდან არადისკრიმინაციული მოპყრობით;

ზ) დაცული იყოს მსჯავრდებულების მხრიდან ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან;

თ) პირადი უსაფრთხოების დასაცავად ადმინისტრაციისაგან შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით;

ი) შეინახოს და გამოიყენოს დებულების დანართი №2, №3 და №4-ით გათვალისწინებული ნივთები და ნივთიერებები;

კ) მისთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია უფლება-მოვალეობების შესახებ;

ლ) ისარგებლოს დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით;

მ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს დაწესებულებაж

ნ) ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა  სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლებით (გასეირნების უფლებით);

ო) საქართველოს სახელმწიფო ენის არცოდნის შემთხვევაში, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;

პ) ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

2. მსჯავრდებულის უფლებები უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის დაცვით და სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.

3. მსჯავრდებული ვალდებულია:

ა) დაიცვას ამ დებულებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, დღის განრიგი  და ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნები;

ბ) გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს დაწესებულების ან სხვა პირის ქონება;

გ) თავაზიანად მოეპყროს სხვა მსჯავრდებულებს და დაწესებულების მოსამსახურეებს;

დ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი, სპეციალური საცხოვრებელი  და სამუშაო ადგილი;

ე) შეინახოს საკვები პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები ამისათვის გამოყოფილ ადგილებსა და სათავსოებში.

4. მსჯავრდებულს ეკრძალება:

ა) მოახდინოს ფიზიკური ზემოქმედება მსჯავრდებულზე ან სხვა პირზე, შეუქმნას საფრთხე მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

ბ) შექმნას კონფლიქტური სიტუაცია;

გ) სიტყვიერად შეურაცხყოს ან სხვაგვარად შელახოს დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის ღირსება;

დ) რაიმე სახით ხელი შეუშალოს დაწესებულებაში არსებული დაცვის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მუშაობას;

ე) შეიძინოს, დაამზადოს, შეინახოს ან/და გამოიყენოს აკრძალული ნივთები;

ვ) მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით ითამაშოს, გაყიდოს ან სხვაგვარად გაასხვისოს საკვები პროდუქტები, პირად სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული ნივთები ან ნივთიერებები;

ზ) დაარღვიოს ობიექტების დაცვის ხაზი ან დაწესებულების ტერიტორიის საზღვრები;

თ) ავიდეს შენობის სახურავზე, მიუახლოვდეს შიდა აკრძალული ზონის ზღვარს;

ი) დაარღვიოს დაწესებულებაში გადაადგილების წესები;

კ) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე გავიდეს საცხოვრებელი ან/და საწარმოო ტერიტორიის იზოლირებული მონაკვეთებიდან;

ლ) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე დატოვოს სამუშაო ადგილი, ღამის საათებში სპეციალური საცხოვრებელი, მასობრივი ღონისძიებების ჩატარების ადგილი.

მ) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე იმყოფებოდეს იმ საცხოვრებელში, სადაც იგი არ ცხოვრობს ან საწარმოო ობიექტზე, სადაც იგი არ მუშაობს;

ნ) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე შეიცვალოს საძინებელი ადგილი;

ო) თვითნებურად მოაწყოს საძინებელი ადგილი დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და სხვა ნაგებობებში;

პ) სხვადასხვა ობიექტებზე თვითნებურად მოაწყოს სხვადასხვა ნაგებობები, კარადები, სეიფები და სხვა ნაკეთობები;

ჟ) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე კედლებზე, ტუმბოებსა და საწოლებზე გამოფინოს ფოტოები, რეპროდუქციები, ბარათები,  გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ამონაჭრები;

რ) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე დაამზადოს რაიმე სახის ელექტრო ან მექანიკური მოწყობილობა;

ს) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე გამოიყენოს მოწყობილობები, ინსტრუმენტები, არასაწარმოო მიზნით გამოყენებადი მექანიზმები და მასალები;

ტ) მოამზადოს და გამოიყენოს საჭმელი ამისათვის გაუთვალისწინებელ ადგილებში;

უ) გამოიწვიოს ხმაური, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;

ფ) უკანონო ფორმით მიაწოდოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ერთი სპეციალური საცხოვრებელიდან  მეორეში ან დაწესებულების გარეთ;

ქ) განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რაც არღვევს დებულებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს ან/და დღის განრიგ