1. დებულების დაცვის მიზნით დასაშვებია ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება, აგრეთვე მისი მოთავსების ადგილისა და მისი ნივთების შემოწმება.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება, აგრეთვე მისი მოთავსების ადგილისა და მისი ნივთების შემოწმება ხდება საგულდაგულოდ იმ ნივთების, ნივთიერებების ან საკვები პროდუქტების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, რომელთა შენახვა და გამოყენება აკრძალულია, აგრეთვე რომლებიც არ ეკუთვნის ბრალდებულს/მსჯავრდებულს.
3. გამოყენებისათვის და შენახვისათვის აკრძალულს განეკუთვნება ის ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომლებიც:
ა) გათვალისწინებულია დებულების №1 დანართით;
ბ) წარმოადგენგენ საფრთხეს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის;
გ) შეიძლება გამოყენებულ იქნენ დანაშაულის ჩადენის იარაღად ან სასჯელის მოხდის მიზნის საწინააღმდეგოდ;
დ) არ არიან გათვალისწინებული დებულების №2 დანართის და №3 დანართის ჩამონათვალში;
ე) აჭარბებენ საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმელის, ტანსაცმელისა და სხვა სამრეწველო პროდუქტების დადგენილ ოდენობას.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება შეიძლება იყოს არასრული და სრული.
5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება ხორციელდება დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ. შემოწმების პროცესში დასაშვებია მხოლოდ იმავე სქესის პირთა მონაწილეობა. დაუშვებელია ამ პროცესს ესწრებოდეს სხვა სქესის პირი.
6. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი არასრული შემოწმება ტარდება:
ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტოდაქტილოსკოპთან, ექიმთან, გამომძიებელთან წარდგენამდე და წარდგენის შემდეგ;
ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავებთან ან სხვა პირებთან (მათ შორის რელიგიურ პირებთან) შეხვედრამდე და მის შემდეგ;
გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა პალატაში გადაყვანისას;
დ) სხვა შემთხვევებში დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.
7. არასრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმება და დათვალიერება, მისი გახდის გარეშე.
8. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება:
ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღებისას;
ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გაგზავნისას;
გ) სხვა შემთხვევებში, დაწესებულების დირექტორისა ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.
9. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული პირადი შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/ მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. სრული პირადი შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო მუშაკთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას შინაგან შემოწმებას ატარებს სამედიცინო მუშაკი.
10. სრული შემოწმებისას მოწმდება ფეხისა და ხელის თითებს შორის ადგილები, ტერფის გულები, ხელის მტევანი ორივე მხრიდან, კანის საფარი, ყურის ნიჟარები, იღლიები, პირის ღრუ, ცხვირის ნესტოები და სხვა ადგილები, ივარცხნება თმები თავზე. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი ექვემდებარება გულდასმით დათვალიერებას შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნეს დათვალიერებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის თამბაქოს ნაწარმი, მუშტუკი და სხვა საგნები.
11. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, პირადი შემოწმების შემდეგ დარჩება მხოლოდ ის ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომელთა გამოყენებისა და შენახვის უფლებაც დადგენილი ჩამონათვალის ფარგლებში გააჩნია. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დატოვებული პირადი ნივთები აღირიცხება სასაკნე ბარათში.
12. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით:
ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღებისას;
ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გაგზავნისას;
გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა პალატაში გადაყვანისას;
დ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება შეიძლება მოხდეს ბრალდებულის/ მსჯავრდებულის დასწრების გარეშე.
14. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის შემოწმება ტარდება დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.
15. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმების, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის ან ნივთების შემოწმების თაობაზე დგება ოქმი, რომელშიც აისახება ინფორმაცია ამოღებული ნივთების, ნივთიერებებისა და საკვები პროდუქტების თაობაზე, აგრეთვე აისახება ინფორმაცია თუ რა გარემოების საფუძველზე ხდება შემოწმება.
16. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული პირადი შემოწმების, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმების ერთდროული წარმოებისას დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და შემოწმების მწარმოებელი დაწესებულების მოსამსახურე/მოსამსახურეები. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში შენიშვნის სახით კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, შემოწმებაზე უარი და მისი ყველა პრეტენზია აისახება ოქმში. ოქმი დაერთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს. ბრალდებულის/ მსჯავრდებულის სრული პირადი შემოწმების, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის ან ნივთების შემოწმების თაობაზე კეთდება აღნიშვნა ბრალდებულის/ მსჯავრდებულის სასაკნე ბარათში, თარიღისა და შემოწმების ჩამტარებელი პირის/პირების ვინაობისა და თანამდებობის მითითებით.
17. შემოწმების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტექნიკური საშუალებები. რენტგენის აპარატურის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ტანსაცმლისა და ნივთიერების შემოწმებისას.
18. ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემოწმება არ შეიძლება განხორიცელდეს დამამცირებელი და ღირსების შემლახავი ფორმი