1. დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღება ხდება დღე-ღამის ნებისმიერ დროს. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებას ახორციელებს დაწესებულების სამედიცინო ნაწილის მიმღები განყოფილება, რომელიც ვალდებულია მოახდინოს მათი პირველადი შეფასება ჯანმრთელობის მდგომარეობისა და თანმხლები სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მოთავსებისათვის აუცილებელია:

ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ბრძანება;

ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე;

გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათი;

დ) იმ პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმის მოხსენებითი ბარათი, საიდანაც მოხდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში გადმოყვანა.

3. გადაუდებელ შემთხვევაში ბრალდებული/მსჯავრდებული დაწესებულებაში შესაძლებელია გადაყვანილი იქნას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარეშე. აღნიშნული დოკუმენტაცია დაწესებულებაში წარდგენილი უნდა იქნეს არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. ასეთ შემთხვევაში დგება შესაბამისი ოქმი.

4. შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ, ბრალდებული/მსჯავრდებული თავსდება შემოწმებისათვის გამოყოფილ სპეციალურ ოთახში, სადაც ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი კუთვნილი ნივთების საგულდაგულოდ შემოწმება ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. ის საკვები პროდუქტები, ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები და დოკუმენტები, რომელთა შენახვა, გამოყენება ეკრძალებათ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (დებულების დანართი №1) (შემდგომში – აკრძალული ნივთები), აგრეთვე რომლებიც არ არის გათვალისწინებული იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, საკვები პროდუქტების სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით, ამანათის სახით – ფოსტის მეშვეობით მიიღოს, მაღაზიაში შეიძინოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად (დებულების დანართი №2-№3), ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჩამოერთმევა დადგენილი წესით და შეინახება დაწესებულებაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნებართვით გადაეცემა პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებს, რის თაობაზეც დგება შესაბამისი აქტი და გაეცნობა ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელსაც იგი ადასტურებს ხელმოწერით.

5. გადაუდებელ შემთხვევაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში გადაყვანისას დაწესებულების მთავარი ექიმის გადაწყვეტილებით ბრალდებული/მსჯავრდებული დაუყოვნებლივ თავსდება დაწესებულების სამედიცინო ნაწილის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად.

6. იმ ნივთების ან/და ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელთა ქონა/გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.

7. ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი ნივთების შემოწმებას ორგანიზებას უწევს ოპერატიული მორიგე, ხოლო უშუალოდ ახორციელებენ სამორიგეო ცვლაში ამ მიზნით გამოყოფილი მოსამსახურეები. შემოწმება შეიძლება აგრეთვე განხორციელდეს სარეზერვო ჯგუფის  მოსამსახურეების მიერ.

8. თუ დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო შემოწმების შედეგად დაწესებულების ექიმის დასკვნით დაუდგინდება სასწრაფო ან გადაუდებელი ამბულატორიული/სტაციონარული სამედიცინო მომსახურების საჭიროება, დაუყოვნებლივ გაეწევა სამედიცინო მომსახურება დაწესებულების სამედიცინო ნაწილის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, ხოლო თუ აღნიშნულის უზრუნველყოფა შეუძლებელია დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, ბრალდებული/მსჯავრდებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გადამისამართდება შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე.

9. სამედიცინო შემოწმებისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანების/დაზიანებების აღმოჩენის შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალი აღნიშნული ფაქტის შესახებ შემოწმების დასრულებისთანავე ატყობინებს დაწესებულების დირექტორს, რომელიც ვალდებულია ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს  სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.

10. დაწესებულებაში ბრალდებულები/მსჯავრდებულები დიაგნოზის შესაბამისად თავსდებიან დაწესებულების სამედიცინო ნაწილის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გამოყოფილ პალატებში.

11. პალატაში მოთავსებისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მისთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე, სოციალური განყოფილების მოსამსახურის მიერ, ხოლო არასამუშაო საათებში დაწესებულებაში მიღებისას დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ წერილობით ეცნობება და ზეპირი ფორმით განემარტება დაწესებულებაში განთავსების პირობები, ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები და მისდამი დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესები, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესები, დისციპლინური და სხვა სახის მოთხოვნები, აგრეთვე ბრალდებული/მსჯავრდებული გაფრთხილდება დაწესებულების დებულების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის უფლება-მოვალეობათა გაცნობის თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული/მსჯავრდებული და დაწესებულების სოციალური  განყოფილების მოსამსახურე. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

12. ბრალდებული/მსჯავრდებული დაწესებულებაში მიიღებისას დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ინსპექტორის მიერ აღირიცხება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრშ