1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

2. კონკურსის ჩატარების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) საკონკურსოდ გამოტანილი სიხშირეები და მათი გამოყენების შესაბამისი გეოგრაფიული არეალი;

ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ტექნიკური და საოპერაციო პირობები საზიანო ხელშეშლის და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის თავიდან აცილებისათვის;

გ) საკონკურსოდ გამოტანილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური, რომელსაც კომისია ადგენს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე;

დ) დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც უნდა დაერთოს საკონკურსო განცხადებას;

ე) მოსამზადებელი სხდომის, ზეპირი მოსმენისა და კონკურსის ჩატარების თარიღები;

ვ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის პირობები;

ზ) საკონკურსო განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შეფასების კრიტერიუმები და შესაბამისი ინდიკატორები;

თ) კონკურსანტის დისკვალიფიკაციის საფუძვლები;

ი) სხვა მონაცემები – კომისიის გადაწყვეტილებით.

3. კომისია უზრუნველყოფს კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას და მისი გამოქვეყნებიდან 1 თვის განმავლობაში საკონკურსო განცხადებების მიღებას.

4. ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს საკონკურსო განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;

გ) კომისიის გადაწყვეტილებით, თუ კონკურსი გამოცხადებულია ერთზე მეტი ლიცენზიის მოსაპოვებლად, − შესაბამისი ლიცენზია/ლიცენზიები.

5. კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება:

ა) ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს და სხვა საჯარო მოხელეს;

ბ) პოლიტიკურ პარტიას;

გ) იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს სახელმწიფო ან ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი.

6. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა, ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ოდენობაზე – საბანკო გარანტია;

ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ფიზიკური პირის შემთხვევაში – შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი;

გ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველყოფის ტექნიკური წინადადება, რომელშიც მითითებულია პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა;

დ) ტელემაუწყებლებისათვის შეთავაზებული სატარიფო პირობები;

ე) საკონკურსოდ გამოტანილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყის საფასურზე მეტის გადახდის შემოთავაზების შემთხვევაში – შესაბამისი შემოთავაზება;

ვ) სხვა დოკუმენტაცია – კომისიის გადაწყვეტილებით.

7. საკონკურსო განცხადებების მიღების დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კომისია ატარებს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც განიხილება საკონკურსო განცხადებები და ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით იხსნება აღნიშნულ განცხადებებზე თანდართული დალუქული დოკუმენტაცია. ლიცენზიის მაძიებლების მიერ დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია მათ განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. იკრძალება კომისიისთვის საკონკურსო განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის საფოსტო გზავნილის სახით მიწოდება.

8. საკონკურსო განცხადებები და მათზე თანდართული დოკუმენტაცია მომდევნო 20 დღის ვადაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯარო გაცნობისათვის.

9. საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ კომისია ატარებს ზეპირ მოსმენას.

10. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მაძიებელი კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ ან არ უზრუნველყოფს დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას ან თუ ის დოკუმენტაციას არასრულყოფილად წარმოადგენს, კომისია იღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო კონკურსანტის დისკვალიფიკაციის საფუძვლების დადგენის შემთხვევაში – მისი დისკვალიფიკაციის შესახებ.

11. კომისია კონკურსს ატარებს საჯარო სხდომაზე.

12. კონკურსის ჩატარებისას კომისია ხელმძღვანელობს ობიექტურობის, გამჭვირვალობის, საჯაროობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებით.

13. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ, რომელიც დეტალურად დასაბუთებული უნდა იყოს. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ან/და ინტერნეტით.

14. კონკურსში გამარჯვებულზე ლიცენზია გაიცემა კონკურსში გამარჯვებულის მიერ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის გადახდიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. საკონკურსოდ გამოტანილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყის საფასურზე მეტის გადახდის შემოთავაზების შემთხვევაში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყის საფასურზე მეტი გადაიხდება ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის განმავლობაში, კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.

15. თუ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებების ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის თანახმად მიღების მიზნით კონკურსში გამარჯვებული უფლებამოსილია წარუდგინოს კომისიას ამ ნებართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებისგან სათანადო ნებართვის მიღებას. ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და უგზავნის მათ კონკურსში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ მომდევნო 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებებიდან მიღებული იქნება ნებართვის გაცემაზე უარი, მასში დასაბუთებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობა და მითითებული უნდა იყოს ამგვარი შეუსაბამობის გამოსწორების გზები. კონკურსში გამარჯვებულს ეძლევა დამატებითი ვადა აღნიშნული შეუსაბამობის გამოსწორებისათვის.

16. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა.

17. ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობის და ამ რესურსის გამოყენებით განხორციელებული პრაქტიკული საქმიანობის შეწყვეტა დასაშვებია კომისიისთვის წინასწარ, 6 თვით ადრე შეტყობინების პირობით.

18. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელმა პრაქტიკული საქმიანობის დაწყების მიზნით უნდა უზრუნველყოს:

ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტების მონტაჟი, საოპერაციო მართვა და ექსპლუატაცია ლიცენზიით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში;

ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით, შესაბამისი ავტორიზაციის საფუძველზე, სატელევიზიო სიგნალის გავრცელება და ამ გზით ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება;

გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ტელემაუწყებლების დაშვება.

საქართველოს 201
4
წლის
20
თებერვლის კანონი №2039

- ვებგვერდი, 27.02.2014